მარია ანა მოცარტი ბავშვობაში ევროპას აოცებდა. იგი ძმაზე, ვოლფგანგზე, ოთხი წლით უფროსი იყო და იმ ასაკში, როდესაც სხვა ბავშვები მუსიკის პირველ გაკვეთილებს გადიოდნენ, ნანერლი უკვე სამეფო კარზე უკრავდა. მისი მამა, ლეოპოლდ მოცარტი, ორივე შვილს მუსიკალურ ვუნდეკრინდებად წარმოაჩენდა. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა...
ვოლფგანგი დარჩა სცენაზე.ნანერლი კი სცენიდან გაქრა.მისი მუსიკალური კარიერა დასრულდა, მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი დაიკარგა და ისტორიისთვის დარჩა ძირითადად ერთი სახელით — „მოცარტის და“.
სინამდვილეში კი ის თავად იყო ვუნდერკინდი.და შესაძლოა, დღეს ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ ვიცით, რამდენად დიდი მუსიკოსი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ ის გოგონა იყო მე-18 საუკუნის ევროპაში, როცა ქალების ნიჭს და შესაძლებლობებს არაფრად მიიჩნევდნენ და მათთვის მხოლოდ დიასახლისურ მომავალს ხედავდნენ... ამიტომ შეკითხვას, რომელსაც ბოლო წლებში ხშირად სვამენ - რატომ არ ვიცნობთ ბევრ ცნობილ ქალ კომპოზიტორს, ლოგიკური ახსნა აქვს - ისინი ალბათ იყვნენ, მაგრამ არ მიეცათ შესაძლებლობა განვითარების და ჩაიკარგნენ, ისევე, როგორც დიდებული ნანერლი მოცარტი...
მარია ანა მოცარტი 1751 წელს, ზალცბურგში დაიბადა.ოჯახში მას სიყვარულით ნანერლის ეძახდნენ.ოთხი წლის შემდეგ დაიბადა მისი უმცროსი ძმა — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.
მამა, ლეოპოლდი, პროფესიონალი მუსიკოსი და პედაგოგი იყო. მან შვილების მუსიკალური ნიჭი ძალიან ადრეულ ასაკში აღმოაჩინა.
თავდაპირველად მუსიკალური განათლება განსაკუთრებით ნანერლზე იყო კონცენტრირებული.იგი კლავესინზე უკრავდა და ძალიან სწრაფად მიაღწია ისეთ დონეს, რომ ჩვეულებრივი ბავშვის სტატუსი აღარ შეეფერებოდა.შემდეგ ვოლფგანგმაც დაიწყო დაკვრა.
და სწორედ აქ იწყება ისტორია, რომელიც დღეს თითქოს კარგად ვიცით — პატარა მოცარტი, მუსიკალური გენიოსი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში კომპოზიციებს ქმნიდა.მაგრამ ისტორიის მეორე ნახევარი ხშირად გვავიწყდება.მის გვერდით იდგა უფროსი და, რომელიც თავადაც საოცარი მუსიკოსი იყო.
ლეოპოლდმა მალე გააცნობიერა, რომ ორი განსაკუთრებული შვილი ჰყავდა. მათ დაიწყეს ევროპაში მოგზაურობა.
ბავშვები გამოდიოდნენ არისტოკრატებისა და სამეფო კარის წინაშე. მათი წარმოდგენები ერთდროულად მუსიკალური კონცერტიც იყო და საოცრების სანახაობაც — ბავშვები, რომლებიც რთულ მუსიკას პროფესიონალების დონეზე ასრულებდნენ.ნანერლი განსაკუთრებით გამოირჩეოდა კლავიშებზე დაკვრით.ზოგიერთ თანამედროვე ცნობაში მას უმაღლესი დონის შემსრულებლად აღწერენ.
ეს არ იყო უბრალოდ ოჯახური პიარი.ნანერლის რეალური მუსიკალური ნიჭი ჰქონდა.და საინტერესოა ისიც, რომ მისი ძმის პირველი წარმატებების ისტორიაში ნანერლიც მუდმივად იყო. ისინი ერთად უკრავდნენ,ერთად მოგზაურობდნენ,ერთად სწავლობდნენ,ერთად იზრდებოდნენ. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ოთხი წელი იყო.
1764 წელს ოჯახი ლონდონში იმყოფებოდა.ლეოპოლდი ავად გახდა და ბავშვებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუსიკალური საქმიანობა აუკრძალა.ვოლფგანგი მაინც აგრძელებდა მუშაობას.ნანერლიც მის გვერდით იყო.
ვოლფგანგმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თავისი პირველი სიმფონიის, K.16-ის, შექმნა. არსებობს ისტორიული წყაროები, რომლებიც მიუთითებს, რომ ნანერლი მონაწილეობდა ამ პროცესში — ვოლფგანგის მუსიკალური იდეების ჩაწერაში. ის მის მიერ ნაკარნახევს ქაღალდზე წერდა. რამდენად იყო იგი მხოლოდ გადამწერი და რამდენად მონაწილეობდა მუსიკალურ იდეებში, ზუსტად არ ვიცით.ეს ერთი შეხედვით პატარა ეპიზოდია.მაგრამ ის ძალიან ბევრს გვეუბნება.
ნანერლი არ იყო უბრალოდ ბავშვის მომვლელი ან ვოლფგანგის უფროსი და.იგი თავად იყო მუსიკოსი, რომელსაც შეეძლო გაეგო, ჩაეწერა და დახმარებოდა ძმას კომპოზიცირებაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვობის წლები დასრულდა.ბავშვობაში გოგოსა და ბიჭის განსხვავება ნაწილობრივ შეიძლება გადაფარულიყო მათი „სასწაულებრივი ნიჭით“.მაგრამ ზრდასრულობის მოახლოებასთან ერთად, საზოგადოების წესები ძალაში შევიდა.
ნანერლი ქალი იყო, ვოლფგანგი — კაცი.და მე-18 საუკუნის ევროპაში ეს ორი ფაქტი პროფესიულ მომავალს რადიკალურად განსხვავებულად განსაზღვრავდა.
დაახლოებით 1769 წელს, ნანერლი უკვე 18 წლის იყო.ლეოპოლდმა ამ დროისთვის ვოლფგანგთან ერთად იტალიაში მოგზაურობა დაიწყო.
ნანერლი კი ზალცბურგში დარჩა.ეს იყო გარდამტეხი მომენტი.ვოლფგანგი აგრძელებდა მოგზაურობას, კონცერტებს, კომპოზიციას, ახალ ნაცნობებსა და პროფესიულ განვითარებას.ნანერლის საერთაშორისო საკონცერტო კარიერა კი ფაქტობრივად დასრულდა.
ბევრი ამბობს, რომ ნანერლის ნიჭი მამამ ჩაკლა, როდესაც ის გააქრო სცენიდან და ვოლფგანგზე გააკეთა აქცენტი. ასეა თუ ისე, როდესაც შვილებს პროფესიული მომავლის არჩევა მოუწიათ, მამამ ვაჟის მუსიკალური კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა, ქალიშვილის კი — არა.
ეს გადაწყვეტილება იმდროინდელ საზოგადოებაში უჩვეულო სულაც არ იყო.ქალისგან ელოდნენ, რომ გათხოვდებოდა, ოჯახს მიხედავდა და მუსიკას თუ გააგრძელებდა, უფრო პირად ან საგანმანათლებლო საქმიანობად გამოიყენებდა.ვოლფგანგი კი პროფესიონალ მუსიკოსად უნდა ქცეულიყო - ეს ბუნებრივი იყო.
ეს კითხვა დღემდე არ ბევრს აწუხებს.და პასუხი არ არის.ზოგჯერ ინტერნეტში შეხვდებით მტკიცებას:„ნანერლი ვოლფგანგზე ნიჭიერი იყო.“
ამის დამტკიცება შეუძლებელია. მაგრამ საპირისპიროს დამტკიცებაც შეუძლებელია.
ჩვენ ვიცით, რომ იგი შესანიშნავი შემსრულებელი იყო. ვიცით, რომ ბავშვობაში ძმასთან ერთად ევროპულ სცენებზე გამოდიოდა. ვიცით, რომ მუსიკას ქმნიდა, ვოლფგანგი მის კომპოზიციურ მცდელობებს სერიოზულად ეკიდებოდა - ნანერლიც წერდა მუსიკას. ვოლფგანგი მის ერთ-ერთ ნამუშევარს წერილში აქებდა და ეუბნებოდა, რომ სიმღერა ძალიან კარგად გამოუვიდა. სამწუხაროდ, მისი კომპოზიციების უმეტესობა დღეს აღარ არსებობს.ამიტომ ვერ შევადარებთ მათ როგორც კომპოზიტორებს. თითქოს ისტორიისგან ერთ-ერთი საკონკურსო ნამუშევარი წაშალეს და მერე გვითხრეს: „ნახე, მეორე ნაკლებად ნიჭიერი ყოფილა“.მაგრამ მისი ნაწარმოებების უმეტესობა აღარ არსებობს.
ვოლფგანგის ნიჭის შეფასება შეგვიძლია მისი ათასობით შემორჩენილი ნოტით. ნანერლის ნიჭის შეფასება კი იმით გვიწევს, რაც სხვებმა მის შესახებ დაწერეს.
ნანერლის რამდენიმე კომპოზიციური მცდელობის შესახებ ცნობები არსებობს.ვოლფგანგის წერილებიდან ჩანს, რომ იგი თავის დას მუსიკალური ნაწარმოებების შექმნასაც უწონებდა.მაგრამ ნანერლის კომპოზიციების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ შემორჩენილა.ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს მოვისმენთ იმ მუსიკის დიდ ნაწილს, რომელიც მან შექმნა.
ქალი, რომელიც ბავშვობაში იმდენად ცნობილი მუსიკოსი იყო, რომ ევროპის ელიტის წინაშე გამოდიოდა, ზრდასრულ ასაკში ისტორიისთვის თითქმის უხილავი გახდა.მისი ძმა კი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად შევიდა.
1784 წელს მარია ანა იოჰან ბაპტისტ ფონ ბერხტოლდ ცუ ზონენბურგზე დაქორწინდა. კაცი ქვრივი იყო და უკვე ჰყავდა შვილები.ნანერლმა საკუთარი ოჯახური ცხოვრება დაიწყო - სამი შვილი შეეძინა.
მუსიკა მისი ცხოვრებიდან მთლიანად არ გამქრალა — იგი კვლავ ასწავლიდა ფორტეპიანოს, თუმცა აღარ იყო ის გოგონა, რომელიც ევროპის სამეფო კარზე გამოდიოდა და ოვაციების ზღვას იღებდა...
1791 წელს ვოლფგანგ მოცარტი გარდაიცვალა.მისმა დამ მასზე 40 წლით მეტხანს იცოცხლა და არა უბრალოდ იცოცხლა, ის გახდა მოცარტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე. მან ვოლფგანგის ბავშვობა იცოდა, ოჯახური ცხოვრების დეტალები, მოგზაურობები, მამასთან ურთიერთობა, როგორი იყო ვოლფგანგი მანამდე, სანამ მსოფლიო მას გენიოსად გაიცნობდა. და დაწერა მოგონებები, რომლებიცმოგვიანებით გენიალური კომპოზიტორის ბიოგრაფებისთვის მნიშვნელოვანი წყარო გახდა.
ქალი, რომლის მუსიკალური ისტორია თითქმის დაიკარგა, საბოლოოდ მოცარტის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ შემნახველად იქცა.