აზერბაიჯანელ მომღერალსა და ბიზნესმენ ემინ აგალაროვთან სტუმრობისას რუსული ესტრადის ვარსკვლავმა, რომელსაც ქართული ფესვები აქვს - გრიგორი ლეპსმა (ლეფსვერიძემ) ისაუბრა ბავშვობაზე, ოცნებებზე, ახლანდელობაზე და სასიყვარულო ამბებზე.
- სოჭში დავიბადე. მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუმცა ჩემი მშობლები იქიდან იყვნენ და ისინი ცხოვრობდნენ საქართველოში. დედა სვანია...



ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი, თუმცა შემდეგ მუხლზე პრობლემა შემექმნა და მომიწია ამაზე უარის თქმა. კიდევ კარგი, ბიძაჩემი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა კარგად, მასწავლა და ამ მიმართულებით შევძელი განვითარება, ანსამბლშიც ვუკრავდი. მერე კი სასიმღერო კარიერაზე გადავედი. 13 წლიდან ვმღეროდი და ვუკრავდი სკოლის ანსამბლში. მერე, გაჭირვების წლებში, რესტორნებში ვმღეროდი. ამით ვცხოვრობდი.

შემდეგ როკჯგუფში მიმიწვიეს მოსკოვში, ერთი წელი ვიყავი იქ, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მუსიკა. თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მერე რამდენიმე წელი ისევ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი მცირე ხანს, მერე კი უკვე დავიწყე სოლოკარიერა მოსკოვში...
დღესდღეობით მინდა, სხვა რამით დავკავდე, და არა მუსიკით, თუმცა ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, ბიზნესის მიმართულებით არ არის აგებული ჩემი ტვინი, მუსიკა ერთადერთია, რასაც ახლა სტაბილური შემოსავალი მოაქვს. ეს კი მჭირდება, რადგან შვილები მყავს...
ოფიციალურად 4 შვილი მყავს. უფროსი, ინგა 42 წლისაა, ყველა შვილთან ვმეგობრობ.

თუმცა ისინი უჩემოდ გაიზარდნენ. მე სულ გასტროლები, კონცერტები მქონდა. თითო კვირას ვატარებდი სახლში. ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახი შემენახა, ეს მამაკაცის მოვალეობაა...
20 წელი ვიყავი ჩემს ცოლთან, ანიასთან ერთად. მასთან დაშორება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომაა. იმ დროს ჩემი ცხოვრების წესმა მოიტანა ეს... ვინანიებ ამას... ახლა შეუძლებელია დროის დაბრუნება.

მე ყველა ქალი კარგი მყავდა... კაცმა არ უნდა ილაპარაკოს თავის ქალებზე ცუდად და არც სხვას მისცეს ამის უფლება...
ახლაც არის ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი გოგონა, კეთილი, მშვენიერი... კაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰყავდეს ქალი. კიდევ მინდა ოჯახი, ბავშვსაც კიდევ ვიყოლიებდი. შვილად აყვანაც მინდა, მაგრამ არ მაქვს სრული ოჯახი და არ მაძლევენ უფლებას. რთული პროცესია, თუმცა ალბათ მივაღწევ. მინდა ერთი ბავშვი მაინც ავიყვანო.