ირაკლი მაქაცარიამ გადაცემა "პრაიმ-შოუში" წაიკითხა ემოციური წერილი 20 წლის ირაკლისთვის:
გამარჯობა, მაქაც, ცოტა უჩვეულოა ამ გადმოსახედიდან შენთან ასეთი ფორმით საუბარი. მაშინ, როდესაც უკვე 41-წლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება და არც თუ ისე ერთფეროვანგზაგამოვლილმა, უნდა გირჩიო რაღაცები.
დრო... ეს სიტყვა შენთვის თითქოს უსასრულო რესურსია, რომელსაც არავინ გითვლის, დღეს კი ეს ის არის, რასაც ყველაზე მეტად აფასებ. ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ დროზე გესაუბრო, რადგან ყველაფერი, რაც შემდეგ დღევანდელ დღემდე მოგიყვანს, ბოლოს და ბოლოს დროის ამბავია.
სტუდენტური პერიოდის გართობის მორევში გადავარდნილი, კვირაში ოთხჯერ ან თუნდაც ხუთჯერ სახლში არც კი მოდიხარ. მოდიხარ მხოლოდ საჭმელად და ტანსაცმლის გასაცვლელად, თითქოს სახლი სასტუმროა და ოჯახი - პერსონალი, რომელიც ელოდება შენს დაბრუნებას. შენ დღეს გგონია, რომ სახლი არსად გაიქცევა, არც ოჯახი და მართალიც ხარ, მაგრამ, სამწუხაროდ, შენ თვითონ დაუფიქრებლად გაურბიხარ იმ ოქროს წლებს, რომლებიც ვეღარასდროს დაგიბრუნდება. სახლში მისვლა 20 წუთით ადრე, სადილზე ერთი ტკბილი საუბარი შენს ოჯახის წევრებთან ეს არ არის დაკარგული დრო, ეს არის დრო, რომელსაც მოგვიანებით ყველაზე ძვირად იყიდდი, უკან გამოსყიდვის საშუალების გარეშე.
შენი მშობელი ყოველთვის გირჩევს საუკეთესო განზრახვით, ისე როგორც მხოლოდ მშობელს შეუძლია, შენ კი ამას აღიქვამ როგორც საყვედური, კონტროლი, ძველი თაობის შეხედულება... ირაკლი, ისწავლე მოსმენა, ისწავლე მშვიდად პასუხის გაცემა, გთხოვ... თუნდაც არ ეთანხმებოდე, არა იმიტომ, რომ დედა ყოველთვის მართალია, არამედ იმიტომ, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია დედაზე მეტად უნდოდეს შენთვის კარგი. ერთი წამიერი სიმშვიდე შენი მხრიდან შენთვის არაფერია, მისთვის კი ყველაფერს ნიშნავს. სამწუხაროდ, დღესაც ვერ გაპატიე მრავალი უაზრო იმპულსურობა და შენი უხეშობა.
არ გადადო, მალე მოვა დღე, რომელიც შენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დანაკარგად დარჩება, დანაკარგად, რომელიც დღემდე მოგყვება, 21 წლის შემდეგ. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარე შენს საყვარელ ბებიასთან, რომელიც ამდენი წლის შემდეგაც ყოველთვის შენი ლოცვების მეგზურია...
დროის ფასს ვხვდებით მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით, რომ ის ამოწურვადია. ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ერთი ჩაი, ერთი საუბარი, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება.
დღეს 41 წლის ასაკში ერთ-ერთ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ხარ, რაც კი ოდესმე გქონია. გაგიკვირდება და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ყოველდღიურობაა. აღარ ეტანები ალკოჰოლს, არც ნიკოტინს. დღესაც ყოველდღე ვნანობ, რომ ეს ყველაფერი 20 წლის ასაკში დროულად ვერ გაგაგებინე. ეცადე, გონება გაახილო და აღიქვა რეალობა, კლუბებში, ფესტივალებზე გადაბმული ორ-სამდღიანი უძილო ღამეები, ალკოჰოლით, ნიკოტინით და სხვა ნივთიერებებით გაბრუებული მდგომარეობა ახლა გეჩვენება თავისუფლებად. სინამდვილეში კი ეს შენი საკუთარი თავისგან გაქცევის ეფექტური ფორმაა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი შენ არ ხარ, ეს არის ის, ვისაც დღეს ვეღარც იცნობდი და ვერც შეეგუებოდი.
დაიმახსოვრე, ჯანმრთელობა არის საბანკო ანგარიშივით, საიდანაც უკვე 20 წლის ასაკიდან სესხულობ და 41 წლის ასაკში გაქვს ან კაპიტალი ან ვალი. ახლა შენ დარწმუნებული ხარ, რომ ყველა შენს ირგვლივ შენი საუკეთესო მეგობარია და მთელი ცხოვრება ერთად იქნებით.21 წელი გავა და ამ წრიდან, ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები დაგრჩება, დანარჩენები კი გაქრებიან. არა იმიტომ, რომ ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ დრო ყველაზე გულწრფელი ფილტრია, რომელიც არსებობს. დაიმახსოვრე, მეგობრებს ირჩევ შენ, მაგრამ საუკეთესოებს გიტოვებს დრო.
დღეს ბევრი ისეთი რამ გითხარი, რაც აქამდე შენზე არავინ იცოდა და ალბათ არც წარმოედგინა, მაგრამ გულწრფელობა ნდობის პირველი ნაბიჯია და მინდა ეს ტვირთი მოვიხსნა ახლა.
მაგრამ მთელი სიამოვნება წინ გელის, რადგან ჯერ არ იცი, რამდენად შეყვარებული ხარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და გულწრფელ ლიზაზე. შენს ერთადერთ და განუმეორებელ პრინცესაზე. გყავს შენი იმედი გიო, უცელქესი და უტკბილესი ნინა და უსათუთესი ქეთუთა. შენი ცხოვრების აზრები, ასე რომ, რაც უნდა ბევრი შეცდომა დაგეშვა ამ 41 წლის მანძილზე, იცოდე, რომ ღმერთმა მაინც სწორ ადგილას მიგიყვანა.