თუ ბავშვის მიერ სკოლაში ჩაბარებული ტელეფონი დაზიანდა ან დაიკარგა — ვინ აანაზღაურებს ზარალს? - მშობლები

თუ ბავშვის მიერ სკოლაში ჩაბარებული ტელეფონი დაზიანდა ან დაიკარგა — ვინ აანაზღაურებს ზარალს?

2026-09-04 10:27:43+04:00

სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების ახალი წესების თანხმად, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეების ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის სპეციალური სათავსი მოაწყოს. სათავსი მყარი და უსაფრთხო მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და მასში მოთავსებული მოწყობილობები დაზიანებისგან უნდა დაიცვას. ტელეფონების შენახვასა და მოსწავლეებისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირებს კი სკოლის დირექტორი განსაზღვრავს.

წესში პირდაპირ წერია ისიც, რომ მოწყობილობის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესით ანაზღაურდება.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა ზიანი რომ არ დამდგარიყო. ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯს მოითხოვს, შესაძლებელია ფულადი ანაზღაურება. თუ ტელეფონის შეკეთება შესაძლებელია, შეიძლება საუბარი იყოს შეკეთების ხარჯის ანაზღაურებაზე; თუ განადგურდა ან დაიკარგა და დაბრუნება შეუძლებელია — შეიძლება დადგეს ფულადი კომპენსაციის საკითხი.

შესაბამისად, მშობლებს გაუჩნდათ კითხვა: რა მოხდება, თუ ბავშვმა სკოლას ტელეფონი ჩააბარა, დღის ბოლოს კი დაზიანებული დაუბრუნეს ან საერთოდ ვეღარ იპოვეს? ვინ გადაიხდის ზარალს და როგორ უნდა დაამტკიცოს მშობელმა, რომ ტელეფონი მანამდე დაზიანებული არ იყო?

თუ ტელეფონი სკოლაში გატყდა, ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი?

კოდექსში არსებული ჩანაწერი არ ნიშნავს, რომ სკოლამ ყველა შემთხვევაში ბავშვს ავტომატურად ახალი ტელეფონი უნდა უყიდოს.

თუ დადგინდა, რომ ტელეფონი სკოლისთვის ჩაბარების შემდეგ, შენახვის პერიოდში დაზიანდა ან დაიკარგა, მშობელს შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. კონკრეტული შემთხვევის მიხედვით ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ტელეფონის შეკეთების ხარჯი, ხოლო თუ მოწყობილობა დაიკარგა ან იმდენად დაზიანდა, რომ აღდგენა შეუძლებელია — შესაბამისი ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

ზიანის ანაზღაურების ზოგადი პრინციპი სამოქალაქო კანონმდებლობაშია განსაზღვრული: მიზანია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ზიანის მიყენებამდე არსებობდა.

და როგორ დაამტკიცებს მშობელი, რომ ტელეფონი სკოლაში დაზიანდა?

სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული პრობლემა.ახალ წესში არ არის განსაზღვრული, როგორ უნდა დაფიქსირდეს ტელეფონის მდგომარეობა მისი ჩაბარების დროს.

მაგალითად, არ წერია, რომ პასუხისმგებელმა თანამშრომელმა დილით უნდა დაათვალიეროს ტელეფონი და ჩაინიშნოს, აქვს თუ არა ეკრანს ბზარი ან სხვა დაზიანება. არც ტელეფონის ფოტოს გადაღების ვალდებულებაა გათვალისწინებული და არც ისეთი მიღება-ჩაბარების დოკუმენტი, რომელშიც ჩაიწერება, რა მდგომარეობაში მიიღო სკოლამ მოწყობილობა.

წარმოიდგინეთ მარტივი შემთხვევა: ბავშვი ამბობს, რომ დილით სრულიად გამართული ტელეფონი ჩააბარა, დღის ბოლოს კი ეკრანგატეხილი დაუბრუნეს. მშობელი ამბობს, რომ ტელეფონი სკოლაში დაზიანდა, სკოლა კი ამტკიცებს, რომ ეკრანი მანამდეც გატეხილი იყო.

ახალი წესი არ განსაზღვრავს, ასეთ შემთხვევაში ვის სიტყვას ენიჭება უპირატესობა ან როგორ უნდა დადგინდეს, რა მდგომარეობაში იყო ტელეფონი ჩაბარებისას.

მაშინ როგორ გაირკვევა სიმართლე?

თუ მშობელსა და სკოლას შორის დავა წარმოიშვა, მნიშვნელობა ექნება ყველა არსებულ მტკიცებულებას — რას ამბობს ბავშვი, რას ამბობენ პასუხისმგებელი თანამშრომლები, ნახეს თუ არა ტელეფონი სხვა მოსწავლეებმა ან მასწავლებლებმა, რა სახის დაზიანებაა და სხვა გარემოებებს.

გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სკოლის ვიდეოკამერის ჩანაწერიც. სკოლებში ვიდეოჩანაწერები უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით ინახება და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს გარკვეულ პირობებში მათი ადგილზე გაცნობის შესაძლებლობაც აქვს.

თუმცა ვიდეოჩანაწერიც ყველა შემთხვევას ვერ გადაწყვეტს. კამერა შეიძლება საერთოდ არ იღებდეს იმ ადგილს, სადაც ტელეფონი ინახებოდა, ან ჩანაწერიდან შეუძლებელი იყოს იმის დანახვა, უკვე ჰქონდა თუ არა ეკრანს მცირე ბზარი.

რას აცხადებენ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში

რამდენიმე საგანმანათლებლო რესურსცენტრში განგვიცხადეს, რომ კონკრეტული პროცედურა და პასუხისმგებლობის პირობები სკოლების შინაგანაწესში უნდა აისახოს. ცვლილებები მშობლებს სწორედ შინაგანაწესში დახვდებათ და სკოლაც შესაბამისად იმოქმედებს. ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები უცნობია. თითოეულ სკოლაში ტელეფონების შენახვისა და შესაძლო დაზიანების ან დაკარგვის საკითხი შესაბამისი შინაგანაწესით იქნება დარეგულირებული, რომელსაც მშობლები ადგილზე გაეცნობიან.

ამ დროისთვის ვითარება ასეთია: სკოლისთვის ჩაბარებული ტელეფონის უსაფრთხოდ შენახვა სკოლის პასუხისმგებლობის სფეროა, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში მშობელს იმის დამტკიცება დასჭირდება, რომ მოწყობილობა სკოლას გამართულ მდგომარეობაში ჩააბარა. სწორედ ამის დამადასტურებელი სპეციალური პროცედურა ახალ წესში გათვალისწინებული არ არის და ის სამომავლოდ სკოლის შინაგანაწესში უნდა აისახოს.

სად შეინახავენ ტელეფონებს მოსწავლეები გაკვეთილების დროს და მიეცემათ თუ არა მათი გამოყენების უფლება დასვენებებზე? - წესები და გამონაკლისები