ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევები განსაკუთრებით დამაჯერებლად ჟღერს, როდესაც მათ სპეციალისტისგან ვისმენთ. თუმცა კვების, წყლის მიღებისა თუ ვიტამინების შესახებ არაერთი გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სინამდვილეში ბევრად უფრო ინდივიდუალური და რთულია.
რომელი გავრცელებული რჩევების მიმართ ღირს მეტი სიფრთხილის გამოჩენა?
ხილის მიღების დროსთან დაკავშირებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული რჩევის თანახმად, ხილი დღის პირველ ნახევარში და ძირითადი კვებისგან განცალკევებით უნდა მივირთვათ. ამის მიზეზად ხშირად ასახელებენ მოსაზრებას, თითქოს ხილისა და სხვა საკვების ერთად მიღება ნაწლავებში დუღილის პროცესებს აძლიერებს.
არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც — ხილი შეიძლება მივირთვათ ძირითად საკვებთან ერთად ან მის შემდეგ, როგორც დესერტი. ამ მიდგომის მიხედვით, ხილის ცალკე წასახემსებლად მიღებამ შესაძლოა დანაყრების ხანმოკლე შეგრძნება მოგვცეს და მალე კვლავ მოგვშივდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქციაა. კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი პრობლემის დროს გარკვეული ხილი შეიძლება მართლაც იწვევდეს გულძმარვას, შებერილობას, აირების დაგროვებას ან ნაწლავურ კოლიკას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს როგორც ხილის სახეობას, ისე იმას, როდის და რა რაოდენობით მივირთმევთ მას.
ხშირად ამბობენ, რომ ჭამის შემდეგ მიღებული ხილი კუჭში „ლპობას“ იწყებს, თუმცა ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.
კვერცხს დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ქოლესტერინის გამო ერიდებოდნენ. მართლაც, კვერცხის გული ქოლესტერინს შეიცავს — ერთ გულში მისი რაოდენობა დაახლოებით 200–250 მგ-ს შეადგენს. თუმცა ქოლესტერინი ორგანიზმშიც გამომუშავდება და მას მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციები აქვს.
ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ კვერცხი ქოლესტერინს შეიცავს, მისი რაციონიდან ამოღება აუცილებელი არ არის. მნიშვნელობა აქვს მთლიან კვების რეჟიმს და იმასაც, თუ რომელ პროდუქტებთან ერთად მივირთმევთ მას. მაგალითად, კვერცხი შეიძლება შევუთავსოთ ბოსტნეულს ან მოვამზადოთ ომლეტი ისპანახით.
კიდევ ერთი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ თუ წონის მომატება არ გვინდა, საღამოს ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მივირთვათ.
თუმცა მნიშვნელობა აქვს როგორც ნახშირწყლების სახეობას, ისე დღის განმავლობაში მიღებული საკვების საერთო რაოდენობას. თუ დღიური კალორიულობა ადამიანის ენერგეტიკულ დანახარჯს შეესაბამება, რთული ნახშირწყლების საღამოს მიღება თავისთავად წონის მატებას არ ნიშნავს.
საღამოსთვის უკეთეს არჩევანად შეიძლება ჩაითვალოს წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი ან ქინოა, ვიდრე დიდი რაოდენობით ტკბილეული და სხვა სწრაფი ნახშირწყლები. ამასთან, ნახშირწყლები ორგანიზმში წყლის შეკავებასაც უკავშირდება, ამიტომ მათი მიღების შემდეგ სასწორზე მომატებული მაჩვენებელი ყოველთვის ცხიმის მომატებას არ ნიშნავს.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რჩევაა — „დღეში აუცილებლად ორი ლიტრი წყალი დალიეთ“. თუმცა წყლის საჭიროება ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება.
ადამიანისთვის საჭირო სითხის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ასაკი, სქესი, სხეულის მასა, ფიზიკური აქტივობა, კლიმატი და სხვა გარემოებები. ამასთან, სითხეს მხოლოდ სუფთა წყლიდან არ ვიღებთ — მის ნაწილს საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა სასმელიც გვაწვდის.
„ორი ლიტრის წესის“ ისტორია 1945 წლის რეკომენდაციებს უკავშირდება, რომლებშიც საშუალო ზრდასრულისთვის დღეში დაახლოებით 2,5 ლიტრი წყალი იყო ნახსენები. თუმცა იმავე რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ საჭირო სითხის ნაწილი საკვებიდანაც მიიღება. მოგვიანებით გავრცელდა „6–8 ჭიქის წესიც“ და საბოლოოდ საზოგადოებაში ძირითადად მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა დამკვიდრდა.
ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში წყურვილი ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი სიგნალია, რომელიც სითხის საჭიროებაზე მიგვითითებს.
ვიტამინები და სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ხშირად სრულიად უვნებელ პროდუქტებად აღიქმება. ოჯახურ აფთიაქებში შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სახის ვიტამინი, მინერალი და მცენარეული დანამატი ინახებოდეს — იმუნიტეტისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის, წონის დასაკლებად, ნერვული სისტემისთვის და სხვა მიზნებით.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი რამდენიმე დანამატს ერთდროულად და სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე იღებს. ბიოლოგიურად აქტიური და მცენარეული დანამატები წამლები ზოგიერთ კვლევაში ღვიძლის დაზიანების გარკვეულ ნაწილთანაც იყო დაკავშირებული.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკვები დანამატი ცუდია ან ჯანმრთელობისთვის საზიანოა. არსებობს ხარისხიანი პროდუქტებიც და კონკრეტული დეფიციტის შემთხვევაში ზოგიერთი ვიტამინისა თუ მინერალის მიღება ნამდვილად საჭიროა. მთავარი პრობლემა მათი უკონტროლო გამოყენებაა — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იღებს.
კვებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი მითი სწორედ იმიტომ ძლებს წლების განმავლობაში, რომ მარტივად დასამახსოვრებელია: „არ ჭამო ხილი ჭამის შემდეგ“, „არ ჭამო კვერცხი“, „საღამოს ნახშირწყლები აკრძალულია“, „აუცილებლად დალიე ორი ლიტრი წყალი“, „ვიტამინი უვნებელია“.
სინამდვილეში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები იშვიათად არის ასეთი მარტივი. ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური აქტივობა, კვების საერთო რეჟიმი და ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველასთვის ერთნაირი, უნივერსალური წესი.