ცნობილი მსახიობი თათული დოლიძე, რომელსაც მაყურებელი რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებით და ასევე სატელევიზიო პროექტებით იცნობს, "იმედის დღეში" ეკო ფანგანის რუბრიკის "ფილტრის გარეშე" სტუმარი იყო. ისაუბრა ბავშვობაზე, მშობლებზე, მეუღლეზე, შვილებსა და კარიერაზე (ქალბატონ თათულის ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, სალომე და გიორგი).



თეატრში შეხვდა მომავალ მეუღლეს - მსახიობ ჟანრი ლოლაშვილს.
- როგორც მსახიობი მომწონდა, მაგრამ დიდწილად არ ვურთიერთობდი. არც ის. არც ვმეგობრობდი ჟანრისთან. მერე თემურ ჩხეიძემ დადგა „ქალის ტვირთი“ და ვთამაშობდი ქეთევანს. მაშინ გავიცანი უფრო ჟანრი. მერე ნელ-ნელა, ნელ-ნელა რაღაცნაირად, არ ვიცი, როგორ მოხდა... რატომღაც მახსოვს, რომ მაინც ჟანრისგან დაიწყო ეს ამბავი. რაღაცა ასე მახსოვს და შეიძლება ვცდები, არ ვიცი. ერთ წელიწადში თუ წელიწად-ნახევარში დავქორწინდით...



ორივესათვის ეს მეორე ქორწინება იყო. ქალბატონი თათულის პირველი მეუღლე გახლდათ მსახიობი ვანო გოგიტიძე, რომელთანაც უფროსი ქალიშვილი ჰყავს - სალომე. ხოლო ჟანრისთან ქორწინებაში ვაჟი - გიორგი შეეძინა.


– სალომე თავიდანვე ძაან ჭკვიანი იყო და არც სჭირდებოდა შენიშვნები, პირიქით, რაღაცა პერიოდი სულ გასტროლებზე რომ ვიყავით, სალომე უვლიდა გიორგის. ათი წელია მათ შორის განსხვავება... მთლად მეგობარივითაც არ ვიყავი, მე ვიყავი დედა. მე მგონია, რომ თავისუფლად გავზარდე, არასდროს არ ჩავრეულვარ მათ პირად საქმეში. რაც შეეხება მეუღლეებს, არ ვერიოდი, ყველას ვიღებდი ძალიან მშვიდად, წყნარად და ასე შემდეგ... ჯერჯერობით გვყავს ერთი შვილიშვილი - სოფო.


...სოფო ყველას ჰგავს... ძალიან კარგია ბებიობა. ისე მახსოვს ხოლმე, სულ პატარა რომ იყო, დილით გააღებდა კარებს, ამობობღდებოდა საწოლზე და ასე ზურგზე მომეწებებოდა ხოლმე, ლოკოკინასავით... ველოდი დილაობით, როდის შემოვიდოდა... სოფო ოცდახუთი წლის არის, ძალიან ჭკვიანია. საინტერესოდ წერს... ერთი წელია, რაც გათხოვდა. არ მუშაობს თავისი პროფესიით, არც სალომე მუშაობს თავისი პროფესიით, მსახიობობა არც ერთმა არ აირჩია... სალომემ მითხრა, რომ პატარა რომ ვიყავიო, ვფიქრობდიო, მაგრამ შენ ისე დააყენეო საკითხიო... სალომე უკვე დიზაინერობს კაი ხანია და სოფოც მასთან ერთად მუშაობს, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე მუშაობენ.