რა ცვლილებებია წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებში, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება წვევამდელის განყოფილებაში გამოუცხადებლობას, ვის იძახებენ სიით და როგორ ხდება გადავადება - დეტალები - მშობლები

რა ცვლილებებია წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებში, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება წვევამდელის განყოფილებაში გამოუცხადებლობას, ვის იძახებენ სიით და როგორ ხდება გადავადება - დეტალები

2026-09-21 13:10:41+04:00

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმას, მის შედეგებსა და იმ ახალ რეგულაციებს, რომლებიც თითოეულმა წვევამდელმა და მათმა ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, გადაცემაში "იმედის დილა" სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი აქვსენტი ლომიძე და ამავე სააგენტოს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ზაალ მუსხელიშვილი განიხილავენ:

ზაალ მუსხელიშვილი: - განხორციელებულ ცვლილებებამდე წვევამდელის გამოძახების მხოლოდ ორი საშუალება არსებობდა - სატელეფონო კომუნიკაცია (ზართან ერთად შესაძლებელი იყო SMS შეტყობინებაც) და უწყების ჩაბარება. უწყების ჩაბარება შეიძლებოდა როგორც პირადად წვევამდელისთვის, ისე მისი სრულწლოვანი ოჯახის წევრისთვის. ხშირად იქმნებოდა შემთხვევები, როდესაც ამ საშუალებებით წვევამდელთან ან მის ოჯახის წევრთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და გამოძახების წესს კიდევ ერთი ფორმა - საჯარო გამოქვეყნება დაემატა.

ამასთანავე, მკაცრად განისაზღვრა პროცედურული რიგითობა. ეს ნიშნავს იმას, რომ, პირველ რიგში, განყოფილება აუცილებლად უკავშირდება წვევამდელს ან მის სრულწლოვან ოჯახის წევრს ტელეფონით ან SMS შეტყობინებით. იმ შემთხვევაში, თუ დაკავშირება ვერ მოხერხდა, უწყება წვევამდელის საცხოვრებელ მისამართზე მიაქვთ. თუ უწყების ჩაბარება ასეც ვერ მოხერხდა, უკვე გამოიყენება სპეციალური ვებგვერდი conscript.mod.gov.ge, სადაც ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება. უწყების ვერჩაბარებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში განყოფილება ვალდებულია, შეტყობინება ამ საიტზე ატვირთოს. გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს წვევამდელისთვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, ხოლო მომდევნო ათი დღის განმავლობაში იგი ვალდებულია, შესაბამის განყოფილებაში გამოცხადდეს.

- თუ ადრე წვევამდელი ან მისი ოჯახის წევრი უწყებას არ ჩაიბარებდა, ითვლებოდა, რომ უწყება ჩაბარებული არ იყო და პირი შესაბამის სამსახურებს ემალებოდა. ახლა კი, ახალი რეგულაციით, იგი ვალდებულია გამოცხადდეს, რადგან შეტყობინება ჩაბარებულად მაინც ითვლება?

- ნამდვილად ასეა. გამოქვეყნებიდან 7 დღის შემდეგ უწყება ჩაბარებულად ითვლება. პირი 10 დღის ვადაში შესაბამის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეს.

- პრაქტიკაში თუ განხორციელდა უკვე ეს ცვლილებები და რა შედეგები მოიტანა რეფორმამ?

- ეს ცვლილებები ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა. ვებგვერდი ამ დროისთვის უკვე მზად იყო და ინფორმაციაც აიტვირთა. შედეგი აშკარაა, რადგან ის კატეგორია, რომელსაც განყოფილებები ვერ უკავშირდებოდნენ, საიტზე ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ თავად გამოდის კავშირზე - ან პირადად წვევამდელი, ან მისი ოჯახის წევრები. ისინი იღებენ ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორ იმოქმედონ, თავს რათა სამართალდარღვევა აარიდონ.

- რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება წვევამდელის გამოუცხადებლობას?

- გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესი ასე მიმდინარეობს: დათქმულ დღეს გამოუცხადებლობიდან 5 დღის ვადაში განყოფილება ვალდებულია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და იგი განსჯადობის მიხედვით სასამართლოს გადაუგზავნოს. სასამართლო საკითხს განიხილავს და კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, წვევამდელს შენიშვნა გამოუცხადოს ან 1000 ლარის ოდენობით დააჯარიმოს. გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ შესაძლოა, პირი დისციპლინარული ღონისძიებისგან ან პასუხისმგებლობისგან საერთოდაც გაათავისუფლოს ობიექტური მიზეზების არსებობისას. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რაც მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ: ასეთი ტიპის სამართალდარღვევა (გამოძახებისას განყოფილებაში გამოუცხადებლობა) სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არასდროს გადადის. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და საქმის წარმოებაც ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

- ვრცელდება თუ არა ეს წესი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან?

- დიახ, ეს წესი საქართველოს ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად იმისა, იგი საქართველოში ცხოვრობს თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

- ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მოქმედებს შერჩევითი პრინციპი - ვისაც გაწვევა მიუვა და ამ სიაში მოხვდება, ჯარში ყველა არ წავა?

- პროცესი ცოტა განსხვავებულად მიმდინარეობს. გასაწვევ წვევამდელთა სია წლის დასაწყისში დგება. ყველა წვევამდელს ენიჭება ნომერი და განყოფილებაც ნუმერაციის მიხედვით მოქმედებს. განყოფილება წვევამდელს იმ შემთხვევამდე არ გამოიძახებს, სანამ მისი რიგითი ნომერი არ მოვა. ანუ, წვევამდელს გაწვევა მაშინ ეკუთვნის, როდესაც შემთხვევითი შერჩევის წესით მისი ნომერი ამოვა. გამოძახების შემდეგ, ვერდაკავშირების შემთხვევაში ხდება მხოლოდ საჯარო გამოქვეყნება, რის შემდეგაც პირი ჩაითვლება დაუწყებულად. გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი უკვე ადმინისტრაციული პროცედურები იწყება.

- ეს საკითხი უფრო დეტალურად გავარკვიოთ. ანუ, წინასწარ არის ცნობილი იმ ადამიანთა ვინაობა და რაოდენობა, რომლებიც წვევამდელთა სიაში იმყოფებიან. როგორ მუშაობს შემთხვევითი შერჩევის პროცესი?

- 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქე გაწვევას ექვემდებარება. მათი სახელობითი სია ელექტრონულ ბაზაში იტვირთება. პირობითად რომ ავიღოთ 20 000 ადამიანი, ეს სია მუნიციპალიტეტების მიხედვით განყოფილებებზე ნაწილდება და ინომრება. მაგალითად, თუ ვაკის რაიონში 1 000 წვევამდელია, სია პირველიდან ათასამდე დაინომრება. ვაკის განყოფილება გამოძახებას რიგითობის დაცვით აწარმოებს: პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. თუ მეოთხე ნომერი გამოძახებული არ არის, მეცხრაასეს ვერ გამოიძახებენ. შესაბამისად, თუ ამ ჯგუფიდან პირველ 5 ადამიანს ვერ დავუკავშირდით - ვერ ჩავაბარეთ უწყება, ვერ დავურეკეთ, SMS ვერ მიიღო ან მისამართზე არავინ დაგვხვდა - მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნება. გამოქვეყნების შემდეგ პირი ჩაითვლება დაუწყებულად, ხოლო გამოუცხადებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფეხურები მოჰყვება.

- აღნიშნეთ, რომ ეს წესი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება. რა ხდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების შემთხვევაში, ან იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სტუდენტის სტატუსი აქვთ?

აქვსენტი ლომიძე: - ორმაგი მოქალაქეობის მქონე წვევამდელს იგივე ვალდებულება აქვს, რაც საქართველოს მხოლოდ მოქალაქეობის მქონე პირს. თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი საზღვარგარეთ სწავლობს და სტუდენტის სტატუსი აქვს, მას გადავადების უფლება მიეცემა.

- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სიაში მოხვედრილი ადამიანი ჯარში არ წავიდეს? ადრე, მაგალითად, დედისერთას სტატუსი მოქმედებდა. ეს პირობები რომ ჩამოვთვალოთ.

- კოდექსით გადავადების სხვადასხვა საფუძველი არსებობს, რაც საზღვარგარეთ მყოფ წვევამდელებზეც ვრცელდება. ძირითადს ჩამოვთვლი: სტუდენტის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს გადავადებით.

- გადავადებაზე ჩაგეკითხებით: როგორ შეუძლიათ მათ გადავადების მიღება და რა პროცედურა უნდა გაიარონ?

- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინოს. თუ იგი საზღვარგარეთ სწავლობს და სასწავლებელი უცხო ქვეყნის მიერ არის აღიარებული, გადავადება მიეცემა. ასევე, ისარგებლებენ გადავადებით საქართველოში მყოფი სტუდენტებიც. გარდა ამისა, გადავადების უფლება აქვთ დედისერთებს (თუ პირი დედის ან მამის ერთადერთი შვილია), ასევე პირებს, რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე ასაკის ერთი შვილი, ან ორი და მეტი შვილი. კოდექსით კიდევ უამრავი სხვა საფუძველია გათვალისწინებული.

- იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა უწყება ჩაიბარა და გამოცხადდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მსახურის საშუალებას არ აძლევს, ესეც არის თუ არა გათავისუფლების წინაპირობა?

- დიახ, ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საკუთარი სურვილით მოვა მოქალაქე თუ ჩვენ მიერ იქნება გამოძახებული, ჯანმრთელობის პრობლემის არსებობისას მას ვერ გავიწვევთ. ასეთი პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადებას იღებს.

- რა უნდა იცოდნენ წვევამდელებმა, როგორ უნდა მოემზადონ და რა დეტალები არ უნდა გამორჩეთ?

- აღსანიშნავია, რომ სანამ წვევამდელს გამოვიძახებთ, მას შეუძლია თავად გამოთქვას სურვილი და თავდაცვის ძალებში იმსახუროს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ 2025 წელს თავდაცვის ძალების მიერ დაგეგმილი მოთხოვნა სრულად შესრულდა, საიდანაც თითქმის ნახევარი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელი იყო. მიმდინარე წელსაც თავდაცვის ძალების გეგმა გაზრდილია, შესაბამისად, იმატებს საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა რაოდენობაც. წვევამდელები ყურადღებით უნდა იყვნენ. გამოძახების შემდეგ ისინი უნდა გამოცხადდნენ. ჩვენ პირველ რიგში გავესაუბრებით მათ და გადავადების ან გათავისუფლების საფუძვლის არსებობისას გადაწყვეტილებას მათთან ერთად მივიღებთ. თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, ამ შემთხვევაში გაწვევის პროცედურები დაიწყება.

- როდესაც ვამბობთ, რომ წვევამდელები თავის არიდებას იწყებენ, რა აშინებთ მათ ყველაზე მეტად? ეს შიშები რომ გაუქარწყლოთ, რადგან თავდაცვის ძალებში მსახურება და ქვეყნისთვის ამ დროის დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ზაალ მუსხელიშვილი: - მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. პირველი - ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და უფროსი თაობის გავლენაა. ასევე, ინფორმაციის ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიტუაციაა დღეს და როგორ გადიან წვევამდელები სამხედრო სამსახურს. ბევრმა არ იცის, რომ ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმა არსებობს: 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი სამსახური, რაც მაქსიმალურად არის მორგებული მოქალაქეზე.

- რით განსხვავდება ეს ვადები ერთმანეთისგან და რის მიხედვით ნაწილდება - სურვილით თუ თქვენი რეკომენდაციით?

- 6-თვიან სამსახურს ახალწვეული საბრძოლო ქვედანაყოფში გადის. 8-თვიანი სამსახურისას იგი საბრძოლო ან ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფში იმყოფება, ხოლო 11-თვიანი სამსახური სამეთაურო ტიპისაა, სადაც ახალწვეულები უმცროს მეთაურებად - ოცეულის ან ათეულის მეთაურის თანამდებობაზე მზადდებიან (ერთი ოფიცრის თანამდებობაა, მეორე - სერჟანტის). 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა წვევამდელს უფლება აქვს, გამოძახებამდე დარეგისტრირდეს და სასურველი ტიპის სამსახური აირჩიოს. ბატონი აქვსენტი სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ გაწვეულთა ნახევარზე მეტს ასეთი პირები შეადგენენ. ისინი ორ მნიშვნელოვან ბონუსს იღებენ: პირველი - ანაზღაურებაზე 30%-იანი დანამატი ეძლევათ, ხოლო მეორე - სამსახურის ფორმას თავად ირჩევენ (სურთ 6-თვიანი, 8-თვიანი თუ 11-თვიანი სამსახურის გავლის).

- ანუ ნებაყოფლობით მოსული წვევამდელი მეტი პრივილეგიით სარგებლობს.

- დიახ, დამატებითი ბონუსებით სარგებლობს.

- როგორც ვიცით, წვევამდელთა სია უკვე ატვირთულია და მოქალაქეებს მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.

აქვსენტი ლომიძე: - დიახ. ამავე ვებგვერდზე წვევამდელებს ნებაყოფლობით დარეგისტრირებაც შეუძლიათ.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ახალი წესი: როგორ ჩაბარდება უწყება წვევამდელს და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება გამოუცხადებლობის შემთხვევაში