სკოლებში მოსწავლეების შეფასების წესები შეიცვალა. ახალი რეგულაციით, მოსწავლის შეფასება მხოლოდ საბოლოო ნიშნის დაწერას აღარ უნდა ემსახურებოდეს - განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის გაწევას, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მას სასწავლო წლის ბოლოს კონკრეტულ საგანში დაბალი შედეგი აქვს.
ცვლილებები საქართველოს განათლების მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა და შეფასებასთან დაკავშირებული ახალი წესების ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედებულია.
ახალი წესით, საჯარო სკოლის მოსწავლე სემესტრის განმავლობაში სამი კომპონენტის მიხედვით ფასდება:
სამივე კომპონენტს თანაბარი წონა აქვს.
ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმა ხაზს უსვამს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას. მისი მიზანია, მასწავლებელმა და მოსწავლემ განსაზღვრონ, რა პროგრესი აქვს მოსწავლეს, რა სირთულეებს აწყდება და რომელ საკითხებზე სჭირდება დამატებითი მუშაობა.
ახალი წესით, მოსწავლე თავადაც განმავითარებელი შეფასების პროცესის აქტიური მონაწილეა. ამასთან, განმსაზღვრელი შეფასების შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმის დასადგენად, როგორ დაიგეგმოს სწავლისა და სწავლების შემდგომი პროცესი.
განსაკუთრებული წესი მოქმედებს დაწყებით კლასებშიც: I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამასთან, I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტი მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სწორედ ე.წ. „საშემოდგომო“ გამოცდას უკავშირდება.
თუ მოსწავლის წლიური შეფასება კონკრეტულ საგანში 5.0-ზე დაბალია, სკოლა ვალდებულია, მას საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე რემედიაციის პროგრამა შესთავაზოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი წლიური ქულა ავტომატურად მხოლოდ გამოცდაზე გადაყვანას აღარ გულისხმობს. გამოცდამდე სკოლამ მოსწავლეს დამატებითი საგანმანათლებლო მხარდაჭერა უნდა შესთავაზოს, რათა მან სასწავლო პროცესში გამოვლენილი სირთულეების დაძლევა შეძლოს.
რემედიაციის პროგრამა კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მისი მიზანია სასწავლო პროცესში გამოვლენილი შეფერხებების აღმოფხვრა. პროგრამის კურიკულუმის შინაარსს სკოლა საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმის საფუძველზე განსაზღვრავს.
რემედიაციის პროგრამა ასევე გათვალისწინებულია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აკადემიური შეფერხება აქვთ, სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ არიან ან სკოლის მიღმა იმყოფებიან. სკოლამ მოსწავლის აკადემიური შეფერხება ადრეულ ეტაპზე უნდა გამოავლინოს და შესაბამისი ზომები დროულად მიიღოს.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ მოსწავლეს წლის ბოლოს, მაგალითად, მათემატიკაში 4.5 ქულა ექნება, სკოლას მისი პრობლემის მხოლოდ საბოლოო ნიშნით დაფიქსირება არ ეყოფა. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა, რომელიც მის კონკრეტულ სასწავლო სირთულეებზე იქნება მორგებული.
ამასთან, ახალი რეგულაცია ცალკე განასხვავებს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას: მიზანი მხოლოდ ის არ არის, მოსწავლემ წლის ბოლოს კონკრეტული ქულა მიიღოს - შეფასების პროცესმა უნდა აჩვენოს, რა უჭირს მას და როგორ შეიძლება სწავლის შედეგის გაუმჯობესება.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი, მათ შორის შეფასების ახალი პრინციპები და 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასების შემთხვევაში რემედიაციის შეთავაზების ვალდებულება, 2026 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით უკვე ამოქმედებულია.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში სხვა ცვლილებების შესახებ ვრცლად სტატიას შეგიძლიათ, Mshoblebi.ge-ზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი