სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მდიდრული კავკასიური ქორწილის კადრები. როგორც გაირკვა, ეს ყაბარდო-ბალყარეთში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად რუსეთის ფედერაციის სენატორის, ეროვნებით ჩერქეზი არსენ კანოკოვის ვაჟის ქორწილის კადრებია. მისმა შვილმა ალბერტმა, რომელმაც დასავლეთში მიიღო განათლება, იცხოვრა ამერიკასა და ევროპაში და ბოლო წლებია მამის კომპანიებშია ჩართული, საყვარელ ქალზე - ლილიაზე იქორწინა.
ქორწილი ნალჩიკში რამდენიმე დღე გაგრძელდა - იყო კავკასიური, ტრადიციული ნაწილი, წესჩვეულებებით, ცხენებით, ჩოხებით, ცეკვებით და სადღეგრძელოებით. და ასევე იყო ოფიციალური - ევროპულ ყაიდაზე მოწყობილი ცერემონია, მდიდრული მანქანებით, ძვირად ღირებული საჩუქრებით სტუმრებისთვის, ოთხნაწილიანი ტორტით, რომელშიც სიძე-პატარძალი "შესვეს", და ცნობილი დიზაინერების კაბებით, რომლებიც პატარძალმა რამდენჯერმე გამოიცვალა.
ზეიმს 600-ზე მეტი სტუმარი დაესწრო და მისმა ღირებულებამ მილიონ დოლარს გადააჭარბა. ღონისძიებისთვის დაიქირავეს რიდადას რეზიდენცია, რომლის ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრია და მის გვერდით სპეციალურად ქორწილისთვის დამატებითი კარავი აღმართეს. ყურადღება ასევე მიიპყრო ახალი ყვავილების დეკორაციებმა, რომლებითაც ახალდაქორწინებულთა 40-მეტრიანი ბილიკიც კი მორთეს. Dolce & Gabbana-ს დეკორაციები სპეციალურად მეჯვარეებისთვის მომზადდა, სტუმრები ასევე დატკბნენ სადღესასწაულო ფეიერვერკით, ხოლო ქორწილის მთავარი დესერტი ჟოლოთი მორთული დიდი ტორტი იყო.
















არსენ კანოკოვი, სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის სენატორი და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი 2013 წლის 25 დეკემბრიდან და ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო 2005 წლის 28 სექტემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაური - 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 6 დეკემბრამდე. პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი - 2016 წლის 7 თებერვლამდე.
Forbes-ის სიაში 1,5 მილიარდი დოლარის ქონებით შეიყვანეს. მისი მთავარი აქტივია Sindika Group of Companies, რომელიც სამხრეთ რუსეთში 35 სავაჭრო ცენტრს მართავს და რვა სასტუმროს ფლობს, რომელთაგან სამი სოჭში მდებარეობს: Radisson Collection Paradise Resort & Spa და სხვა საკურორტო ობიექტები.

ყაბარდო-ბალყარეთში ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა. წილები აქვს მსხვილ სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელში OBI-ში, Vkusno-I-Tochka-ს ქსელში (ყოფილი McDonald's) და Starbucks-ის ყავის მაღაზიებში (ახლანდელი Star Coffee), რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან მსხვილი დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ მოახერხა.
კომპანიები აქვთ მის შვილებს, იახტები, ძვირად ღირებული სახლები და ფუფუნება, რის გამოც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ და ასევე კრიტიკა მოჰყვება, სავარაუდოდ, მისი შვილის გრანდიოზულ ქორწილს. თუმცა პუტინის მომხრე ოლიგარქს კრიტიკა ნაკლებად აღელვებს - ის წლებია, ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობს და მისი შვილებიც ამ გზას აგრძელებენ.