აქვთ თუ არა მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის მიღების უფლება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახეს - დეტალები - მშობლები

აქვთ თუ არა მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის მიღების უფლება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახეს - დეტალები

2026-09-12 08:57:57+04:00

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს არ აქვთ, რომლებმაც ყველა გამოცდაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს. განახლებული ცნობარის მიხედვით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის შესაძლებლობა გარკვეულ შემთხვევაში იმ აბიტურიენტებსაც აქვთ, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახეს.

ეროვნული გამოცდების ცენტრის განახლებულ ცნობარში განმარტებულია, რომ ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

შესაბამისად, თუ აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდებისთვის დადგენილი ბარიერი ვერ გადალახა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ აქვს. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, თუ პროფესიული პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაძლეული აქვს.

ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ორი შემთხვევა.

  1. აბიტურიენტს, რომელმაც ყველა შესაბამის საგანში ეროვნული გამოცდების მინიმალური ზღვარი გადალახა, მაგრამ ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა, შეუძლია მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში შესაბამისი საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
  2. ხოლო აბიტურიენტმა, რომელმაც ეროვნული გამოცდების ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ პროფესიული პროგრამებისთვის საჭირო ზღვარი დაძლია, მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან უნდა შეარჩიოს სასურველი ვარიანტები.

მოქმედი წესის მიხედვით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად შესაბამის საგანში მიღებული ქულა უნდა აღემატებოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით ამ საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარს.

მაგალითად, თუ კონკრეტულ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15 ქულაა, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტს 7,5 ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეს მიღებული.

პროგრამების ასარჩევად აბიტურიენტმა უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და არსებული პაროლით და შემდეგ მიუთითოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.

ეროვნული გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, პროგრამების არჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მიაქციონ ყურადღება:

  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;
  • პროგრამის სწავლის საფასურს;
  • ქალაქს, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.

ვრცლად ე.წ. მეორადი ჩარიცხვებისთვის ვაკანტური ადგილების შესახებ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ნახეთ ვრცლად ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი