ზაფხული კალენდარულად დასრულდა, მაგრამ საქართველოში ზღვის სეზონი ჯერ ისევ ძალაშია. სექტემბრის დასაწყისში ზღვა ისევ თბილია, დღის ტემპერატურაც საკმაოდ მაღალია და და ზღვაზე დასვენება თვის პირველ ნახევარშიც თავისუფლად შეიძლება. თუმცა წელს სექტემბერში ზღვისპირეთში საკმაოდ წვიმიანი პერიოდი გველოდება, შემდეგ კი ამინდი ისევ გაუმჯობესდება.
როგორ იქნება საზღვაო სეზონი სექტემბერში - ამის გასარკვევად გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები რამდენიმე მეტეოროლოგიურ საიტს შევადარეთ, მათ შორის Meteoblue-სა და AccuWeather-ს. სხვადასხვა მოდელის პროგნოზი დეტალებში განსხვავდება, თუმცა მთავარი ტენდენცია მსგავსია: 3 სექტემბერს ზღვისპირეთში კარგი ამინდია, 4-7 სექტემბერს წვიმიანი პერიოდი იწყება, 8-9 სექტემბრიდან კი ამინდი კვლავ უმჯობესდება.
კონკრეტულად კი 8 სექტემბრისთვის საერთაშორისო მოდელებს შორის გარკვეული განსხვავებაა, თუმცა AccuWeather უკვე მზიან ამინდს და ნალექის მხოლოდ 2%-იან ალბათობას აჩვენებს. Meteoblue უფრო ფრთხილია და ამ დღისთვის პერიოდულ წვიმასაც უშვებს. ამიტომ 8 სექტემბერი შეიძლება გარდამავალი დღე აღმოჩნდეს.
9 სექტემბერი გაცილებით უფრო სანდოდ გამოიყურება. AccuWeather ძირითადად მზიან ამინდს და წვიმის მხოლოდ 4%-იან ალბათობას პროგნოზირებს, Meteoblue კი მოწმენდილ ცას და 15%-იან ნალექის ალბათობას აჩვენებს. დღის ტემპერატურა დაახლოებით +25...+26°C იქნება.
10 სექტემბერიც ამჟამინდელი საერთაშორისო პროგნოზებით მზიანი ჩანს. AccuWeather ძირითადად მზიან ამინდს და ნალექის 10%-იან ალბათობას აჩვენებს, Meteoblue კი სრულიად მოწმენდილ ცას პროგნოზირებს.
Meteoblue-ის ამჟამინდელი პროგნოზით, 11–15 სექტემბერს ბათუმში ძირითადად მოწმენდილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა +27...+29°C-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ეს ჯერ გრძელვადიანი პროგნოზია და მისი სანდოობა შედარებით დაბალია, ამიტომ კონკრეტული დღეების ამინდი შესაძლოა შეიცვალოს.
თუ ეს პროგნოზი შენარჩუნდა, 9-15 სექტემბერი სექტემბრის პირველ ნახევარში პლაჟისთვის ყველაზე კარგი პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს.
2 სექტემბრის მდგომარეობით, ყველაზე მარტივად სურათი ასეთია: 3 სექტემბერი — კარგი და ძირითადად მზიანი; 4-7 სექტემბერი — წვიმიანი და არასტაბილური; 8 სექტემბერი — გარდამავალი; 9-10 სექტემბერი — კვლავ კარგი და ძირითადად მზიანი. 11-15 სექტემბერიც ამჟამად ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება, თუმცა ამ თარიღების პროგნოზი ჯერ შეიძლება შეიცვალოს.
ასე რომ, სექტემბერში პლაჟის სეზონი ნამდვილად არ მთავრდება. რამდენიმე წვიმიანი დღის მიუხედავად, თვის პირველ ნახევარში კვლავ გვექნება ზღვაზე დასვენებისთვის შესაფერისი პერიოდები.
რაც შეეხება სექტემბრის მეორე ნახევარს, გრძელვადიან კალენდრებში ასეთი პროგნოზები უკვე გამოქვეყნებულია, მაგრამ ეს იმდენად ცვალებადია, რომ მის საფუძველზე დასვენების თარიღის არჩევა არ ღირს. ბათუმში სექტემბერი კლიმატურად ჯერ კიდევ თბილია, ამიტომ თვის მეორე ნახევარშიც პლაჟისთვის კარგი დღეების არსებობა სრულიად რეალურია — მათი კონკრეტული თარიღები მოგვიანებით გამოიკვეთება.