სად არის ყველაზე მეტი და ყველაზე ცოტა ადგილი მეორადი ჩარიცხვებისთვის - უნივერსიტეტების და პროგრამების სტატისტიკა - მშობლები

სად არის ყველაზე მეტი და ყველაზე ცოტა ადგილი მეორადი ჩარიცხვებისთვის - უნივერსიტეტების და პროგრამების სტატისტიკა

2026-09-11 11:52:27+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებზე ბარიერი გადალახეს, მაგრამ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ვერ მოხვდნენ, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევათ. 9 სექტემბერს განახლებული "ცნობარის" მიხედვით, მეორადი ჩარიცხვისთვის საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 8 771 ადგილია დარჩენილი, რომლებიც 348 საბაკალავრო პროგრამაზე ნაწილდება.

მეორად ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 14 სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და 18 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება. პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა სასურველ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ, ასევე მათ, ვისაც ერთ ან რამდენიმე გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მაგრამ პროფესიული პროგრამისთვის დადგენილ ზღვარს აკმაყოფილებს.

სად არის ყველაზე მეტი დარჩენილი ადგილი

დარჩენილი ადგილების რაოდენობით აშკარა ლიდერია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - მის საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 1 320 ადგილია დარჩენილი. ეს საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 15 პროცენტია. თუმცა აღნიშნულ უნივერსიტეტს ყველა პროგრამაზე შიდა ზღვარი აქვს. გარდა იმისა, რომ კონკრეტული საგნები უნდა გქონდეთ ჩაბარებული, მაგალითად, დიპლომირებული სტომატოლოგიის პროგრამისთვის, შიდა ზღვარიც უნდა გადალახოთ. აღნიშნული პროგრამა, მაგალითად, ქართულ ენას და ლიტერატურაში 50%-იან ზღვარს აწესებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ქართულში 17 ქულა გაქვთ, შიდა ზღვარს ვერ გადალახავთ.

თსსუ-ს მონაცემებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამი პროგრამა. დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან პროგრამაზე დარჩენილია 521 ადგილი, ქართულ-ავსტრიულ საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე - 249, ხოლო სამეანო საქმეზე - 193 ადგილი. მხოლოდ ამ სამ პროგრამაზე დარჩენილი ადგილების რაოდენობა 963-ს აღწევს.თსსუ-ს სხვა პროგრამებს შორის დარჩენილი ადგილებია დიპლომირებული სტომატოლოგიის ქართულენოვან პროგრამაზე - 83, ფარმაციაზე - 54, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე - 20, ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაზე - 14, ინგლისურენოვან ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაზე - 11 და სხვა პროგრამებზე. ამავე ცნობარში ჩანს ენობრივი მომზადების პროგრამებიც, მათ შორის 70 ადგილი სომხურენოვანთათვის.

მეორე ადგილზეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 22 პროგრამაზე ჯამში 793 ადგილია დარჩენილი,

მესამეზე კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 715 ადგილი 20 პროგრამაზე.

მეოთხე ადგილზეა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - 575 ადგილი,

შემდეგ მოდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 451,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 400,

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი - 392,

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - 378,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 323

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 219 ადგილი.

საინტერესოა ისიც, რომ არასახელმწიფო სექტორში ცალკეული უნივერსიტეტები საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილებს სთავაზობენ აბიტურიენტებს. მაგალითად:

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში დარჩენილია 392 ადგილი,

კავკასიის უნივერსიტეტში - 190,

ალტე უნივერსიტეტში - 188,

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - 187,

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში - 187,

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში - 185,

უნივერსიტეტ გეომედში - 165,

საქართველოს უნივერსიტეტში - 147,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში - 141,

ევროპის უნივერსიტეტში - 139.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ "მეორადი ჩარიცხვები" მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დარჩენილი ადგილების შევსებას არ ეხება - აბიტურიენტებს კერძო და სხვა არასახელმწიფო უნივერსიტეტებშიც საკმაოდ ფართო არჩევანი აქვთ.

ამრიგად, ყველაზე დიდი თავისუფალი ადგილების მქონე პროგრამებში რამდენიმე მკაფიო მიმართულება იკვეთება - მედიცინა და ჯანდაცვა, საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებები, ფინანსები და ქართულ ენაში მომზადების პროგრამები.

რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში თსუ-ში სულ 323 ადგილი დარჩა შვიდ საბაკალავრო პროგრამაზე. აქედან 230 ადგილი ენობრივი მომზადების პროგრამებზე მოდის - სომხურენოვანთათვის, აფხაზურენოვანთათვის და ოსურენოვანთათვის.

დანარჩენი ადგილები კი ფიზიკის, ქიმიის, ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და ოკუპაციური თერაპიის მიმართულებებზე ნაწილდება.

ზოგ პროგრამაზე მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი

მეორადი ჩარიცხვის ცნობარში კიდევ ერთი საინტერესო სურათი ჩანს: სულ 25 საბაკალავრო პროგრამაზე მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი.

მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვან პროგრამაზე მხოლოდ ერთი ადგილია.

ამიტომ აბიტურიენტისთვის მხოლოდ უნივერსიტეტის სახელის ან პროგრამის არსებობის ნახვა საკმარისი არ იქნება - აუცილებელია კონკრეტულად დარჩენილი ადგილების რაოდენობის, პროგრამისთვის დადგენილი მინიმალური ზღვრისა და სხვა პირობების გადამოწმება.

აბიტურიენტებმა არჩევანის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ ის, რომ კონკრეტულ პროგრამაზე ადგილი დარჩა, არამედ რამდენი ადგილია, რა მინიმალური ზღვარია განსაზღვრული, რა არის სწავლის საფასური და რომელ ქალაქში მდებარეობს უნივერსიტეტი. სწორედ ამ მონაცემების გათვალისწინებას ურჩევს აბიტურიენტებს თავად "ცნობარიც".

აბიტურიენტმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
  • პროგრამის სწავლის საფასურს;
  • ქალაქს, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა აირჩიოს სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.

ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთვის რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც დარჩენილი ადგილების ნაწილი უკვე საბოლოოდ შეივსება.

სრულად შეგიძლიათ, ცნობარი ბმულზე იხილოთ.

თამარ იაკობაშვილი

მეორადი ჩარიცხვების დროს ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება - როგორ არ უნდა აგერიოთ ერთი უნივერსიტეტის საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები