ჩვეულებრივი ადამიანის მეფის ნათესავად აღმოჩენის ისტორიები თითქოს ფილმების ან დისნეის ზღაპრების სიუჟეტებია. თუმცა, ბელგიაში მსგავსი ამბავი რეალურად განვითარდა: 26 წლის კლემან ვანდენკერკჰოვე, რომელმაც ამ დრომდე ავტოსალონში მუშაობდა, გრაფიკული დიზაინის სწავლა და რესტორნის სამზარეულოში დასაქმება მოასწრო, ბელგიის პრინც ლორანის ვაჟი აღმოჩნდა - წერს The New York Times. საინტერესოა, როგორ განვითარდა ეს უჩვეულო ისტორია…
კლემანი 2000 წლის 16 აგვისტოს ბელგიელი მოდელის, მომღერლისა და მსახიობის, ვენდი ვან ვანტენის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია ირის ვანდენკერკჰოვე. ბავშვის დაბადებისთანავე მის სავარაუდო მამად პრინც ლორანს ასახელებდნენ - ყოფილი მეფის, ალბერტ II-ის უმცროს ვაჟსა და მოქმედი მონარქის, ფილიპეს უმცროს ძმას. წყვილმა ერთმანეთი პარიზში გაიცნო და, ბელგიური მედიის ცნობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობდნენ.
ლორანს შვილი საჯაროდ არასდროს უღიარებია. ბავშვის დაბადების დროს ის დაქორწინებული არ ყოფილა. სამი წლის შემდეგ კი ბიზნესმენის ქალიშვილ კლერ კუმბსზე იქორწინა. ქორწინების შემდეგ კლერმა ბელგიის პრინცესის ტიტული მიიღო. დღეს წყვილს სამი შვილი ჰყავს.
კლემანს დედა, ვენდი, დამოუკიდებლად ზრდიდა. ამიტომ მომავალი პრინცი ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა და შემდეგ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. სამეფო ოჯახთან დაკავშირებული ცხოვრება მის ყოველდღიურობაში არ ჩანდა: ზრდასრულ ასაკში ის ჯერ ავტოსალონში მუშაობდა, მოგვიანებით კი რესტორნის სამზარეულოში დასაქმდა.
თუმცა საკუთარი წარმომავლობის შესახებ კლემანმა 16 წლის ასაკში შეიტყო. დედამ მას სიმართლე უთხრა და პრინც ლორანის ტელეფონის ნომერიც მისცა, რათა სურვილის შემთხვევაში, მას დაკავშირებოდა. ახალგაზრდა კაცმა ეს ნაბიჯი მაშინვე ვერ გადადგა და მამას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაურეკა.
თავდაპირველად ზარს პასუხი არ მოჰყოლია. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ პრინცმა თავად დარეკა. კლემანისთვის ყველაზე გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ ლორანმა ზუსტად იცოდა, ვინ იმყოფებოდა ტელეფონის მეორე მხარეს. მან პირდაპირ ჰკითხა: "როგორ ხარ, კლემან?"
ამის შემდეგ მამობის დადგენის პროცესი დაიწყო. ლორანმა დაიჟინა, რომ კლემანს დნმ-ის ტესტი უნდა ჩაებარებინა. თუმცა, ახალგაზრდა კაცს სანერვიულო არაფერი ჰქონდა - გენეტიკურმა ექსპერტიზამ მათი ნათესაობა სრულად დაადასტურა.
ამის შემდეგ მამა-შვილის ურთიერთობა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მათი კავშირი საჯარო არასდროს გამხდარა.
ვითარება 2025 წელს შეიცვალა, როდესაც ლორანისა და ვენდი ვან ვანტენის ურთიერთობის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. ამის შემდეგ პრინცს საჯაროდ უნდა ეღიარებინა ის, რასაც წლების განმავლობაში არ ადასტურებდა - მას ქორწინების გარეშე ვაჟი ჰყავდა.
აღიარებამ მამა-შვილის ურთიერთობაზე გავლენა არ მოახდინა. პირიქით, კლემანმა მამის დღეს ლორანთან და თავის მამობილ ფრანს ვანკოპენოლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფრანსი კლემანს ექვსი წლის ასაკიდან ზრდიდა.
"დღეს მამის დღეს ორ მამასთან ერთად აღვნიშნავ. თითოეულ მათგანს ჩემს ცხოვრებაში თავისებურად მნიშვნელოვანი როლი უკავია. გმადლობთ ყველაფრისთვის", - დაწერა კლემანმა ფოტოს აღწერაში.
იმავე წელს კლემანის იურიდიული აღიარების პროცედურაც დაიწყო. 2026 წლის თებერვალში პრინცმა ლორანმა მამობა ოფიციალურად აღიარა და შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწერა.
ამის შედეგად კლემანმა პრინცის ტიტული და მიმართვა - "მისი სამეფო უმაღლესობა" მიიღო. მას ასევე შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სამეფო გვარზე - საქსენ-კობურგ-გოტაზე და მემკვიდრეობაზე.
თუმცა კლემანს ბელგიის ტახტზე პრეტენზია არ აქვს. ქვეყნის მოქმედი მემკვიდრეობის წესების მიხედვით, ტახტის მემკვიდრეობის უფლება მხოლოდ იმ შთამომავლებს აქვთ, რომლებიც კანონიერ ქორწინებაში არიან დაბადებული. შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული კლემანი ტახტის მემკვიდრეთა რიგში ვერ მოხვდება.
თავად კლემანისთვის კი სამეფო გვარის მიღება არც ისე მნიშვნელოვანია. ის სხვა გვარის აღებას არ აპირებს და ამბობს, რომ ეს "იმის ღალატი იქნება, რაც მისთვის დედამ გააკეთა".
დღეს კლემანი კვლავ შჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა. მას შეყვარებული ჰყავს - გუადალუპე ბორერო ფერეირა, რომელიც სუპერმარკეტის საცხობში მუშაობს. გოგონა წარმოშობით ვენესუელიდანაა და კლემანს ონლაინჩატში შეხვდა. ურთიერთობის დასაწყისში მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ცნობილი არტისტის ვაჟსა და ბელგიის სამეფო ოჯახის წევრს ხვდებოდა.
აღსანიშნავია, რომ პრინცი ლორანი მოქმედი მეფის, ფილიპეს უმცროსი ძმა და ყოფილი მეფის, ალბერტ II-ის ვაჟია. თავად ალბერტ II-საც აქვს ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის აღიარების მსგავსი ისტორია.
მხატვარი დელფინა ბოელი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ალბერტ II მისი ბიოლოგიური მამა იყო. მონარქმა მისი განცხადებები საბოლოოდ მხოლოდ 2020 წელს, დნმ-ის ტესტის ჩატარების შემდეგ დაადასტურა. მოგვიანებით დელფინა ბოელმა ბელგიის პრინცესის ტიტული მიიღო.
თუმცა, ისევ პრინც ლორანის ისტორიას დავუბრუნდეთ. ახალგაზრდობაში ის არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალების ცენტრში, მათ შორის, აქტიური პირადი ცხოვრების გამოც. 1990-იანი წლებიდან მის განკარგულებაში იყო პირადი ვილა "კლემენტინა", რომლის შესახებაც წლების განმავლობაში არაერთი ჭორი და ლეგენდა ვრცელდებოდა.
ბელგიურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ პრინცის რეზიდენციას ახალგაზრდა ქალები ხშირად სტუმრობდნენ. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვენდი ვან ვანტენთან მისი ურთიერთობის დასრულების მთავარი მიზეზი თავად ლორანის პირადი ცხოვრების წესი არ ყოფილა.
არსებობს მოსაზრება, რომ მათი შესაძლო ქორწინების წინააღმდეგი განსაკუთრებით ალბერტ II იყო. ყოფილი მეფე ვან ვანტენს თავისი ვაჟისთვის შეუფერებელ მეწყვილედ მიიჩნევდა.
თავად ვან ვანტენმა, მას შემდეგ, რაც ისტორია საჯარო გახდა, განაცხადა, რომ ყოფილ შეყვარებულზე წყენას არ ატარებს. მისი თქმით, მათი დაშორება მხოლოდ ლორანის გადაწყვეტილებით არ მომხდარა.
"ვიცოდი, რომ გვერდზე უნდა გავმდგარიყავი, რათა ბავშვის მამისთვის ბედნიერად ცხოვრების საშუალება მიმეცა", - თქვა მან.
ვენდი ვან ვანტენმა პირადი ცხოვრებაც წარმატებით გააგრძელა. 2006 წელს ის ბელგიელ მეწარმე ფრანს ვანკოპენოლეზე დაქორწინდა. წყვილს ერთი ქალიშვილი, 18 წლის ესტელი ჰყავს.