სკოლის მოსწავლის ერთკვირიანი მენიუ და რეცეპტები - რა ვაჭამოთ შინ და რა გავატანოთ სკოლაში - მშობლები

სკოლის მოსწავლის ერთკვირიანი მენიუ და რეცეპტები - რა ვაჭამოთ შინ და რა გავატანოთ სკოლაში

2026-09-09 10:19:59+04:00

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მშობლებისთვის ერთ-ერთი ყოველდღიური საზრუნავი ბავშვის კვებაა — რა მოვუმზადოთ საუზმეზე, რა გავატანოთ სკოლაში და როგორ შევადგინოთ ისეთი მენიუ, რომელიც ერთდროულად სასარგებლოც იქნება, ნოყიერიც და ბავშვსაც მოეწონება.

მნიშვნელოვანია, ბავშვმა დღის განმავლობაში მიიღოს სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტი — ბოსტნეული და ხილი, ცილოვანი საკვები, რთული ნახშირწყლები და რძის პროდუქტები.

თანამედროვე მიდგომით, სკოლის ასაკის ბავშვის ყოველდღიურ რაციონში რეკომენდებულია დაახლოებით:

  • 2–3 ულუფა ბოსტნეული და ხილი; (ერთი ულუფა დაახლოებით ბავშვის მუშტის ზომას შეესაბამება)
  • 2 ულუფა ცილოვანი პროდუქტი;
  • 1–3 ულუფა რთული ნახშირწყლები — ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობაც იზრდება;
  • 1–2 ულუფა რძის პროდუქტი.

მნიშვნელოვანია მრავალფეროვნებაც. მაგალითად, რთული ნახშირწყლების ერთადერთი წყარო ყოველდღიურად მხოლოდ პური არ უნდა იყოს, ისევე როგორც ბოსტნეულის არჩევანი არ უნდა შემოიფარგლოს ერთი პროდუქტით. სასურველია, ბავშვის მენიუში კვირაში ორჯერ მაინც იყოს თევზი, უმჯობესია — ცხიმიანი ზღვის თევზი.

რამდენჯერ უნდა ჭამოს ბავშვმა დღის განმავლობაში

ყველა ბავშვისთვის კვების ერთი უნივერსალური რეჟიმი არ არსებობს. ზოგს დილით გაღვიძებისთანავე საუზმე არ სურს და ეს თავისთავად პრობლემა არ არის. კლასიკურ სქემად ითვლება სამი ძირითადი კვება და ორი წახემსება.

თუ ბავშვმა რომელიმე კვება გამოტოვა, ეს კატასტროფა არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, შემდეგ შიმშილი ტკბილეულით, შოკოლადის ბატონით ან სხვა ნაკლებად სასარგებლო პროდუქტით არ დაიკმაყოფილოს. ამიტომ კარგი გამოსავალია სკოლაში ისეთი საკვების გატანება, რომლის ჭამასაც მაშინ შეძლებს, როცა მოშივდება — მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, კარგი ხარისხის პური, იოგურტი ან თხილეული.

სკოლის მოსწავლის ერთკვირიანი მენიუ

ორშაბათი

საუზმე: შვრიის ფაფა ბანანით ან სხვა ხილით, თხილითა და თესლეულით.

ხემსი: ყველის სენდვიჩი კიტრითა და სალათის ფოთლით, ვაშლი ან სხვა სეზონური ხილი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი და პური.

სამხარი: მოხარშული კვერცხი, კიტრი და პომიდორი, ხრაშუნა პური.

ვახშამი: ღუმელში მომზადებული თევზი კარტოფილითა და ბოსტნეულით.

სამშაბათი

საუზმე: კვერცხი, პომიდორი და კიტრი, ყველი და პური.

ხემსი: ბანანი ან ვაშლი და ერთი მუჭა თხილი.

სადილი: ქათმის მსუბუქი სუპი ბოსტნეულით და პური.

სამხარი: ბერძნული იოგურტი ხილით ან კენკრით.

ვახშამი: ღუმელში მომზადებული ქათამი კარტოფილით, სტაფილოთი და სხვა ბოსტნეულით.

ოთხშაბათი

საუზმე: ტოსტი თევზით, კრემ-ყველითა და კიტრით.

ხემსი: იოგურტი და ხილი.

სადილი: პომიდვრისა და ოსპის სუპი პურთან ერთად.

სამხარი: ყველი, კიტრი, ბულგარული წიწაკა და ხრაშუნა პური.

ვახშამი: პასტა ორაგულითა და ისპანახით, ახალი ბოსტნეულის სალათთან ერთად.

ხუთშაბათი

საუზმე: წიწიბურა რძით და ხილი.

ხემსი: ყველის სენდვიჩი კიტრით ან პომიდვრით და სეზონური ხილი.

სადილი: ბარდისა და ბოსტნეულის სუპი და პური.

სამხარი: ხაჭოს ბლინები ხილით ან კენკრის სოუსით.

ვახშამი: მოთუშული კომბოსტო ლობიოთი და ახალი კიტრი.

პარასკევი

საუზმე: ტოსტი არაქისის კარაქითა და ბანანით, რძე ან იოგურტი.

ხემსი: სტაფილოსა და კიტრის ჩხირები, ყველი და ხრაშუნა პური.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ქათმით და პური.

სამხარი: ხაჭო ხილით, თხილითა და თესლეულით.

ვახშამი: ოსპი ქათმითა და პომიდვრით, ახალი ბოსტნეულის სალათთან ერთად.

შაბათი

საუზმე: სტაფილოს ბლინები იოგურტით და ხილით.

ხემსი: ხილი, იოგურტი და რამდენიმე ცალი თხილი.

სადილი: ყავისფერი ბრინჯის ფლავი ქათმითა და მუხუდოთი, კიტრისა და პომიდვრის სალათი.

სამხარი: სრულმარცვლოვანი ხრაშუნა პური ჰუმუსით, კიტრითა და სტაფილოთი.

ვახშამი: ღუმელში მომზადებული თევზი ან ქათამი ბოსტნეულით.

კვირა

საუზმე: კვერცხი პომიდვრით, ყველითა და მწვანილით, პური და კიტრი.

ხემსი: კეფირის, ბანანისა და კენკრის სმუზი.

სადილი: წიწიბურა ქათმით ან ინდაურით და ახალი ბოსტნეულის სალათი.

სამხარი: იოგურტი ხილით, კენკრით ან თხილით.

ვახშამი: ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხითა და ყველით, კიტრისა და პომიდვრის სალათთან ერთად.

რეცეპტები

ჰუმუსი

homusi-1788937117.png

ჰუმუსი გამოდგება როგორც ხემსისთვის, ისე სენდვიჩისთვის. ბავშვს შეიძლება გაატანოთ კიტრისა და სტაფილოს ჩხირებთან ან სრულმარცვლოვან პურთან ერთად.

ინგრედიენტები:

  • 250 გ მოხარშული ან დაკონსერვებული მუხუდო
  • 2 სუფრის კოვზი ტაჰინი
  • 1–2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1–2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1 პატარა კბილი ნიორი — სურვილისამებრ
  • ცოტა მარილი
  • 2–4 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება: მუხუდო, ტაჰინი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი ბლენდერში მოათავსეთ. თანდათან დაუმატეთ წყალი და დააბლენდერეთ, სანამ გლუვ, კრემისებრ მასას არ მიიღებთ. ბავშვისთვის მომზადებისას ნივრის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ ან საერთოდ არ გამოიყენოთ.

ბოსტნეულის წვნიანი ქათმით

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ფილე
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 პატარა ხახვი
  • 1 პატარა ყაბაყი
  • ½ ბულგარული წიწაკა
  • ცოტა კამა ან ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი

მომზადება: ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით, დაასხით წყალი და მოხარშეთ. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და ხახვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაყარეთ ყაბაყი და ბულგარული წიწაკა. ხარშეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი დარბილდება. ბოლოს დაუმატეთ ცოტა მარილი, ზეთი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ღუმელში მომზადებული თევზი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • 500 გ თევზის ფილე
  • 2 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 პატარა ყაბაყი
  • 1–2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ცოტა მარილი
  • ლიმონის წვენი — სურვილისამებრ

მომზადება: ბოსტნეული დაჭერით და საცხობ ფორმაში მოათავსეთ. მოასხით ცოტა ზეთი და შედგით 180–190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ზემოდან დააწყვეთ თევზის ფილე, ოდნავ მოაყარეთ მარილი და კვლავ შედგით ღუმელში, სანამ თევზი და ბოსტნეული სრულად მომზადდება. მირთმევის წინ შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენიც მოასხათ.

პომიდვრისა და ოსპის სუპი

ინგრედიენტები:

  • 200 გ წითელი ოსპი
  • 400 გ პომიდორი საკუთარ წვენში ან დაჭრილი ახალი პომიდორი
  • 1 სტაფილო
  • 1 პატარა ხახვი
  • 1 პატარა ნაჭერი ნიახური — სურვილისამებრ
  • 1 სუფრის კოვზი ზეთი
  • დაახლოებით 1 ლ წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება: წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო ცოტა ზეთში მსუბუქად მოთუშეთ. დაუმატეთ პომიდორი და რამდენიმე წუთი ერთად გააჩერეთ. შემდეგ ჩაყარეთ კარგად გარეცხილი ოსპი, დაასხით წყალი ან ბულიონი და ხარშეთ, სანამ ოსპი დარბილდება. სურვილის შემთხვევაში სუპის ნაწილი ან მთლიანად შეგიძლიათ დააბლენდეროთ.

სტაფილოს ბლინები

e64eb818-0459-4d36-98d6-6e87cdb35b79-1788937187.png

ინგრედიენტები:

  • 400 გ სტაფილო
  • 2 კვერცხი
  • 3–4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი — სურვილისამებრ
  • მწიკვი მარილი
  • ცოტაოდენი ზეთი

მომზადება: სტაფილო წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მწიკვი მარილი. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ცოტა შაქარიც. კარგად აურიეთ. ტაფაზე მცირე რაოდენობით ზეთი გააცხელეთ, კოვზით გადაიტანეთ მასა და ორივე მხრიდან დაბრაწეთ. მიირთვით უშაქრო იოგურტთან და ხილთან ერთად.

ხაჭოს ბლინები

ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 4 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1–2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 50–70 გ ქიშმიში — სურვილისამებრ
  • მწიკვი მარილი
  • ცოტაოდენი ზეთი

მომზადება: ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ფქვილის ნაწილი. სურვილის შემთხვევაში ჩაყარეთ ქიშმიშიც. მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბლინები, მსუბუქად ამოავლეთ დარჩენილ ფქვილში და ტაფაზე ორივე მხრიდან დაბრაწეთ. შეგიძლიათ მიირთვათ იოგურტთან, დაჭრილ ხილთან ან კენკრის სოუსთან ერთად.

პასტა ორაგულითა და ისპანახით

ინგრედიენტები:

  • 300 გ პასტა
  • 200 გ ორაგულის ფილე
  • 150–200 გ ისპანახი
  • 100 მლ ნაღები
  • 70–100 გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • ცოტა მარილი

მომზადება: პასტა მოხარშეთ. ორაგული პატარა ნაჭრებად დაჭერით და ტაფაზე ცოტა ზეთში მოამზადეთ. დაუმატეთ ისპანახი და როცა დარბილდება, ჩაასხით ნაღები. შემდეგ შეურიეთ მოხარშული პასტა და ბოლოს მოაყარეთ გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ.

როგორ უნდა შეიცვალოს ბავშვის კვება სწავლის დაწყების შემდეგ - რა ვაჭამოთ დილით და რა გავატანოთ სკოლაში
რა მოვუმზადოთ ოჯახს დილით? 4 სასარგებლო და გემრიელი რეცეპტი, რომელიც ბავშვებსაც მოეწონებათ და უფროსებსაც