შვილიშვილებთან გატარებული დრო ბებია-ბაბუებისთვის მხოლოდ სასიამოვნო ემოციებთან არ არის დაკავშირებული. თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვებთან აქტიური ურთიერთობა უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ერთგვარი გონებრივი, სოციალური და ემოციური სტიმულია და კოგნიტიური ფუნქციების უკეთ შენარჩუნებას უკავშირდება.
ბავშვთან ურთიერთობა უფროს ადამიანს მუდმივად სთხოვს ჩართულობას: საუბარს, კითხვებზე პასუხის გაცემას, თამაშს, ახალი ინფორმაციის გაგებას, ამბების გახსენებას, ზოგჯერ გაკვეთილების მომზადებაში დახმარებასაც. ამ ყველაფრის დროს აქტიურად მუშაობს ყურადღება, მეხსიერება, მეტყველება და პრობლემის გადაჭრის უნარი.
2024 წელს Journal of Marriage and Family-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა 50 წელს გადაცილებული 11 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. დაკვირვება 18-წლიან პერიოდს მოიცავდა.
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც შვილიშვილების მოვლაში გარკვეული დოზით მონაწილეობდნენ, უკეთესი კოგნიტიური მაჩვენებლები ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც შვილიშვილების მოვლაში საერთოდ არ იყო ჩართული. მკვლევარები ერთ-ერთ შესაძლო ახსნად სწორედ სოციალურ ჩართულობას, ინტელექტუალურ სტიმულაციასა და ამ ურთიერთობის ემოციურ მნიშვნელობას ასახელებენ.
კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შვილიშვილების მოვლაში ჩართულ ასაკოვან ადამიანებში ოთხწლიანი დაკვირვებისას უკეთესი იყო როგორც დაუყოვნებელი, ისე მოგვიანებითი გახსენების მაჩვენებლები, ხოლო მეხსიერების გაუარესება შედარებით ნელა მიმდინარეობდა.
2026 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში კი შვილიშვილების მოვლაში ჩართულ ბებიებსა და ბაბუებს უკეთესი ვერბალური მოქნილობისა და ეპიზოდური მეხსიერების მაჩვენებლები ჰქონდათ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მხოლოდ ერთად გატარებული დრო არ აღმოჩნდა გადამწყვეტი — მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ბებია-ბაბუა და შვილიშვილი ერთად.
ბავშვთან ურთიერთობაა უფროსი ადამიანი ყოველდღიური რუტინიდან გამოჰყავს. შვილიშვილთან შეიძლება დასჭირდეს ახალი თამაშის სწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიის გარკვევა, მის ინტერესებზე საუბარი, წიგნის წაკითხვა, გასეირნება ან სკოლის დავალებაში დახმარება.
ამავე დროს, ეს სოციალური ურთიერთობაცაა. ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთ ადამიანს სოციალური კონტაქტები უმცირდება, ხოლო რეგულარული და ემოციურად მნიშვნელოვანი ურთიერთობები გონებრივ აქტივობას უნარჩუნებს. სწორედ სოციალური და ინტელექტუალური ჩართულობა განიხილება ერთ-ერთ შესაძლო მექანიზმად, რომლითაც შვილიშვილებთან ურთიერთობა კოგნიტიურ ჯანმრთელობას შეიძლება უკავშირდებოდეს.
აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არის. შვილიშვილთან სასიამოვნო ურთიერთობა და ბავშვის მოვლის მთელი პასუხისმგებლობის ბებია-ბაბუაზე გადატანა ერთი და იგივე არ არის.
კვლევების შედეგები ამ მხრივ ერთგვაროვანი არაა. ზოგი მონაცემი აჩვენებს, რომ ძალიან ინტენსიური მოვლა შეიძლება ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვად იქცეს. ერთ-ერთ ავსტრალიურ კვლევაში, მაგალითად, შვილიშვილის კვირაში ერთი დღით მოვლა უკეთეს აღმასრულებელ კოგნიტიურ ფუნქციებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ძალიან ხშირი მოვლა — შედარებით დაბალ მაჩვენებლებთან.
ამიტომ მთავარი შეიძლება იყოს არა პრინციპი — „რაც უფრო მეტ დროს გაატარებს ბებია ბავშვთან, მით უკეთესი“, არამედ სასიამოვნო, აქტიური და მის შესაძლებლობებზე მორგებული ურთიერთობა, რომელიც დამატებით მძიმე ვალდებულებად არ იქცევა.
ასეთი ურთიერთობა მხოლოდ უფროსი თაობისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ბებია და ბაბუა ბავშვისთვის შეიძლება გახდნენ ოჯახის ისტორიისა და ტრადიციების ცოცხალი წყარო. მათგან ბავშვი ისმენს ამბებს მშობლების ბავშვობაზე, წინაპრებზე, ძველ ყოფაზე და ოჯახის გამოცდილებაზე.
ამასთან, ბავშვი იღებს კიდევ ერთ უსაფრთხო და ემოციურად მნიშვნელოვან ურთიერთობას ზრდასრულთან. ბებია-ბაბუას კი შვილიშვილის სამყარო აიძულებს, კვლავ დაინტერესდეს სიახლეებით, ისწავლოს, გაიხსენოს, იმოძრაოს და იურთიერთოს.
თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ არსებული კვლევების დიდი ნაწილი კავშირს აჩვენებს და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას.მიუხედავად ამისა, რამდენიმე ხანგრძლივი კვლევის შედეგი საკმაოდ თანმიმდევრულად მიუთითებს, რომ ზომიერი და აქტიური ურთიერთობა შვილიშვილებთან უფროსი ასაკის ადამიანების კოგნიტიურ კეთილდღეობასთან დადებითად არის დაკავშირებული.