"ყველაზე მთავარი ჩემთვის არის, შევინარჩუნო ის უბრალოება და ბუნებრიობა, რის გამოც ადამიანებმა თავიდან შემიყვარეს“ - ამბობს ხატია მინდიაშვილი. მან კულინარიული ვიდეოების ჩაწერა რვა თვის წინ დაიწყო და უბრალოებით, გულწრფელობით აუდიტორია იმდენად მიიზიდა, დღეს მისი გვერდის გამომწერების რიცხვი 200 ათასს აჭარბებს.
- ხატია, ყველას გაოცებას იწვევს, ამდენად ახალგაზრდას საიდან გაქვთ ამდენი ცოდნა და გამოცდილება კულინარიაში?
- ეს ყველაფერი ძირითადად ჩემით ვისწავლე. არასდროს მივლია კულინარიის გაკვეთილებზე ან რაიმე სპეციალურ კურსზე. რაც ვიცი, უმეტესწილად ძველი კულინარიული წიგნებიდან, ინტერნეტიდან, სხვადასხვა რეცეპტის გაცნობით და, რა თქმა უნდა, ბევრი ცდითა და პრაქტიკით ვისწავლე. ხშირად რაღაცას პირველად ვაკეთებ, შეიძლება არ გამომივიდეს, მაგრამ შემდეგ ისევ ვცდი და ვხვეწ.
ალბათ, სწორედ ამ მუდმივმა ინტერესმა და ცდის სურვილმა დამიგროვა ეს "უძირო სკივრი“.
- გვიამბეთ თქვენ შესახებ..
- მე გახლავართ ხატია მინდიაშვილი, დაქორწინებული გიორგი თოხაძეზე, ვზრდით ორ ვაჟს - დანიელ და გაბრიელ თოხაძეებს. დავიბადე ქალაქ გორში, ვცხოვრობდი ქურთის მუნიციპალიტეტ სოფელ ქემერტში.დღესდღეობით ეს სოფელი აღარ არსებობს, 2008 წლის ომის დროს განადგურდა.. ცუდი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია, რადგან ოჯახი მყავდა: დედა, მამა, ძმა. დღეს სამწუხაროდ დედა და მამა აღარ მყავს, მაგრამ მყავს მეუღლე, შვილები და ძმა.
- ტრაგედია პატარა ასაკში გადაიტანეთ? ამბობენ, რომ თქვენი მშობლები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ...
- ნამდვილად ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ჩემი მშობლები. მე პატარა ვიყავი, ცალ-ცალკე რომ გადაწყვიტეს ცხოვრება. ამიტომ ალბათ, მე რომ 10 წლის გავხდი, იმის მერე ერთად არც მინახავს დედ-მამა. ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი. ორივე ძალიან ახალგაზრდები დავკარგე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში. იმდენად რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი, საუბარი მართლა ძალიან რთულია.
ბევრი შიმშილიც გამოვიარე, სიმწარე, ტკივილი, მაგრამ სიყვარული დედ-მამის არასდროს მომკლებია, არც მე და არც ჩემს ძმას. საბედნიეროდ დღესდღეობით მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, შვილები, მეუღლე.
- რა ასაკში დაოჯახდით?
- 18 წლის ასაკში დავოჯახდი, მეუღლეც ზუსტად ჩემი ასაკის არის. დღეს 26 წლის ვართ ორივე, ჩემი მეუღლე საკმაოდ წარმატებული მოჭიდავეა და არაერთი ტურნირის ჩემპიონი. მეც სპორტით ვიყავი დაკავებული და გაცნობაც ზუსტად სპორტიდან მოდის. გაცნობიდან მალევე დავოჯახდით და დღესდღეობით ორი პატარა ბიჭის მშობლები ვართ. განაგრძეთ კითხვა