ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახი საქართველოში კვლავ დიდ ინტერესს იწვევს. მათ შორის, წყვილის ტყუპიც - ლიზა და ჰარი გალკინები, რომლებიც პატარაობიდანვე ცნობილი მშობლების სოციალური ქსელების ერთ-ერთი მთავარი გმირები არიან. ახლახან ტყუპს 13 წელი შეუსრულდა. ისინი 2013 წელს რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარებით, სუროგატი დედისგან დაიბადნენ.
მიუხედავად საზოგადოების მუდმივი ინტერესისა, მშობლები თავდაპირველად ცდილობდნენ, ბავშვები მედიის გადაჭარბებული ყურადღებისგან დაეცვათ. მოგვიანებით კი ლიზა და ჰარი სულ უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში.
ლიზა და ჰარი 2013 წლის 18 სექტემბერს დაიბადნენ. ალა პუგაჩოვას თქმით, მან კვერცხუჯრედები წლების წინ, მეგობარი მომღერლის რჩევით გაყინა. მოგვიანებით სწორედ მათი გამოყენებით გახდა შესაძლებელი ტყუპის დაბადება. სუროგატი დედის ვინაობა ოჯახს არასოდეს გაუსაჯაროებია.
„პირველი განცდა ისეთი მქონდა, თითქოს შვილიშვილები მეყოლა. მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ ლიზა და ჰარი ჩემი შვილები არიან. ალბათ, ჩემს მდგომარეობაში ეს ბუნებრივიცაა. ძალიან მინდა, კარგ ადამიანებად გავზარდო, მოვასწრო მათი აღზრდა და ვნახო, რომ კარგი, ჭკვიანი, ლამაზი, ზრდილი და განათლებული ბავშვები დადგნენ,“ - ამბობდა პუგაჩოვა ერთ-ერტ ინტერვიუში.
ჰარის სახელის შესახებ წლების განმავლობაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. მოგვიანებით თავად პუგაჩოვამ კი განმარტა: „პირველი ასოციაცია ჰარი პოტერი იყო! იმიტომ, რომ მაქსიმი, როცა გავიცანი, ძალიან ჰგავდა ჰარი პოტერს! როცა ვაჟი დაიბადა, მით უმეტეს ცხადი გახდა, რომ ის ჰარი იქნებოდა - ჰარი გალკინი!
ლიზას სახელის არჩევის გარემოებებზე ოჯახს საჯაროდ არ უსაუბრია.

მიუხედავად ოჯახის შესაძლებლობებისა, პუგაჩოვა და გალკინი ამბობდნენ, რომ ბავშვებს განსაკუთრებულად ძვირადღირებული საჩუქრებით არ ანებივრებდნენ. მათ ძირითადად სათამაშოებს, ველოსიპედებს, გორგოლაჭებს, კონსტრუქტორებსა და სასკოლო ნივთებს ჩუქნიდნენ.
როგორც ბევრ ტყუპს, მათაც ჰქონდათ პერიოდები, როდესაც დედ-მამაზე ეჭვიანობდნენ.
„ყოველთვის ვფიქრობ: გუშინ დილით ჯერ ჰარისთან შევედი, ესე იგი, ახლა ჯერ ლიზასთან უნდა შევიდე. ცხადია, ყველაფერს თანაბრად იღებენ და ვცდილობთ, პირადი სივრცის პატივისცემა ვასწავლოთ.სიცოცხლის პირველი თვიდან მათ ისე ვესაუბრები, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. არ ველაპარაკები მოფერებული, ხელოვნურად „ბავშვური“ ენით, არ ვაძლევ შეღავათს მხოლოდ იმიტომ, რომ პატარები არიან და მათ კითხვებზე სპეციალურ „ბავშვურ“ პასუხებს არ ვცემ. ყველაფერს ისე ვუხსნი, როგორც სინამდვილეშია, უბრალოდ მარტივი სიტყვებით. ისინიც ასევე, ზრდასრულებივით ურთიერთობენ“, — ამბობდა მაქსიმ გალკინი.

ტყუპებს დაბადებიდან საკუთარი ძიძები ჰყავდათ. ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მათ ადრეულ განვითარებასაც. ბავშვებთან მუშაობდა ფრანგი გუვერნიორი, მეტყველებაზე — ლოგოპედი, შემოქმედებით საქმიანობაში კი თავად პუგაჩოვაც მონაწილეობდა.
მომღერალი კარგად ხატავს და ხატვას შვილებსაც ასწავლიდა.
ლიზასა და ჰარის მუსიკასთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. სახლში მუდმივად ჟღერდა მუსიკა, ბავშვებისთვის კი პატარა გიტარები, ფორტეპიანო და მიკროფონებიც ჰქონდათ.
ლიზა როიალზე უკრავს და მღერის, ჰარის კი რეპის შესრულებაც მოსწონდა. ორივე ბავშვი სამი წლის ასაკიდან სხვადასხვა მუსიკალურ აქტივობაში მონაწილეობდა.

ინგლისურისა და ფრანგულის სწავლა ტყუპებმა ძალიან პატარა ასაკში დაიწყეს. პირველი გაკვეთილები სახლში, თამაშის ფორმით ტარდებოდა, მოგვიანებით კი ისინი საბავშვო ბაღშიც სწავლობდნენ ორ უცხო ენას.
შვიდი წლის ასაკში ლიზა და ჰარი მოსკოვთან ახლოს მდებარე კერძო გიმნაზიაში შეიყვანეს. სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ენებს, მუსიკას, ვოკალსა და ზოგადად ესთეტიკურ განათლებას.
ჰარი ცურვით იყო გატაცებული, ლიზა კი თეატრალურ სტუდიას დადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს საოჯახო საქმეებში დამხმარეები ჰყავდა, მშობლები ბავშვებს დამოუკიდებლობას აჩვევდნენ. ლიზასა და ჰარის თავად უნდა დაელაგებინათ სათამაშოები, დახმარებოდნენ სუფრის გაშლასა და ჭურჭლის ალაგებაში. ბაღში კი ბოსტნეულის შეგროვებაშიც მონაწილეობდნენ.
პუგაჩოვას თქმით, სასკოლო დავალებებსაც ბავშვები დამოუკიდებლად ასრულებდნენ. „ყველა საშინაო დავალებას დამოუკიდებლად ასრულებენ. ამას ბავშვობიდან უნდა მიაჩვიო“, — ამბობდა ალა პუგაჩოვა
ტყუპებს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. მათი ნათლია, მილა სტავიცკაია, ბავშვების ხასიათსა და ურთიერთობაზე საუბრისას ამბობდა: „ლიზა აშკარად ლიდერია. მგონია, რომ ის უფრო აქტიური და თამამია. უკვე ძალიან დამოუკიდებელია და ძმაზე ზრუნავს. ჰარი კი ყოველთვის თვალს ადევნებს დას, აკონტროლებს, რომ არავინ აწყენინოს და იცავს. სულ ერთად არიან - ძალიან მეგობრობენ.“
მოგვიანებით, როდესაც ტყუპი წამოიზარდა, სტავიცკაია მათ სწავლაზეც საუბრობდა: „ლიზა და ჰარი ძალიან ჭკვიანები არიან. უცხო ენებს სწავლობენ, სკოლაში ყველაფერი შესანიშნავად აქვთ. ფრიადებზე სწავლობენ. სკოლა ძალიან მოსწონთ, მით უმეტეს, რომ გაკვეთილებზე ერთად არიან.“

2022 წლის თებერვლის ბოლოს პუგაჩოვა და გალკინი შვილებთან ერთად რუსეთიდან წავიდნენ. თავდაპირველად ოჯახი ისრაელში დასახლდა, მოგვიანებით კი კვიპროსზე გადავიდა. შესაბამისად, ლიზასა და ჰარის სკოლისა და ცხოვრების ჩვეული გარემოს შეცვლაც მოუწიათ. ბავშვები თანდათან ახალ გარემოს შეეგუვნენ.
დღეს ლიზა და ჰარი უკვე 13 წლისები არიან. ბავშვები, რომელთა დაბადებამ თავის დროზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, ახლა მოზარდობის ასაკში შედიან, მათი ცხოვრებით კი პუგაჩოვასა და გალკინის მრავალრიცხოვანი აუდიტორია კვლავ აქტიურად ინტერესდება.
