რუსეთის რეგიონში გამართული ბოშების ნიშნობის ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "სად არიან სოციალური სამსახურები?" - მშობლები

არასრულწლოვანი ბოშების ნიშნობის ვიდეოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "სად არიან სოციალური სამსახურები?"

2026-09-12 19:51:00+04:00

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა არასრულწლოვანი ბოშების მონაწილეობით. ამჯერად, ეს ქორწილი არა, ნიშნობის ამსახველი ვიდეოებია და კომენტარებში ირწმუნებიან, რომ ეს უბრალოდ ოფიციალური ცერემონიაა, მომავალი ცოლქმრობისთვის ჩაყრილი საფუძველი და ამით არაფერი შავდება. აღშფოთებულ ადამიანებს კი, ვინც კითხულობს, თუ სად არიან სოციალური სამსახურები და რატომ არ ინტერესდება პროკურატურა, პასუხობენ, რომ კრიმინალური არაფერი ხდება, ეს უბრალოდ ცერემონიაა და არ გულისხმობს ერთად ცხოვრებას, მით უმეტეს, სქესობრივ კავშირს...

boshebi4-1789229387.png

ვიდეო ასტრახანშია გადაღებული. ისევე, როგორც ბევრი მსგავსი ვიდეო, რომელიც ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში.

bosh-1789233821.png

რუსეთის ამ რეგიონში ბოშათა საკმაოდ ძლიერი თემი ცხოვრობს, კონცენტრირებულად. ჯერ კიდევ 2010-იანი წლების ადგილობრივი აღწერებით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე ასეთი დასახლება არსებობდა.

ასტრახანის ბოშათა ქორწილების ვიდეოები ხშირად ხდება სოციალური ქსელის ინტერნეტჰიტი - ხან ძვირფასეულობის სიჭარბის, ხან უჩვეულო ტრადიციების და ხან არასრულწლოვანთა ქორწინების გამო. ბევრ ბოშურ თემში ქორწილი უბრალოდ სამოქალაქო რეგისტრაცია არ არის — ეს არის დიდი ოჯახური მოვლენა, რომელსაც ახლავს განსაკუთრებული ტანსაცმელი, ოქრო, მუსიკა, ცეკვა, სტუმრების დიდი რაოდენობა და სხვადასხვა რიტუალი.

თუმცა თავად თემის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვნების ქორწინებასაც მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

2025 წლის იანვარში ასევე ასტრახანიდან გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით - 13 წლის გოგოს და 8 წლის ბიჭს რომ მოუწყვეს საქორწინო ცერემონია, პოლიცია დაინტრესდა და ძიებაც დაიწყო. თუმცა სამართლებრივად დარღვევა ვერ აღმოაჩინეს - განაცხადეს, რომ ცერემონია სიმბოლური იყო და ოფიციალური რეგისტრაცია არ მომხდარა; სამართალდარღვევაც არ დადგენილა. კანონი ებრძვის რეალურ ქორწინებას, სექსუალურ ძალადობას, ბავშვის ექსპლუატაციას და სხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვებს უფროსები „საქორწილო“ რიტუალს უტარებენ, ცალკე დანაშაულად არ აღიქმება. თუმცა რა ხდება თემის შიგნით რეალურად, ეს არავინ იცის. მით უმეტეს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა თავად ბოშებს მოუყოლიათ საჯაროდ, თუ როგორ გახდნენ მშობლები 13, 14, 15 წლის ასაკში...

სწორედ ეს გახდა 2025 წლის შემთხვევის შემდეგ პოლიტიკური დებატების საგანი: დუმაში ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა ოსტანინამ პირდაპირ გააკრიტიკა მიდგომა და თქვა, რომ „ეროვნული ტრადიციების“ გამო კანონების გვერდზე გადაწევა არ უნდა ხდებოდეს...

ფაქტია, ვიდეოები კვლავ ვრცელდება და მცირეწლოვანი "სიძე-პატარძლების" ხილვა სამართლიან აღშფოთებას იწვევს ადამიანებში.

  • და კიდევ:

ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ სქესობრივი კავშირი არ ხდება, თავისთავად არ ხდის არასრულწლოვნის დანიშვნას ან დაქორწინებას გამართლებულს.

  • საერთაშორისო სტანდარტებით, 18 წლამდე ქორწინება ბავშვთა ქორწინებად მიიჩნევა და ბავშვის ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად არის აღიარებული. UNICEF ასევე პირდაპირ აღნიშნავს, რომ ეს ეხება როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანხმობის საკითხი. ბავშვისთვის მშობლის მიერ „ცოლის“ ან „ქმრის“ არჩევა და მისი დანიშვნა შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის უფლებას, თავად გადაწყვიტოს მომავალში ვისთან და როდის შექმნას ოჯახი. OHCHR-ის განმარტებით, იძულებითი ქორწინება მოიცავს შემთხვევასაც, როდესაც ადამიანს არ აქვს სრული და თავისუფალი თანხმობის შესაძლებლობა, მათ შორის ძლიერი ოჯახური ან სოციალური ზეწოლის გამო.
  • დანიშვნაც კი სრულიად ნეიტრალური რამ არ არის, თუ ის ბავშვს ფაქტობრივად მომავალ ქორწინებაზე აკისრებს ვალდებულებას ან მასზე ოჯახურ/სოციალურ ზეწოლას ქმნის. საერთაშორისო სამართალში ბავშვის „დანიშვნაც“ ცალკე პრობლემად არის მოხსენიებული.

ბოშების ქორწილს, მოწყენილი სიძე-პატარძლით, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - საწყალი ბავშვები... თოჯინასავით დაჰყავთ აქეთ-იქით
რას ჰყვება ბოშა, რომელიც 10 წლისა დააქორწინეს - 14 წლისა მამა გავხდი, 29 წლის - ბაბუა... ეს ჩვენი ტრადიციაა...