ნატა გაგუა "არასწორ" საუზმესა და 5 მთავარ შეცდომაზე, რაც საღამოს მომატებულ მადას იწვევს - "მეტაბოლური ბალანსის აღდგენა ყოველთვის საუზმის ხარისხის კორექციით იწყება..." - მშობლები

ნატა გაგუა "არასწორ" საუზმესა და 5 მთავარ შეცდომაზე, რაც საღამოს მომატებულ მადას იწვევს - "მეტაბოლური ბალანსის აღდგენა ყოველთვის საუზმის ხარისხის კორექციით იწყება..."

2026-06-13 21:49:00+04:00
ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა თავის ბლოგზე წერს საუზმობის დროს დაშვებულ შეცდომებზე:
"ჩემს კაბინეტში კონსულტაციების ნაწილი ერთი და იმავე ფრაზით იწყება: „ნებისყოფა არ მყოფნის, საღამოს მადას ვერ ვაკონტროლებ“. დღის რაციონის ანალიზისას ხშირად ერთ ფუნდამენტურ მიზეზამდე მივდივართ — არასწორ საუზმემდე.
საღამოს მომატებული მადა ხშირად დილით დაშვებული ნუტრიციული შეცდომების ლოგიკური ბიოლოგიური შედეგია.
გთავაზობთ 5 მთავარ შეცდომას, რომლებსაც პაციენტების დღიურებში ყველაზე ხშირად ვპოულობ:

1. ყავა საუზმის ნაცვლად

ცარიელ კუჭზე მიღებულმა კოფეინმა შეიძლება გააძლიეროს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დილის ფიზიოლოგიური პიკი და ზოგიერთ ადამიანში გავლენა მოახდინოს მადის შემდგომ რეგულაციაზე. ის დროებით ნიღბავს შიმშილს, თუმცა დილით „დაზოგილი“ კალორიების კომპენსაციას ორგანიზმი დღის მეორე ნახევარში გაძლიერებული მადით პასუხობს.

2. „ჯანსაღი“ ფიტნეს-მახეები

ზოგიერთი მიუსლი, არომატიზებული იოგურტი ან ხილის კონცენტრირებული წვენი ხშირად იმდენივე ან მეტ დამატებულ შაქარს შეიცავს, ვიდრე შოკოლადი. ეს არის ულტრადამუშავებული პროდუქტები, რომლებიც მოკლებულია აუცილებელ ნუტრიენტებსა და ბოჭკოს, რაც ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის მერყეობას.

3. ნახშირწყლების სიჭარბე ცილის გარეშე

თუ საუზმე ძირითადად ნახშირწყლებისგან შედგება (მაგალითად, მხოლოდ ხილი ან წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა) და არ შეიცავს საკმარის ცილასა და ცხიმს, მან ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გლიკემიური პასუხის მკვეთრი მერყეობა და შიმშილის ადრეული დაბრუნება. ხანგრძლივი და სტაბილური დანაყრებისთვის დილის რაციონი მოითხოვს ცილის წყაროს: კვერცხს, გაწურულ მაწონს, ხაჭოს, ყველს, ტოფუს ან თევზს.

4. ცხიმების მკაცრი შეზღუდვა (ლიპიდოფობია)

საკვებში ჯანსაღი ცხიმის არსებობა ნაღვლის ბუშტის შეკუმშვისა და დროული დაცლის ერთ-ერთი მთავარი ფიზიოლოგიური სტიმულია. რაციონში ცხიმების მკვეთრმა დეფიციტმა შეიძლება შეამციროს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) ოპტიმალური აბსორბცია. ჰორმონალური ბალანსისთვის საუზმე უნდა შეიცავდეს ცხიმებს: ავოკადოს, თხილეულს ან ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთს.

5. საუზმის იგნორირება აქტიური დღის წინ

თუ თქვენი დილა მაღალი გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვით იწყება და ორგანიზმს ენერგიის გარეშე ტოვებთ, ორგანიზმი ენერგეტიკული რეზერვების მობილიზაციაზე გადადის. ხანგრძლივი შიმშილისას აქტიურდება ჰორმონი გრელინი, რომელიც დღის მეორე ნახევარში ზრდის ტკბილეულის, ცომეულისკენ ლტოლვას. ეს ნებისყოფის სისუსტე არ არის — ეს გადარჩენის ბიოქიმიური მექანიზმია.
მეტაბოლური ბალანსის აღდგენა ყოველთვის საუზმის ხარისხის კორექციით იწყება.
საუზმის დაბალანსებული შემადგენლობა ინდივიდუალურია, თუმცა კვლევების მიხედვით, ცილის, ბოჭკოსა და ჯანსაღი ცხიმების კომბინაცია ეფექტურად უწყობს ხელს დანაყრებასა და გლიკემიური სტაბილურობის შენარჩუნებას. სხეული მუდმივად ცდილობს ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას. როდესაც მას დილით აძლევთ საჭირო რესურსს, საღამოს მადის კონტროლი გაცილებით მარტივი ხდება — არა ძალდატანებით, არამედ ფიზიოლოგიის დახმარებით".
რატომ არ იკლებს წონა მაშინაც კი, როცა „ყველაფერს სწორად აკეთებ“? იტანჯები შიმშილით, არ ტოვებ ვარჯიშს, სასწორი კი ჯიუტად ერთსა და იმავე ციფრს აჩვენებს? - ნატა გაგუას პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
შაკიკი რომ მოდის… პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ერთ მარტივ, ფუნქციურ მეთოდს - “ანტიშაკიკური ჩაი” ნატა გაგუასგან
ძალიან კარგი დეტოქსია, მადასაც აქვეითებს და აჯანსაღებს... ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ვსვამთ. რამდენიმე დღეც რომ გამოიყენოთ, შვებას იგრძნობთ... - ნატა გაგუა