დიდი შეცდომაა, როდესაც ბავშვი სკოლაში თითქმის უჭმელი მიდის ან მისი საუზმე მხოლოდ სწრაფად მომზადებული ბუტერბროდია, საუზმის მზა "ხრუხუნებით" შემოიფარგლება.
„საუზმე სრულფასოვანი უნდა იყოს. მისი მომზადებისთვის კარგი არჩევანია კვერცხი, ხაჭო, ნატურალური იოგურტი ან სრულმარცვლოვანი პური — მათი სხვადასხვა კომბინაციით ბავშვს ცილებითა და რთული ნახშირწყლებით მდიდარი საუზმე შეგვიძლია შევთავაზოთ.“
მაგალითად, კვერცხი + სრულმარცვლოვანი პური, ან ხაჭო + პური, ან ნატურალური იოგურტი სხვა შესაბამის საკვებთან ერთად.
ასეთი პროდუქტები ბავშვს ცილებითა და რთული ნახშირწყლებით უზრუნველყოფს, რაც დანაყრების შეგრძნების უფრო დიდხანს შენარჩუნებასა და ენერგიის მიღებაში ეხმარება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რთული ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს. რაციონში შეიძლება შევიტანოთ სრულმარცვლოვანი მარცვლეული და პური, პარკოსნები, ასევე მაგარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული მაკარონი და კარტოფილი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის არჩევა, არამედ პორციის ზომა და მომზადების წესიც — მაგალითად, მოხარშული ან ღუმელში მომზადებული კარტოფილი და კარტოფილი ფრი კვებითი თვალსაზრისით ერთი და იგივე არ არის.
ეს პროდუქტები ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა და შეიძლება მოსწავლის ყოველდღიური რაციონის ერთ-ერთი საფუძველი გახდეს.
ბავშვის რაციონში რეგულარულად უნდა იყოს თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები, კვერცხი, თხილეული და სხვადასხვა სახის თესლი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცხიმიან ზღვის თევზს, რადგან ის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ბოსტნეული და ხილი — ისინი ორგანიზმს ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს.
თუმცა ექიმი ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც უსვამს ხაზს: ხილი სრულფასოვან კვებას ვერ ჩაანაცვლებს. მაგალითად, მხოლოდ ვაშლი ან ბანანი ბავშვის სადილად საკმარისი არ არის. ხილი უმჯობესია იყოს მცირე წასახემსებელი ან ძირითადი კვების დამატება.
სკოლაში წასახემსებლად კარგი არჩევანია ნატურალური იოგურტი, ხაჭო, სრულმარცვლოვან პურზე მომზადებული ბუტერბროდი ან თხილეული.
ამასთან, მნიშვნელოვანია წყლის მიღებაც. დატვირთული სასკოლო დღის განმავლობაში ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ წყლის დალევა, ამიტომ სასურველია, თან ჰქონდეთ ჩვეულებრივი სუფთა წყალი და დღის განმავლობაში რეგულარულად დალიონ.
თუ ზაფხულის არდადეგებზე ბავშვის კვების რეჟიმი მნიშვნელოვნად შეიცვალა, სასწავლო წლის დაწყებისთანავე მისი მკვეთრად შეცვლა საჭირო არ არის.
ექიმის რეკომენდაციით, ჯანსაღ რეჟიმზე დაბრუნება თანდათანობით უნდა მოხდეს. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სრულფასოვანი და ჯანსაღი საუზმის აღდგენაა, შემდეგ კი ეტაპობრივად შეიძლება დღის დანარჩენი კვების რეჟიმის მოწესრიგებაც.
საბოლოოდ, მოსწავლის კვების მთავარი პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეგულარული და მრავალფეროვანი კვება, სრულფასოვანი საუზმე, ცილისა და რთული ნახშირწყლების საკმარისი რაოდენობა, ყოველდღიურად ბოსტნეული და ხილი და დღის განმავლობაში წყლის რეგულარული მიღება.