როცა ბებია ისევ დედა ხდება... - ამერიკაში სულ უფრო მეტი ბებია ზრდის შვილიშვილს - მშობლები

როცა ბებია ისევ დედა ხდება... - ამერიკაში სულ უფრო მეტი ბებია ზრდის შვილიშვილს

2026-09-09 16:43:24+04:00

79 წლის დონს და მის მეუღლეს ეგონათ, რომ შვილიშვილებთან ბებია-ბაბუის როლი ექნებოდათ — ეთამაშებოდნენ, მათთან ერთად გაატარებდნენ დროს და შემდეგ ბავშვები მშობლებთან დაბრუნდებოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა...

დღეს დონმა ჟურნალისტს უთხრა: „ჩვენ ვართ ძირითადი მზრუნველები და მეურვეები ჩვენ ვართ მშობლები.“

მისი ორი შვილიშვილი, ახლა 8 და 10 წლისანი, თითქმის დაბადებიდან მასთან და მის მეუღლესთან ცხოვრობენ. ორი წლის წინ წყვილმა ისინი ოფიციალურად იშვილა. შედეგად, პენსიაზე გასვლის ნაცვლად, მათ მშობლობა მეორედ დაიწყეს...

დონის ისტორია ინდივიდუალური შემთხვევა არ არის. აშშ-ში მასშტაბური პრობლემა გახდა ის, რასაც უკვე „grandfamilies“ — ბებია-ბაბუების მიერ შექმნილ ოჯახებს უწოდებენ.

რამდენი ბავშვი იზრდება ბებია-ბაბუასთან?

აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2021 წელს დაახლოებით 6.7 მილიონი ბებია-ბაბუა ცხოვრობდა 18 წლამდე ასაკის შვილიშვილთან ერთად. მათგან დაახლოებით 2.1 მილიონს შვილიშვილის ძირითად საჭიროებებზე პასუხისმგებლობა თავად ჰქონდა აღებული.

კიდევ უფრო საინტერესოა ასაკი.

2012 წელს იმ ბებია-ბაბუების 46.8%, რომლებიც შვილიშვილებთან ცხოვრობდნენ, 60 წელი ან მეტი ასაკი იყო. 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი 60.1%-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში გაიზარდა იმ შემთხვევების წილიც, როდესაც ბებია-ბაბუები შვილიშვილებზე ხუთი წელი ან უფრო დიდხანს ზრუნავდნენ.

ანუ პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ბებია-ბაბუა ბავშვს ეხმარება.ზოგიერთ შემთხვევაში ბებია 60, 70 ან 80 წლის ასაკში ისევ სრულფასოვანი მშობელი ხდება.

რატომ ხდება ასე?

მიზეზები სხვადასხვაა:ოჯახური ძალადობა, მშობლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ნარკოდამოკიდებულება, პატიმრობა და სხვა მძიმე გარემოებები შეიძლება გახდეს მიზეზი, რის გამოც ბავშვი საკუთარ მშობელთან ვეღარ ცხოვრობს და ბებია-ბაბუასთან გადადის.

და ხშირ შემთხვევაში ბებია-ბაბუა პირველი ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ:„ბავშვი ჩვენთან დარჩეს.“ ეს გადაწყვეტილება ჯობს მათი გადმოსახედიდან იმას, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ უცხო ადამიანებთან.

ეს არჩევანი ბავშვისთვის ხშირად ბევრად ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე უცხო ადამიანებთან ან მინდობით აღზრდის სისტემაში გადასვლა. Generations United-ის 2025 წლის ანგარიშიც აღნიშნავს, რომ ნათესავებთან დარჩენა ბავშვებისთვის მნიშვნელოვან სტაბილურობას ქმნის, თუმცა თავად მომვლელები ხშირად ძალიან მცირე მხარდაჭერას იღებენ.

მაგრამ ბებია ყოფნა და დედობა ერთი და იგივე არ არის

სწორედ აქ იწყება ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი.

როგორც წესი, ბებია შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში იყოს ადამიანი, რომელიც: სკოლიდან წამოიყვანს; საჭმელს გაუკეთებს; ავადმყოფობის დროს გვერდით დაუჯდება; დაბადების დღეზე საჩუქარს მოუტანს.

მაგრამ როდესაც ბებია მშობელი ხდება, პასუხისმგებლობა სრულიად იცვლება.მას უკვე უწევს ექიმთან ვიზიტების დაგეგმვა, სკოლის საკითხების მოგვარება, საშინაო დავალების კონტროლი, ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა, სოციალური მედიისა და ტელეფონის კონტროლი და ყოველდღიური ხარჯების დაფარვა.

ერთ-ერთი 83 წლის ქალბატონი, რომელიც თითქმის 14 წელია შვილიშვილებს ზრდის, ამბობს, რომ თავდაპირველად ეს მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მან ჯგუფში, სადაც შვილიშვილების აღმზრდელი ბებია-ბაბუები იკრიბებიან, გაიაზრა, რომ ბევრი "გლოვობდა" იმ პენსიას, რომელიც თავისთვის ჰქონდათ დაგეგმილი და იმ თავისუფლებას, რომელიც დაგეგმეს ტკბილ სიბერესთან ერთად.

მას შვილიშვილების სიყვარული არ აკლდა — მაგრამ მისი ცხოვრება სრულიად სხვანაირი გახდა.

„ჩვენ სიბერეს ასე არ ვგეგმავდით“

დონი ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ეგონათ, უბრალოდ ბებია-ბაბუები იქნებოდნენ: „ბებია-ბაბუობა ასე წარმოგვედგინა — შვილიშვილებთან ბევრ რამეს გავაკეთებდით, გავერთობოდით, შემდეგ კი ისინი მშობლებთან დაბრუნდებოდნენ.“

მაგრამ ბავშვები აღარ დაბრუნდნენ.და მათ მოუწიათ ცხოვრების ხელახლა აწყობა.

დღეს დონმა და მისმა მეუღლემ იციან, რომ შვილიშვილებს სრულწლოვანებამდე უნდა მიხედონ.

ეს უკვე ეკონომიკური საკითხიცაა. ბავშვის გაზრდა ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პენსიაზე მყოფ ადამიანს უწევს ამ ხარჯების საკუთარ თავზე აღება.KLCC-ის მიერ მოყვანილი მონაცემებით, აშშ-ში დაახლოებით 65 მილიონი ბებია-ბაბუაა, მათგან დაახლოებით 15% შვილიშვილებზე ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად ზრუნავს.

აბებია-ბაბუები არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთლიანად საზოგადოების უხილავი საყრდენიც არიან, რადგან სახელმწიფოს მინდობით აღზრდა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე ბავშვების ნათესავებთან აღზრდა.Generations United-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ნათესავების მიერ ბავშვების აღზრდა აშშ-ს მინდობით აღზრდის სისტემასთან შედარებით წელიწადში 10.5 მილიარდ დოლარზე მეტს ზოგავს.

  • ბებია-ბაბუები შვილიშვილებს ათწლეულებია ზრდიან. ეს ახალი მოვლენა არ არის. ახალი უფრო ისაა, რომ ამ ოჯახების მასშტაბმა, ფინანსურმა და ემოციურმა ტვირთმა იმდენად მიიპყრო ყურადღება, უკვე ცალკე სოციალური საკითხის სახით განიხილება.

2026 წლის ივნისში PBS-მა ამ თემაზე სპეციალური სიუჟეტიც მოამზადა და აღნიშნა, რომ აშშ-ში 2.5 მილიონზე მეტი ბავშვი ცხოვრობს ისეთ ოჯახებში, სადაც ბებია-ბაბუამ ან სხვა ნათესავმა ძირითადი მზრუნველის როლი აიღეს.ხოლო სექტემბრის დასაწყისში KLCC-მ სწორედ ამ ადამიანებისთვის შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფის შესახებ მოამზადა ახალი რეპორტაჟი. იქ ბებია-ბაბუები ერთმანეთს ხვდებიან, გამოცდილებას უზიარებენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებზეც ხშირად ოჯახის გარეთ ვერავის ელაპარაკებიან.

  • საქართველოში ბებია-ბაბუის მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში კულტურულად ბევრად უფრო ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება უნდა გავარჩიოთ: ბებია, რომელიც შვილს ბავშვის გაზრდაში ეხმარება, და ბებია, რომელიც შვილიშვილის მთავარი მშობელი ხდება — ერთი და იგივე არ არის. პირველ შემთხვევაში ბებია ოჯახის მხარდამჭერია. მეორე შემთხვევაში კი მას შეიძლება მოუწიოს იმ პასუხისმგებლობის აღება, რომელიც მის შვილს უნდა ჰქონოდა. თუმცა წლების განმავლობაში დედების არც ისე მცირემასშტაბიანი ემიგრაციის პირობებში, საქართველოშიც არ არის ცოტა ოჯახი, სადაც ბებიებს არაოფიციალურად, მაგრამ რეალურად მშობლის ვალდებულებები და მოვალეობები აქვთ დაკისრებული.

და ისევ დონს თუ ვკითხავთ, რამდენი ზრდის დღეს შვილიშვილს არა იმიტომ, რომ ასე სურდა, არამედ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი აღარ დარჩა? - ის ამბობს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მას შვილიშვილებისგან მიღებული ერთი პატარა ფრაზა- „მიყვარხარ, ბაბუ!“ - ყველაზე მეტად ამხნევებს. დონისთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ იფიქროს — მძიმე პერიოდების მიუხედავად, ამ ყველაფერს აზრი აქვს.

მამებო, ბებიებო, ოჯახის სხვა წევრებო, გაუფრთხილდით დედების ნერვულ სისტემას! ორმაგი და სამმაგი სტანდარტები ბავშვისთვის დამაზიანებელია. როდესაც დედა იტყვის, რომ ასეა, „ჩემს შვილთან ამას ვაკეთებთ“ - მიჰყევით...
ბებიებსა და პაპებს შვილიშვილების მოვლაში სახელმწიფო ხელფასს გადაუხდის: ახალგაზრდებმა შვილებიც უნდა გააჩინონ და სამსახურებიც შეინარჩუნონ
მშობლების გასაგონად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი შვილები წაიყვანეთ და უთხარით, რომ ბებიებისთვის, პაპებისთვის იყიდონ საჩუქრები... ბავშვი მზრუნველობას ეჩვევა... - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს