2026 წლის 1 სექტემბრიდან სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესი ამოქმედდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 ივნისის №73/ნ ბრძანებით განისაზღვრა, როგორ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა მობილური ტელეფონები, სმარტფონები, "ჭკვიანი" საათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები სასწავლო პროცესის განმავლობაში.
ახალი რეგულაცია მხოლოდ ტელეფონის გამოყენებას არ ეხება - ის სკოლების ვალდებულებებს, მოსწავლეების უფლებებსა და მოვალეობებს, მშობლებთან კომუნიკაციის წესსა და იმ შემთხვევებსაც განსაზღვრავს, როდესაც მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია.
წესის მიხედვით, ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებად მიიჩნევა მობილური ტელეფონი/სმარტფონი, "ჭკვიანი" საათი, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერი.
ამასთან, "სასწავლო პროცესი" განისაზღვრება საკმაოდ ფართოდ - ის მოიცავს პერიოდს პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე, მათ შორის შესვენებებსაც. შესაბამისად, რეგულაცია მხოლოდ უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობის პერიოდზე არ ვრცელდება.
წესის თანახმად, სასწავლო პროცესის განმავლობაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების არამიზნობრივი გამოყენება აკრძალულია.
არამიზნობრივ გამოყენებად ითვლება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა ან გამოყენება.
ამასთან, მოსწავლე ვალდებულია, გარდა წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მობილური ტელეფონი/სმარტფონი და "ჭკვიანი" საათი სპეციალურ სათავსში განათავსოს. მოწყობილობა სასწავლო პროცესის განმავლობაში უნდა იყოს გამორთული.
ანუ პრაქტიკულად, მოსწავლეს ტელეფონი სკოლაში თან შეიძლება ჰქონდეს, თუმცა გაკვეთილების დაწყების წინ ის სპეციალურად განკუთვნილ სათავსში უნდა მოათავსოს.
სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს მობილური ტელეფონებისა და "ჭკვიანი" საათების შესანახი სპეციალური სათავსების მოწყობა. როგორც წესი, ასეთი სათავსები თითოეულ საკლასო ოთახში უნდა განთავსდეს, თუმცა სკოლას, საკუთარი სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მათი განლაგების სხვა პრინციპის განსაზღვრაც შეუძლია.
სათავსს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი კლასის მოსწავლეთა შესაბამისი რაოდენობის ინდივიდუალური სექცია. თითოეული სექცია ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ მასში შესაძლებელი იყოს ტელეფონის, მისი დამცავი ბუდისა და "ჭკვიანი" საათის მოთავსება.
გარდა ამისა, სათავსი უნდა იყოს დამზადებული მყარი და უსაფრთხო მასალისგან და მოწყობილობები დაზიანებისგან უნდა დაიცვას. მისი კონსტრუქცია არ უნდა შეიცავდეს მოსწავლისთვის საფრთხის შემცველ ბასრ კიდეებს ან სხვა ელემენტებს.
როგორც წესი, სათავსი უნდა იყოს დახურული და საკეტიანი დამცავი კარით აღჭურვილი. თუმცა კონკრეტულ დიზაინს სკოლა თავად განსაზღვრავს, ოღონდ მოწყობილობების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
სკოლის დირექცია ვალდებულია, ორგანიზება გაუწიოს მოწყობილობების სათანადოდ შენახვას და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მათ მოსწავლეებისთვის დაბრუნებას.
ტელეფონებისა და "ჭკვიანი" საათების სპეციალურ სათავსში მოთავსებასა და დღის ბოლოს მათ გამოტანაზე ზედამხედველობას ახორციელებს კლასის დამრიგებელი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სხვა პირი.
დროებით შენახვასა და მოწყობილობების მოსწავლეებისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირებსაც დირექტორი განსაზღვრავს. წესში ასევე პირდაპირ წერია, რომ მოწყობილობის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ახალი რეგულაცია მოწყობილობის გამოყენებას აბსოლუტურად არ კრძალავს. წესში ჩამოთვლილია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ტელეფონის ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენება დასაშვებია.
მოწყობილობის გამოყენება შეიძლება:
ამ გამონაკლისების დროს მოწყობილობის გამოყენება უნდა იყოს მიზნობრივი ან/და დროებითი.
ახალი წესით, მშობელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია სასწავლო პროცესის დროს სკოლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით უნდა განხორციელდეს.
სკოლა ვალდებულია, განსაზღვროს ასეთი არხები, მათ შორის, დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები, სოციალური ქსელები ან სხვა საშუალებები.
მშობელს ამ საკომუნიკაციო არხების შესახებ წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია.
ეს ნიშნავს, რომ თუ მშობელს სასწავლო პროცესის დროს შვილთან დაკავშირება დასჭირდება, ამისთვის მისი პირადი ტელეფონით დარეკვა ან შეტყობინების გაგზავნა ერთადერთი გზა აღარ იქნება - სკოლამ ოფიციალური კომუნიკაციის მექანიზმი უნდა უზრუნველყოს.
მობილური ტელეფონისა და "ჭკვიანი" საათისგან განსხვავებით, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერი მოსწავლემ სასწავლო პროცესის განმავლობაში შეიძლება ჩანთაში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სივრცეში/სათავსში შეინახოს, თუმცა გამორთულ მდგომარეობაში, გარდა წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სკოლას, საჭიროების შემთხვევაში, ამ მოწყობილობებისთვის სპეციალური სათავსის შეძენაც შეუძლია.
მოსწავლის მიერ დადგენილი წესის დარღვევა დისციპლინურ პასუხისმგებლობას იწვევს. კონკრეტული ზომები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით.
ამასთან, სკოლამ შინაგანაწესში უნდა გაითვალისწინოს დარღვევის სიმძიმის მიხედვით როგორც მოსწავლის, ისე სკოლის უფლებამოსილი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
ზოგადად, კანონით შესაძლო დისციპლინურ ზომებს შორისაა გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა და სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება. ნებისმიერი სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და დარღვევის თანაზომადი. ამასთან, დაუშვებელია სასტიკი ან მოსწავლის პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელი. დისციპლინური დევნის დაწყებისა და სახდელის გამოყენების შესახებ მშობელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.
პასუხისმგებლობა მხოლოდ მოსწავლეს არ ეხება - თუ სკოლა თავად არ შეასრულებს წესით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მასაც დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლებში ტელეფონის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები უკვე ერთიანი სახელმწიფო რეგულაციითაა განსაზღვრული, ხოლო კონკრეტული პროცედურების ნაწილი - მაგალითად, სად განთავსდება სათავსი, ვინ გააკონტროლებს მოწყობილობების ჩაბარებასა და დაბრუნებას და რა დისციპლინური ზომა იქნება გათვალისწინებული დარღვევისთვის - თავად სკოლის შინაგანაწესით უნდა დარეგულირდეს.
ვრცლად დოკუმენტი იხილეთ, ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი