ფენოვანი ხაჭაპურის მომზადება ბევრისთვის ხანგრძლივ პროცესთან ასოცირდება — ცომის რამდენჯერმე გაბრტყელება, დაკეცვა, მაცივარში დასვენება და ლოდინი. თუმცა ინფლუენსერი და კულინარი ხატია მინდიააშვილი სწრაფ და მარტივ ვარიანტს გვთავაზობს, რომლის დროსაც ცომის მაცივარში რამდენჯერმე მოთავსება საჭირო არ არის.
„ეს არის ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი ფენოვანი ხაჭაპური, ყოველგვარი მაცივრის სვენებების გარეშე. და, რა თქმა უნდა, ზუსტ რეცეპტს გაჩვენებთ, რომ ყველას გამოგივიდეთ“, — ამბობს ხატია მინდიააშვილი და მომზადების პროცესს დეტალურად გვიზიარებს.
რა დაგჭირდებათ ცომისთვის
1 კგ ფქვილი, 600 მლ თბილი წყალი, 1-2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი, 1-2 ჩაის კოვზი მარილი, 2-3 ჩაის კოვზი ზეთი.
ასევე დაგჭირდებათ ოთახის ტემპერატურის კარაქი ან მცენარეული ცხიმი, სასურველი რაოდენობის ყველის შიგთავსი, ხოლო ზედაპირზე გადასასმელად კვერცხის გულისა და რძის ნაზავი.
ცომი
ფქვილს დაუმატეთ თბილი წყალი, მშრალი საფუარი, მარილი და ბოლოს ზეთი. ყველაფერი კარგად მოზილეთ და ცომს გაფუება აცადეთ.
გაფუებული ცომი დაყავით გუნდებად — თითოეული გუნდა დაახლოებით100 გრამი უნდა იყოს.
როგორ მივიღოთ ფენოვანი ცომი
ცომის გუნდას მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გააბრტყელეთ საშუალო სისქეზე. ძალიან თხლად გაბრტყელება საჭირო არ არის.
შემდეგ ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი ან მცენარეული ცხიმი და ცომი გადაკეცეთ. კვლავ გააბრტყელეთ, კიდევ წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და ისევ გადაკეცეთ. ეს პროცესი დაახლოებით 2-3-ჯერ გაიმეორეთ.
სწორედ ასეთი რამდენჯერმე გაბრტყელება, კარაქის წასმა და დაკეცვა აძლევს ხაჭაპურს ფენოვან სტრუქტურას.
„დასვენება აქ უკვე აღარ არის საჭირო... ალბათ 2-3-ჯერ იქნება საკმარისი“, — განმარტავს ხატია.
როგორ შევახვიოთ ხაჭაპური
ბოლოს ცომი კიდევ ერთხელ გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ სასურველი რაოდენობის ყველის შიგთავსი და კონვერტის მსგავსად შეკარით.
განსაკუთრებით კარგად შეაერთეთ გვერდები, რათა ცხობისას ხაჭაპური არ გაიხსნას.
„მთავარია მაინც გემო და გემოზე კი იდეალურია, ძალიან მოგეწონებათ. თან ძალიან მარტივია და ძალიან სწრაფი“, — ამბობს კულინარი.
მომზადებულ ხაჭაპურს ზემოდან გადაუსვით კვერცხის გულისა და რძის ნაზავი.
ღუმელი წინასწარ მაქსიმალურ ტემპერატურაზე გააცხელეთ და ხაჭაპურები კარგად შეწითლებამდე გამოაცხვეთ.
შედეგად მიიღებთ გარედან ხრაშუნა და ფენოვან, შიგნით კი ყველით სავსე ხაჭაპურს.