"ბავშვისთვის კვება განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია... თუ ჯანმრთელი არ არის, ამ ცოდნას ვერ გამოიყენებს" - ნატა გაგუა - მშობლები

"ბავშვისთვის კვება განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია... თუ ჯანმრთელი არ არის, ამ ცოდნას ვერ გამოიყენებს" - ნატა გაგუა

2026-09-10 10:55:01+04:00

ექიმი-ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა, გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის ჯანსაღად კვებას და რა გავლენა აქვს, ზოგადად, კვებას მათ ზრდასა და განვითარებაზე:

- განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის კვება განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან განათლებით მიღებული ცოდნა მან უნდა გამოიყენოს. თუ მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელი არ არის, ამ ცოდნას ვერ გამოიყენებს.

ჩვენი საკვები, განსაკუთრებით ბავშვებში, ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მიკრობიომი, რასაც ბავშვი ღებულობს, პირდაპირ კავშირშია ტვინთან. ასე რომ, ბავშვის ქცევა, განწყობა და საგნის შეთვისების უნარი პირდაპირაა კავშირში იმასთან, თუ როგორ გამოკვებავთ. სკოლაში ბავშვს სმენადობა შეიძლება, ნულზე მხოლოდ იმის გამო ჰქონდეს, რომ არ ისაუზმა ან ცუდად ისაუზმა.

- და რა არის ეს ოქროს წესები ან ოქროს პროდუქტები, რაც აუცილებლად უნდა იყოს რაციონში? კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა არის მავნე და რა - სასარგებლო.

- რა არის მავნე და სასარგებლო, მშობლებმა იციან, რადგან ძალიან ბევრი კარგი და კარგად მიწოდებული გადაცემაა. მშობლებმა ეს იციან, მაგრამ ამისი პრაქტიკულად განხორციელება ძალიან ძნელია. ჩვენ ბავშვებთან დიდ დოზით არ ვართ, ყველა ვმუშაობთ. აქედან გამომდინარე, ბავშვს არ ესმის, რომ ეს ცუდია და ეს - კარგი. პირიქით, შეიძლება დამღუპველიც იყოს ბავშვისთვის, როცა ეუბნები, რომ კარტოფილი ცუდია და ბროკოლი - კარგი. ასაკთან ერთად, მისთვის ეს სხვა ტრიგერებს გამოიწვევს. პირველი მშობლებისა და ოჯახის წევრების მაგალითია. როდესაც ბავშვი უყურებს, თუ როგორ იქცევა მამა, დედა, ბებია ან ბაბუა, მერე ქვეცნობიერი აბსორბცია იწყება და ის ჩვევები მის ცნობიერებაში ბუნებრივად შემოდის.

გარდა ამისა, ხშირად ეუბნებიან, რომ "წვნიანს თუ შეჭამ, ნაყინს მოგცემ". ბავშვისთვის ეს ასე ითარგმნება: წვნიანი სასჯელია, ხოლო ნაყინი - ჯილდო. ჩვენ თვითონ ვეუბნებით იმას, რაც არ გვინდა, რომ ბავშვმა ისწავლოს.

- როგორ მივაჩვიოთ ბავშვი, რა ასაკიდან იწყება მიჩვევა ჯანსაღ საკვებთან და შედარებით მავნე პროდუქტი ჯანსაღი პროდუქტით როგორ შეიძლება ჩავუნაცვლოთ? რა ხერხები არსებობს?

- პირველი მაგალითია. მეორე - პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ ასაკობრივად რა ეჭმევა, იმის მიწოდებაა, თან არა მარტო დაბლენდერებულის. ბავშვმა დაბლენდერებული ბროკოლი შეიძლება არ მიიღოს, მაგრამ თუ დედა ფორმას მისცემს, დაანახებს, შეეხება და მოტორულ ინტელექტს განუვითარებს, თამაშ-თამაშით შეიძლება ის მერე მიიღოს. ან თუ ბავშვს წონის პრობლემა აქვს და სულ ცუცნაობს, მთელ სახლში ხილი და შოკოლადები კი არ უნდა იყოს, არამედ ისეთი ჯანსაღი ხელმისაწვდომი რაღაცები უნდა იყოს, როგორიცაა ბოსტნეულის ჩხირები. ან კიდევ არსებობს "ფუდ-არტი" - ბავშვს რაღაც გააკეთებინო. ეს ბავშვებს საერთოდ უყვართ, რადგან დედასთან და მამასთან ურთიერთობაა. ამ პროცესში ეხება და ისეთ ინფორმაციას ღებულობს, რაც შეიძლება, ჩვენ არც ვიცოდეთ. ზაფხულში, ზღვაზე ხშირად დამინახავს, დედა შევარდება ზღვაში და ეძახის: "დათუნა, იოგურტი ჭამე!" ბავშვის ქვეცნობიერი იღვიძებს, ზღვასთან ურთიერთობს და რა დროს იოგურტია? ამოვა და მერე შეჭამს…

ჰოდა, დედას ვერ ამტყუნებ, იოგურტისა და ხემსის დრო მოვიდა, მაგრამ ბავშვი სულ სხვაგან არის და ეს შეიძლება, მიიღოს, როგორც სიამოვნების ჩაშლა.

- პროფესიონალებისგან გაგვიგია, რომ თუ ბავშვი მუდმივად კარტოფილს ჭამს, არ დავუშალოთ, სანამ მისი ორგანიზმი ამას ითხოვს. მერე ორგანიზმი თვითონ იზამს იმას, რომ კარტოფილი აღარ მოუნდეს. ამ შემთხვევაში მშობელი როგორ უნდა მოიქცეს?

- ზოგჯერ ბავშვს აკვიატება აქვს და მერე ირკვევა, რომ ერთ-ერთი მიკროელემენტის დეფიციტია. მაგალითად, კარტოფილი ახსენეთ და კარტოფილში კალიუმი ბევრია. ამიტომ არც უნდა აუკრძალოთ, უბრალოდ მომზადების წესი უნდა იყოს დაცული: ცხიმში არ უნდა შეწვათ, აეროგრილში გამოაცხოთ ან ისე მოამზადოთ, როგორც პედიატრი გირჩევთ. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, ზოგჯერ ჩვევაა. ბავშვი, რომელსაც ერთი და იგივე პროდუქტის ამოჩემება აქვს, ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგთან კონსულტაციას გაივლით. ხშირად ეგ შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ასე აპროტესტებდეს იმ უყურადღებობას, რაც მას სუბიექტურად ეჩვენება. ამიტომ ჩვენი ახალი პროექტიც ამაზეა: ბავშვთან ნუტრიციოლოგი მუშაობს, ხოლო დედასთან, მამასთან ან იმასთან, ვისთანაც ბავშვი ძირითადად იზრდება - ფსიქოლოგი.

ბავშვის რაციონში აუცილებელია ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. აქედან გამომდინარე, ბოსტნეულიც, ხილიც, რძის ნაწარმიც, ხორციც, თევზიც და კვერცხიც აუცილებელია. თუ ბავშვი ალერგიული არ არის, ყველაფერი უნდა მიიღოს. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა. თუ ყველა პროდუქტი ჯანსაღად იქნება მომზადებული და გარკვეულ დროს მიღებული, ბავშვი ჯანმრთელი გაიზრდება.

სენდვიჩი, ბურგერი თუ ჯანსაღი ინგრედიენტებით კარგად არის მომზადებული, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, ძირითადად ისეთი კვების ობიექტებში ვართ, სადაც მწნილიც დიდი დოზითაა, კეტჩუპიც და მაიონეზიც - ისეთი რაღაცები, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბავშვის ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

- მშობლისთვის გამოსავალი შეიძლება, იყოს ის, რომ საყვარელი ბურგერი ისე მოვუმზადოთ, რომ ჯანსაღი იყოს და იგივე ვიზუალი შევქმნათ.

- მანდ მშობლების პასუხია: "ვამზადებ, მაგრამ არ ჭამს, მაინცდამაინც იმას ითხოვს".

თუ იცით, რომ აუცილებლად მოხვდებით ისეთ ადგილას, სადაც ბავშვს ვერ გააჩერებთ, დანაყრებული წაიყვანეთ. ეს ერთი გამოსავალია. დიდებისგან განსხვავებით, ბავშვებს არაჩვეულებრივი თვისება აქვთ: თუ არ შიათ, არ ჭამენ. მეორე ის არის, რომ სახლში მასთან ერთად მოვამზადოთ. მაგალითად, პიცას ჯანსაღი ინგრედიენტებით ამზადებთ, კარტოფილს უფრო ჯანსაღად წვავთ. მაგრამ თუ მაინცდამაინც დაბადების დღეებია, ბავშვის რაციონის 80% შეიძლება, ჯანსაღი იყოს და 20% - კვებითი "ხულიგნობა". წლის განმავლობაში თუ არის გაფანტული, არაფერი მოხდება, თუ ბავშვი ჯანმრთელია და ალერგია ან შაქრიანი დიაბეტი არ აქვს. ბავშვი ძლიერ ჩარჩოებში არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სისტემაში უნდა იყოს.

სოციუმი, სამწუხაროდ, დაუნდობელია, განსაკუთრებით იმ ბავშვებთან, რომლებიც სპორტში, ბალეტსა თუ სამოდელო სფეროში არიან. ძალიან არაჯანსაღი მესიჯები აქვთ: "ცოტა ჭამე", "გახდი". ეს ძალიან სტრესულია და ხშირად ბავშვის კვებითი ქცევის დარღვევისკენ უბიძგებს. ეს ისე უნდა იყოს მიწოდებული, რომ ვიცოდეთ, როგორია ბავშვი: ინტროვერტი თუ ექსტროვერტი. ვინც ამას ასწავლის, ყოვლად დაუშვებელია თქვას: "რას დაემსგავსე". ეს ყოვლად დაუშვებელია.

სკოლის მოსწავლის ერთკვირიანი მენიუ და რეცეპტები - რა ვაჭამოთ შინ და რა გავატანოთ სკოლაში