სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესი შეიცვალა. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 31 აგვისტოს №422 დადგენილებით ცვლილებები შევიდა 2023 წლის №543 დადგენილებაში და ახალი წესები 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ცვლილებების მთავარი მიმართულება წვევამდელებთან კომუნიკაციისა და უწყების ჩაბარების წესის დაზუსტებაა. ახალი რეგულაციით, სახელმწიფო უწყების ჩაბარებას რამდენიმე ალტერნატიული გზით შეძლებს და იმ შემთხვევებშიც არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირი უწყების მიღებას თავს არიდებს ან მასთან პირდაპირი კომუნიკაცია ვერ ხერხდება.
სამხედრო აღრიცხვის მიზნით პირის გამოძახება რამდენიმე ეტაპად არის განსაზღვრული. სააგენტო თავდაპირველად იყენებს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ფორმას, შემდეგ კი - ტექნიკურ ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, მათ შორის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (SMS-ს).
თუ კომუნიკაცია ამ გზით ვერ ხერხდება, შესაძლებელია უწყების პირადად ჩაბარება. დადგენილება ადგენს, რომ უწყება შეიძლება ჩაბარდეს არა მხოლოდ რეგისტრაციის, არამედ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის ან სააგენტოსთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა მისამართის მიხედვით.
თუ ამ გზებითაც ვერ მოხერხდა უწყების ჩაბარება, სააგენტოს შეუძლია მისი საჯაროდ გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე.
ახალი წესით განისაზღვრა, ვინ ითვლება ამ მიზნებისთვის წვევამდელის ოჯახის წევრად. ასეთად დადგენილება მიიჩნევს დედას, მამას, დას, ძმასა და მეუღლეს.
თუ უწყებას წვევამდელის სრულწლოვანი ოჯახის წევრი ჩაიბარებს, ის თავად წვევამდელისთვისაც ჩაბარებულად ითვლება.
უფრო მეტიც, ოჯახის წევრის მიერ უწყების მიღებაზე უარის თქმა პროცესს არ აჩერებს - ასეთ შემთხვევაშიც უწყება ჩაბარებულად ითვლება და შესაბამისი აღნიშვნით სააგენტოს უბრუნდება.
იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინაც, როდესაც თავად წვევამდელი უარს ამბობს უწყების მიღებაზე: დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა და უწყება ჩაბარებულად ითვლება.
რას ნიშნავს პრაქტიკაში "ჩაბარებულად ითვლება"?
ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ფიზიკურად ჩააბარეს დოკუმენტი. ეს არის სამართლებრივი შედეგი - კანონით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ უწყება მიღებულად მიიჩნევა და მასზე მითითებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ძალაში შედის.
შესაბამისად, მხოლოდ იმის თქმა, რომ "უწყება პირადად არ მიმიღია", თავისთავად აღარ ნიშნავს, რომ გამოძახება არ განხორციელებულა.
ახალი წესი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს ადგენს.
თუ სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით პირის გამოძახებისას უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, მათ შორის, თუ SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებაზე 2 სამუშაო დღის განმავლობაში უკუკავშირი არ განხორციელდა, სააგენტო უწყებას ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
ამის გაკეთება სააგენტომ, წესის მიხედვით, უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.
აქედან იწყება მნიშვნელოვანი ვადის ათვლა: საჯაროდ გამოქვეყნებული უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა.
ამის შემდეგ პირს აქვს 10 კალენდარული დღე, რათა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადდეს.
ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება.
თუ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირი სწავლობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სააგენტო მასთან დაკავშირებულ შეტყობინებასა და უწყებას ამ დაწესებულების მეშვეობითაც აგზავნის.
უნივერსიტეტს ან სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ევალება, უზრუნველყოს შეტყობინების/უწყების ჩაბარება და სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია:
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტის სტატუსი უწყების მიღებისგან ავტომატურ გათავისუფლებას არ ნიშნავს.
ამასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხი ცალკე რეგულირდება თავდაცვის კოდექსით. მოქმედი კოდექსის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს გაწვევა გადაუვადდება შესაბამის საფეხურზე სწავლის დასრულებამდე.
ამიტომ მნიშვნელოვანია ორი საკითხის ერთმანეთისგან გამიჯვნა:
უწყების მიღება არ ნიშნავს ავტომატურად სამხედრო სამსახურში გაწვევას.
სტუდენტმა, რომელსაც კანონით გათვალისწინებული გადავადების საფუძველი აქვს, უწყების იგნორირების ნაცვლად უნდა უზრუნველყოს საკუთარი სტატუსის სათანადო დადასტურება და შეასრულოს უწყებით განსაზღვრული მოთხოვნები.
წვევამდელს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაც შეიძლება დაევალოს
ახალი წესით, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში პირმა 2 კვირის ვადაში უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები:
ეს ჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან განათლების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, უშუალოდ სამხედრო აღრიცხვის პროცესში გახდეს საჭირო.
ცალკე წესია დადგენილი უკვე გამწვევ კომისიაზე გამოძახებისთვის.
აქაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალება, მათ შორის SMS, შემდეგ კი პირადად ჩაბარება. თუ ამ გზებით უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, სააგენტოს შეუძლია ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს.
საჯაროდ გამოქვეყნებული უწყება ამ შემთხვევაშიც გამოქვეყნებიდან მეშვიდე კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა, ხოლო პირს ამის შემდეგ 10 კალენდარული დღის განმავლობაში სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადება ევალება.
აქაც მოქმედებს ოჯახის წევრისთვის ჩაბარების წესი: სრულწლოვანი ოჯახის წევრის მიერ უწყების მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა წვევამდელისთვის უწყების ჩაბარებად ითვლება.
ეს უკვე პირდაპირ სამართლებრივ შედეგს იწვევს.
თუ წვევამდელი გამწვევ კომისიაზე არ გამოცხადდა, 5 სამუშაო დღის ვადაში დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.
ამიტომ უწყების უგულებელყოფა არ უნდა იქნეს აღქმული როგორც მარტივი ფორმალობა.
თუ გამწვევი კომისია გადაწყვეტს, რომ წვევამდელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, სააგენტო მას შესაბამის უწყებას გადასცემს.
უწყება შეიძლება ჩაბარდეს რეგისტრაციის, ფაქტობრივი საცხოვრებლის, სამუშაოს ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ უწყების ჩაბარება ან მის მიღებაზე უარის თქმა ამ შემთხვევაშიც წვევამდელისთვის ჩაბარებად ითვლება.
თუ წვევამდელი სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა ან გამოცხადების შემდეგ თავს აარიდა შემოწმებას, მათ შორის დამატებით სამედიცინო კვლევებს, სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.
ახალი დადგენილება ამ საკითხსაც აკონკრეტებს.
გაწვევის გადაწყვეტილების შემდეგ სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:
შესაბამისი გარემოება დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს.
ახალი რეგულაცია, პირველ რიგში, უწყების ჩაბარების პროცედურას ამკაცრებს და ამარტივებს სახელმწიფოსთვის.
ადრე პირის არმოძებნა ან უწყების პირადად მიუღებლობა შეიძლებოდა მნიშვნელოვანი პროცედურული დაბრკოლება ყოფილიყო. ახლა წესში დეტალურად არის გაწერილი ალტერნატიული გზები:
ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში უარი მიღებაზე თავად არ აჩერებს პროცედურას, ხოლო საჯაროდ გამოქვეყნებული უწყება მეშვიდე კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ითვლება.
სწორედ ამიტომ, ვინც უწყებას მიიღებს - თავად, ოჯახის წევრის მეშვეობით, ელექტრონულად თუ საჯარო გამოქვეყნების გზით პირველ რიგში უნდა გაარკვიოს, რა მიზნით არის გამოძახებული, რა ვადაა მითითებული და აქვს თუ არა მას კანონით გათვალისწინებული გადავადების ან სხვა სამართლებრივი საფუძველი.
დეტალურად ცვლილებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გაეცნოთ.
შეტყობინების მიღების შემდეგ შესაბამის ვადაში გამოუცხადებლობას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, თუმცა სანქცია იმის მიხედვით განსხვავდება, რა ეტაპზე იმყოფება პირის გაწვევის პროცესი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.