ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის საუზმე და რა შეიძლება, სკოლაში გავატანოთ:
- ბავშვთა კვება განსაკუთრებული საზრუნავია. ის არა მხოლოდ ოჯახისა და მშობლების, არამედ მთელი საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ხოლმე იმ აუცილებლობაზე, რაც საკვებ ჯგუფებს უკავშირდება. ბავშვის კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს. მრავალი ფერი გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ფერის პროდუქტთა ერთობლიობა ისე გადანაწილდეს, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში ყველა ჯგუფის პროდუქტი მიიღოს.
ამ ჯგუფებში, რასაკვირველია, ხილს, ბოსტნეულს, ცილოვან საკვებს, მარცვლეულ-ბურღულეულსა და რძის ნაწარმს ვგულისხმობთ. არც წყალი უნდა დაგვავიწყდეს და ყურადღება იმაზეც უნდა გავამახვილოთ, თუ როგორი ხარისხის და რამდენად სასარგებლოა კონკრეტული ცხიმები ბავშვისთვის.
ამასთანავე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დროში სწორად უნდა გადანაწილდეს. კვება ულუფასთან, ბავშვის ორგანიზმის საჭიროებასთან, ასაკთან, აქტივობასა და სხვა მრავალ ფაქტორთან უნდა იყოს შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, რაციონსაც გავითვალისწინებთ, თუ რა უნდა მიიღოს ბავშვმა.
როდესაც ამ სამ მთავარ გასაღებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ძირითადი კითხვა ჩნდება: უნდა იყოს თუ არა ეს პრინციპები სასკოლო გარემოში დაცული? გასაგებია, რომ როდესაც ბავშვის კვებაზე ბებია, დედა, მამა ან ოჯახის უფროსი წევრები ზრუნავენ, მათ ეს ახსოვთ. თუმცა, უნდა იყოს თუ არა ეს წესები სკოლის გარემოშიც დაცული? დიახ, აუცილებლად უნდა იყოს.
ჩვენ, დედებს, ჩვენი შვილების მდგომარეობა ყოველთვის ძალიან გვაღელვებს და ბევრ კითხვასაც ვსვამთ. ეს სულაც არ არის გასაკვირი. მაგალითად: უნდა იკვებოს თუ არა ბავშვმა სკოლაში? პასუხი მარტივია: დიახ, უნდა იკვებოს. ყოველი გაკვეთილის შემდეგ? ცხადია, არა. მაშინ როდის?
დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვი სკოლაში მშიერი არ უნდა წავიდეს და არც მშობლებს უნდა ჰქონდეთ იმის სადარდებელი, თუ რა ჭამოს შვილმა. ვივარაუდოთ, რომ ბავშვმა ისაუზმა და სკოლაში ისე წავიდა. სასწავლო პროცესის დაწყებისას მნიშვნელოვანია, დრო სწორად გავიაზროთ, რადგან საუზმიდან დაახლოებით ორ-სამ საათში ბავშვს, შეიძლება, მოშივდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაკვეთილი 45 წუთს გრძელდება, დაახლოებით ორი ან მაქსიმუმ სამი გაკვეთილის შემდეგ ბავშვმა უნდა წაიხემსოს. ეს გარემოება მშობლებმაც უნდა გავითვალისწინოთ და სკოლამაც.
ყველასთვის მარტივად გასაგებია ფრაზა, რომ ბავშვი მშიერი არ უნდა იყოს. ნებისმიერი საზოგადოებისა თუ ქვეყნის ამოცანაა, რომ ბავშვს არ შიოდეს. სასკოლო ცხოვრებაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ სკოლაში ბავშვი მშიერი არ დარჩეს. ეს რისკს არა მხოლოდ გეომეტრიის ან გეოგრაფიის ათვისების კუთხით, არამედ ბავშვის ადეკვატური განვითარების შესაძლებლობის მხრივაც შექმნის.
როდესაც ამ საზოგადოებრივ ამოცანაში ოჯახის როლს დავინახავთ, მშობლისთვის ეს გარკვეულ თავსატეხად იქცევა: სჭირდება თუ არა ბავშვს საკვების თან წაღება და უნდა ჰქონდეს თუ არა მას სკოლაში თავისი ხემსი? ამ ამოცანას მშობლებმა თავი კარგად რომ გაართვან, მომზადება და გამოცდილების გაზიარებაა საჭირო.
მშობლებისა და უფროსების ყოველდღიური საზრუნავია, რომ შვილები გამოკვებონ. თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოკვება, არამედ საკვები პროდუქტების სწორად შერჩევაც. ხემსის შერჩევისას ზოგადად საკვები უნდა გავითვალისწინოთ, სადაც საჭმელიც იგულისხმება და სასმელიც. შესაბამისად:
ეს რეკომენდაციები იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც ლაქტოზის აუტანლობა ან თხილეულსა და კვერცხზე ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებათ.