"გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს... გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა და დაავადების სიმძიმეც შემცირდება" - გიორგი ღოღობერიძე - მშობლები

"გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს... გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა და დაავადების სიმძიმეც შემცირდება" - გიორგი ღოღობერიძე

2026-09-21 14:42:12+04:00

შემოდგომა-ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებიც აქტიურდება. ყელის ტკივილი, სურდო, ცემინება და საერთო სისუსტე - ამ სიმპტომების გამოჩენისას ბევრი ადამიანი პირდაპირ აფთიაქს მიმართავს და პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ საშუალებებს ყიდულობს.

ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ასეთი პრეპარატები ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება და გაციების ხანგრძლივობას არ ამცირებს. მისი თქმით, თუ მიზანი დაავადების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შემცირებაა, ყურადღება ორ ნივთიერებას - თუთიასა და C ვიტამინს - უნდა მიექცეს.

gogoberize-1789987994.jpg

„ახლა უკვე დაიწყება ვირუსული ინფექციების სეზონი. ისევ დაიწყება ყელის ტკივილი, ცემინება, სურდო და მსგავსი ჩივილები. როცა ასეთი ჩივილები აქვთ პაციენტებს, რას აკეთებენ ხოლმე? მიდიან აფთიაქში, ყიდულობენ, მაგალითად, პარაცეტამოლის შემცველ ჩაის ან ჩაის, რომელიც რომელიმე ანტიჰისტამინურ საშუალებას შეიცავს, რომ სურდო შეამციროს, ან იღებენ იბუპროფენს, რომ სიმპტომები შეიმსუბუქონ.

მაგრამ მარტივად ავხსნათ: როცა უკვე ცივდები, პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღებას დაავადების ხანგრძლივობის თვალსაზრისით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მედიკამენტები ორგანიზმში პროსტაგლანდინების სინთეზზე მოქმედებს და მათი შემცირებით უბრალოდ დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას აღწევ. თვითონ დაავადების ხანგრძლივობა არ იცვლება.

მე გასწავლით ორ ძალიან მარტივ რამეს, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენი ამოცანაა, რომ გაციების ხანგრძლივობა და მისი სიმძიმე შეამციროთ.

პირველი ეხება მეტალს, მეორე კი — მჟავას. მეტალი, რომელიც ამ დროს გვჭირდება, არის თუთია. საზოგადოება მას ცინკის სახელითაც იცნობს. მეორეა C ვიტამინი, ანუ ასკორბინის მჟავა.

თუთია გვჭირდება 5 მილიგრამი დღეში, ხოლო C ვიტამინი — 300 მილიგრამი დღეში.

საქმე ისაა, რომ თუ ცალ-ცალკე მიიღებთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ორივეს ერთად მიიღებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ გაციების ხანგრძლივობა მესამედით შემცირდება და დაავადების სიმძიმეც დაახლოებით მესამედით შემცირდება.

სწორედ პირველივე დღეებში, როგორც კი ყელის ტკივილი, სურდო ან ცემინება დაიწყება — თუთია 5 მილიგრამი და C ვიტამინი 300 მილიგრამი. ამას შეუძლია დაავადება თავიდანვე შეგიმსუბუქოთ.

როცა ცივდებით, მაინც გინდებათ ამ ჩაების მიღება, ხომ? მაშინ რატომ არ უნდა მიიღოთ დაავადების დასაწყისშივე, პირველივე დღეებში? ოღონდ არა პარაცეტამოლისა და იბუპროფენის შემცველი, არამედ თუთიისა და C ვიტამინის შემცველი.

საქმე ისაა, რომ 2017 წლამდე არ იყო დამაჯერებელი კვლევები, რამდენად შეეძლო თუთიას დაავადების ხანგრძლივობის შემცირება. მაგრამ 2017, 2018 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული დაავადებების დროს თუთიის მიღებას შეუძლია დაავადების ხანგრძლივობის დაახლოებით მესამედით შემცირება.

მაგალითად, გუშინ თავად ვიყავი გაციებული. დავლიე ჩაი და დღეს აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვარ. არანაირი სიმპტომატიკა აღარ განვითარებულა — არც ცემინება, არც სურდო. იმიტომ, რომ უნდა იცოდე დაავადების სწორი მართვა.

ზოგი თუთიას მიიღებს, ზოგი — C ვიტამინს, მაგრამ მარტო ის კი არ უნდა იცოდეთ, რომ მათი მიღება შეიძლება, არამედ სწორი დოზებიც უნდა იცოდეთ. თუ დოზა სწორად ვერ გათვალეთ, აზრი არ აქვს. თუთია 5 მილიგრამი უნდა იყოს დღეღამეში — არც მეტი, არც ნაკლები, ხოლო C ვიტამინი — 300 მილიგრამი, არც მეტი და არც ნაკლები, როცა საქმე გაციების მართვას ეხება.

ზოგიერთი ჩაი ორივეს ერთდროულად შეიცავს. უბრალოდ ცხელ წყალში გახსნით და ისე მიიღებთ. ასე უფრო ეფექტურია მათი მოქმედება.

მოკლედ, ეს არის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. ამით შეგიძლიათ თავად გაციების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შეამციროთ.

გაციების წინააღმდეგ ეს მარტივი მეთოდი დაიმახსოვრეთ — თუთია და C ვიტამინი, ოღონდ დოზები სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ ეფექტური იყოს.

დაავადების სწორად მართვა მხოლოდ მაშინ არ უნდა დაიწყოთ, როცა უკვე რთულად ხართ. ყურადღება პირველივე სიმპტომებიდან უნდა მიაქციოთ, თუ გინდათ, რომ შედეგი რაც შეიძლება კარგი იყოს“, — ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

“გასწავლით, როგორ გაიჩეროთ ტკივილი მედიკამენტის გარეშე, თუ ხელთ არაფერი გაქვთ” - გიორგი ღოღობერიძე