ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში თითქმის ყველა სისტემის მუშაობა იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება იმუნურ და ჰორმონალურ სისტემებში. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა შეიძლება დროებით შეიცვალოს — სიმპტომები შესუსტდეს ან დაავადება რემისიაში გადავიდეს.
რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი განმარტავს, რომ ასეთი ეფექტი განსაკუთრებით შეინიშნება ზოგიერთი ავტოიმუნური და ჰორმონდამოკიდებული დაავადების შემთხვევაში. ექიმის თქმით, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც იმუნური და ჰორმონალური სისტემები განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს.
„იცით, რომ არსებობს დაავადებები, რომლებზეც დადებითად მოქმედებს ორსულობა, გადაჰყავს ის ხანგრძლივ რემისიაში, ამსუბუქებს მის სიმპტომებს ან სრულიად კურნავს მას.
ბევრ დაავადებაზე ორსულობის სამკურნალო ეფექტი აიხსნება რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში ის, რომ ნაყოფი წარმოადგენს უცხო გენომს ქალის ორგანიზმისთვის. ის ერთგვარი, შეიძლება ითქვას, უცხო სხეულია, რომელიც წესით იმუნურმა სისტემამ უნდა განდევნოს. როგორც ხდება, როცა უცხო სხეული ხვდება ორგანიზმში — იმუნური სისტემა იწყებს აქტიურ ბრძოლას მის წინააღმდეგ. ეს მექანიზმი რომ არ ამუშავდეს, ბუნებამ ისე დაადგინა, რომ ორსულობის დროს იმუნური სისტემის რეაქციები შედარებით შერბილებული და შემცირებულია. შესაბამისად, მას ნაკლები მოქმედება აქვს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის გაძლიერებული ფუნქციით, ასეთი არასწორი აქტივობით“, — ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
ექიმის განმარტებით, იმუნური სისტემის მუშაობაში მომხდარი ცვლილებების გამო ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების მიმდინარეობაც იცვლება.
„მაგალითად, ისეთი ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ასევე გაფანტული სკლეროზი, ავტოიმუნური ტირეოიდიტი, ჰაშიმოტოს დაავადება — ეს ყველაფერი უმეტეს შემთხვევაში ორსულობის დროს გადადის რემისიაში და მათი სიმპტომები მნიშვნელოვნად მსუბუქდება.
ასევე მცირდება ალერგიული რეაქციები, მაგალითად, ალერგიული ბრონქიტი, მცირდება ანთება და ეს დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთ ანთებით დაავადებაზე“, — განმარტავს რეპროდუქტოლოგი.
ორსულობის პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლება ჰორმონალური ფონიც. მენსტრუაცია წყდება და საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის მუშაობა ჩვეულებრივი მენსტრუალური ციკლისგან განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.
„გარდა იმუნურისა, ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰორმონალურ სისტემაში. საკვერცხეები, შეიძლება ითქვას, ისვენებს, არ არის მენსტრუაციები, ჰიპოფიზისა და საკვერცხის სისტემა, ჰორმონალური სისტემა მოქმედებს სხვანაირად და ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს ისეთ დაავადებებზე, რომლებიც ჰორმონდამოკიდებულია“, — ამბობს ექიმი.
ერთ-ერთი დაავადება, რომელსაც მანანა მგალობლიშვილი განსაკუთრებულად გამოყოფს, ენდომეტრიოზია.
„ენდომეტრიოზი, რომლის გამოწვევის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ის ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემა, ორსულობის დროს გადადის რემისიაში.
თუ ორსულობას შემდგომ ლაქტაციის პერიოდიც მოჰყვება, ეს რემისია კიდევ უფრო ხანგრძლივად გრძელდება და მას დადებითი ეფექტი აქვს უმეტეს შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ. შესაძლოა მისი სიმპტომები გაქრეს ან მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამასთანავე, ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი ენდომეტრიული ჰეტეროტოპიები მცირდება ზომებში ან სრულიად ქრება“, — განმარტავს რეპროდუქტოლოგი.

ექიმის თქმით, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ხანგრძლივ რემისიაში შეიძლება გადავიდეს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომიც. ზოგიერთ ქალს, რომელსაც მანამდე არარეგულარული მენსტრუაცია და ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები ჰქონდა, ორსულობის შემდეგ სიმპტომები მნიშვნელოვნად უმცირდება.
„ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ორსულობამდე ჰქონდა მენსტრუაციის გადაცდენები და ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, ხოლო ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ ეს სიმპტომები სრულიად გაქრა ან მნიშვნელოვნად შემცირდა.
ხშირია შემთხვევები, როცა ქალს აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეები, ამის გამო არ დგება ორსულობა და საჭიროა მკურნალობა. მკურნალობის შედეგად დაორსულდება, იმშობიარებს, გაივლის ლაქტაციის პერიოდს და შემდეგ თავისით მალევე დგება ორსულობა.
ამიტომაც ვეუბნებით ქალებს, რომლებსაც აქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და მასთან ერთად უშვილობა, რომ როდესაც მკურნალობის შედეგად დაორსულდებიან, ორსულობის შემდეგ არ დაიცვან თავი ორსულობისგან, რათა მალევე დაორსულდნენ და რემისიის, განკურნების პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. შემდეგ უკვე ასაკის მატებასთან ერთად პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ვიცით, რომ თავისით ქრება“, — ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
რეპროდუქტოლოგის თქმით, ორსულობა ხელს უწყობს საკვერცხის ფუნქციური ცისტების გაქრობასაც. ამ პერიოდში ბუნებრივად აღარ არსებობს პრემენსტრუალური სინდრომი, რადგან მენსტრუალური ციკლი შეჩერებულია. თუმცა ცვლილება ზოგჯერ მშობიარობისა და ლაქტაციის დასრულების შემდეგაც ნარჩუნდება.
„ხშირია შემთხვევები, როცა ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ, მენსტრუაციის აღდგენისას, თუ ქალს მანამდე ძლიერად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი ჰქონდა, მისი სიმპტომები სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხშირად მცირდება ან სრულიად ქრება აკნეც“, — აღნიშნავს ექიმი.
მანანა მგალობლიშვილი ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს ერთგვარ ფიზიოლოგიურ „რესტარტს“ უწოდებს:
„ამრიგად, ორსულობა ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის და ზოგადად მისი ორგანიზმისთვის საუკეთესო დასვენებაა. ერთგვარი რესტარტია, რომელიც ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას და ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომაც ექიმები და მათ შორის მეც ხშირად ვეუბნები პაციენტს ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომ ორსულობამ შესაძლოა შეამსუბუქოს ეს სიმპტომები, რადგან ჩვენ ვცდილობთ, პაციენტს ჰქონდეს სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ.“ - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.