საქართველოს განათლების მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ეხება როგორც მოსწავლეების შეფასების სისტემას, ისე სკოლების ავტონომიას, არჩევით საგნებს, უცხოური ენების სწავლებას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას, მცირეკონტინგენტიან სკოლებსა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას.
თუმცა მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ბრძანებით გათვალისწინებული ყველა ცვლილება ერთდროულად არ ამოქმედდება. წესების ნაწილი უკვე 2026 წლის 4 სექტემბრიდან მოქმედებს, ხოლო ახალი საგნობრივი სტანდარტების მნიშვნელოვანი ნაწილი ეტაპობრივად - 2026-2027 და 2028-2029 სასწავლო წლებიდან შევა ძალაში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მოსწავლეების შეფასებას უკავშირდება.
ახალი წესით, საჯარო სკოლის მოსწავლე სემესტრის განმავლობაში სამი კომპონენტის მიხედვით ფასდება:
სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.
ამასთან, შეფასება მხოლოდ საბოლოო ქულის დასაწერად არ უნდა გამოიყენებოდეს. ეროვნული სასწავლო გეგმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოყოფს განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას. მისი მიზანია, მასწავლებელმა და მოსწავლემ დაინახონ, რა პროგრესი აქვს მოსწავლეს, რა სირთულეები არსებობს და რომელ საკითხებზეა დამატებითი მუშაობა საჭირო.
ახალი წესით, მოსწავლე თავადაც განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართული უნდა იყოს შეფასებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.
ამასთან, განმსაზღვრელი შეფასების შედეგებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს განმავითარებელი მიზნებისთვის - მაგალითად, იმის გასარკვევად, როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლისა და სწავლების შემდგომი პროცესი.
ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე ადგენს, რომ სემესტრული შეფასებისას განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად სისტემატურად უნდა გამოიყენებოდეს განმავითარებელი შეფასება, რათა შესაძლებელი იყოს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და მისი პროგრესის მხარდაჭერა.
აქვე აღსანიშნავია, რომ I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
ცვლილებები შეეხება იმ მოსწავლეებსაც, რომლებსაც კონკრეტულ საგანში წლის ბოლოს დაბალი შედეგი აქვთ.
თუ მოსწავლის წლიური შეფასება 5.0-ზე დაბალია, სკოლა ვალდებულია, მას საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე რემედიაციის პროგრამა შესთავაზოს.
ანუ მოსწავლის დაბალი შედეგი მხოლოდ საბოლოო ქულად არ განიხილება - სკოლას ევალება, მას სწავლის პროცესში დამატებითი მხარდაჭერა შესთავაზოს.
რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ აკადემიური შეფერხება და იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ, ან არიან სკოლის მიღმა. სკოლამ ადრეულ ეტაპზე უნდა გამოავლინოს მოსწავლის აკადემიური შეფერხება და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის დაძლევის მიზნით. რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით
ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, რომ გარკვეულ კერძო სკოლებსა და სპეციალიზებულ საჯარო სკოლებს შეუძლიათ კონკრეტულ საგნებში განსხვავებული შეფასების ბარიერი დაადგინონ, თუმცა ეს ბარიერი ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მინიმუმზე დაბალი ვერ იქნება.
თუ მოსწავლემ ასეთი სკოლის მიერ დაწესებული უფრო მაღალი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური ბარიერი დაძლია, მას უფლება აქვს, სხვა სკოლის მომდევნო კლასში გააგრძელოს სწავლა.
ახალი წესები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც ეხება.
გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, სსსმ მოსწავლეს ერთ ან რამდენიმე საგანში კონკრეტულ სემესტრში სემესტრული შეფასება არ ჰქონდეს. ამის საფუძველი უნდა იყოს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა.
თუ მოსწავლე კონკრეტულ საგანში სემესტრში არ შეფასდა, ეს მომდევნო კლასში მის გადასვლას ხელს არ შეუშლის.
ასეთ შემთხვევაში შესაბამისი საგნის სემესტრული ქულა საგნის წლიურ ქულად განიხილება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს. თუ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტი მოსწავლის ფუნქციურ ან სენსორულ საჭიროებებს ვერ შეესაბამება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება ალტერნატიულ სასწავლო გეგმას დაეფუძნოს.
ცალკე არის გათვალისწინებული ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულეებიც. ასეთ შემთხვევაში სკოლამ მოსწავლის სწავლება და შეფასება რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით უნდა უზრუნველყოს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში არჩევითი საგნების საკმაოდ ფართო ჩამონათვალია განსაზღვრული.
საშუალო საფეხურზე, X–XII კლასებში, მოსწავლეებს შეიძლება, შესთავაზონ ისეთი არჩევითი საგნები, როგორებიცაა:
ჩამონათვალში ასევე არის სპეციალური ელექტრონული პროგრამით ჭადრაკი II-III კლასებისთვის და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა - იმ სკოლებსა და კლასებში, რომლებიც შესაბამისი მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნის არჩევითად არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა სკოლა ყველა ამ საგანს შესთავაზებს. კონკრეტული არჩევითი საგნების შეთავაზება სკოლის სასწავლო გეგმისა და მისი შესაძლებლობების ფარგლებში განისაზღვრება.
ცვლილებების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაწილი თანამედროვე უნარებთან დაკავშირებული საგნების გაჩენაა.
სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში არჩევით მიმართულებებად არის წარმოდგენილი:
მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
ამასთან, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ არჩევით საგნებში გვხვდება კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, მულტიმედია და დიზაინი და სხვა მიმართულებები.
ანუ სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, მოსწავლეებს მხოლოდ ტრადიციული საგნების გარდა, თანამედროვე ციფრულ, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ მიმართულებებშიც შესთავაზოს არჩევანი.
მნიშვნელოვანი ცვლილებაა უცხოური ენების სწავლებაშიც.
ახალი წესით: პირველი უცხოური ენის სწავლება II კლასიდან იწყება.
ამასთან, II კლასიდან ინგლისური ენის სწავლა სავალდებულოა.
მეორე უცხოური ენის სწავლება კი V კლასიდან იწყება.
სკოლამ მოსწავლეებს მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს ასარჩევად.
არსებობს გამონაკლისებიც. კერძო სკოლებსა და შესაბამის რესურსსკოლებს უფლება აქვთ, მეორე უცხოური ენის სწავლება ნებისმიერი კლასიდან დაიწყონ.
საჯარო სკოლას კი დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მეორე უცხოური ენის შეცვლა შეუძლია, თუმცა ამისთვის საჭიროა სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმება.
უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში არჩევით საგნებად ასევე შედის მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტრუქტურაცაა დაკონკრეტებული.
ქართული ენა და ლიტერატურა I-VI, VIII და X-XII კლასებში ისწავლება, ხოლო VII და IX კლასებში ცალ-ცალკე გამოიყოფა ქართული ენა და ქართული ლიტერატურა.
ამ საგნობრივ ჯგუფში არჩევით მიმართულებებად არის გათვალისწინებული, მათ შორის, ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
ისტორიის მიმართულებით განისაზღვრა, რომ VII კლასში ისწავლება მსოფლიოს ისტორია, VIII-IX და XI-XII კლასებში - ისტორია, ხოლო VII და X-XII კლასებში - საქართველოს ისტორია.
სამოქალაქო განათლების მიმართულებით კი „მოქალაქეობა“ VII–XII კლასებში ისწავლება, ხოლო XI–XII კლასებში გათვალისწინებულია სავალდებულო პროექტებით სწავლება.
საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით არჩევით საგნებს ემატება ან ნარჩუნდება ისეთი კურსები, როგორებიცაა: ეკონომიკის საფუძვლები, მეწარმეობის საფუძვლები, სახელმწიფო და სამართალი, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება, მსოფლიო კულტურა, გეოგრაფიული კვლევა და სხვა.
ცვლილება შეეხება მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებსაც.
თუ კლასში მხოლოდ ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა.
კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა, როგორც წესი, 10-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ერთ კლას-კომპლექტში ორზე მეტი კლასი არ უნდა გაერთიანდეს.
I-IV კლასების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა პრინციპით გაერთიანება - მაგალითად, I-II და III-IV კლასებად ან I და III, II და IV კლასებად.
სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია რამდენიმე კლასის გაერთიანება და ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობა 10-საც შეიძლება აღემატებოდეს.
ასეთ კლასებში სწავლება მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს.
ცვლილებით კიდევ ერთხელ განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია.
თუ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო სასწავლო დღე ან დღეები გაცდა, სკოლამ ამის შესახებ სამინისტროს უნდა აცნობოს და გაცდენილი დღეები აღადგინოს.
თუ სკოლას ობიექტური მიზეზის გამო კვირის რომელიმე დღის დასვენების დღედ განსაზღვრა სურს, ამის შესახებ სამინისტროსთან შეთანხმება დასჭირდება და შესაბამისი სასწავლო დღე ასევე უნდა აღდგეს.
2026 წლის 4 სექტემბრის ბრძანების ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. თუმცა, ახალი საგნობრივი სტანდარტების ნაწილი გამონაკლისია და მათი ამოქმედებისთვის ბრძანება ცალკე ვადებს ადგენს.
ეს ნიშნავს, რომ ზემოთ განხილული ისეთი ძირითადი წესები, როგორიცაა შეფასების ახალი პრინციპები, 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასების შემთხვევაში რემედიაციის შეთავაზება, სსსმ მოსწავლეების შეფასებასთან დაკავშირებული წესები, სასწავლო კვირის ორგანიზება, მცირე სკოლებში კლას-კომპლექტები, არჩევითი საგნების ჩამონათვალი და უცხოურ ენებთან დაკავშირებული ძირითადი წესები, ბრძანებით გათვალისწინებულ ნაწილში უკვე ამოქმედებულია.
თუმცა, ახალი საგნობრივი სტანდარტები ეტაპობრივად ამოქმედდება.
სრულად ბრძანება შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე იხილოთ.
თამარ იაკობაშვილი