ქვეყანა, სადაც ადამიანებს წიგნების კითხვაში ფულს უხდიან: "ცდილობენ, ადამიანები მოკლე ციფრული კონტენტის ნაცვლად, დიდ ტექსტებზე გადაერთონ" - მშობლები

ქვეყანა, სადაც ადამიანებს წიგნების კითხვაში ფულს უხდიან: "ცდილობენ, ადამიანები მოკლე ციფრული კონტენტის ნაცვლად, დიდ ტექსტებზე გადაერთონ"

2026-09-21 23:17:33+04:00

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ არსებობს ქვეყანა, სადაც წიგნის წაკითხვაში ფულს გიხდიან.

სინგაპურში დაიწყო პროგრამა, რომლის მონაწილეებიც ყოველდღიური კითხვისთვის მცირე ფულად ჯილდოს იღებენ. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს კითხვის ჩვევის გამომუშავებაში დაეხმაროს და მოკლე ციფრულ კონტენტზე მუდმივი გადართვის ნაცვლად, უფრო დიდ ტექსტებზე კონცენტრირება წაახალისოს.

პროგრამა სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭოს ინიციატივაა.

პროგრამაში მონაწილემ დღეში სულ მცირე 15 წუთი უნდა იკითხოს და კითხვის სესია სინგაპურის სამთავრობო პლატფორმა CrowdTaskSG-ზე დააფიქსიროს.

ყოველი ასეთი სესიისთვის მონაწილე 20 ვირტუალურ მონეტას იღებს. 1 000 მონეტა 1 სინგაპურულ დოლარს უდრის, შესაბამისად, 15 წუთის კითხვისთვის მიღებული ჯილდო 0,02 სინგაპურული დოლარი, ანუ 2 ცენტია.

დღეში მხოლოდ ერთი სესიის დაფიქსირება შეიძლება. ამგვარად, 1 სინგაპურული დოლარის დასაგროვებლად 50 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მინიმუმ 15 წუთი უნდა იკითხოთ.

თანხა საკმაოდ მცირეა და პროგრამის მთავარი მიზანიც დამატებითი შემოსავლის შექმნა კი არა, ყოველდღიური კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაა.

თან არავისთვის არაფრის დამტკიცება არ არ არის საჭირო. სისტემა თვითდეკლარირებაზეა აგებული. ანუ სახლში ბეჭდურ წიგნს რომ 15 წუთი წაიკითხავ, CrowdTaskSG-ში თავად აფიქსირებ, რომ დღიური კითხვის სესია შეასრულე. აპი არც წიგნს აკონტროლებს, არც კამერით გიყურებს და არც კითხვის 15 წუთს ზომავს.

სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის საბჭოს ხელმძღვანელის, მელისა ტამის თქმით, ინიციატივის მთავარი გზავნილია, რომ კითხვა გონებისთვის კარგი ვარჯიში და ამავე დროს სასიამოვნო საქმიანობაა.

„მთავარი აზრი, რომლის მიტანაც სინგაპურის მოსახლეობამდე გვინდა, ისაა, რომ კითხვა გონებისთვის შესანიშნავი ვარჯიშია. ეს საინტერესო საქმიანობაა. კითხვის დაწყება და ამ ჩვევის შენარჩუნება მარტივია და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, ის ჩვენს საერთო ჩვევად ვაქციოთ“, — ამბობს მელისა ტამი.

სინგაპურის ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წლის კვლევის მიხედვით, ზრდასრულთა 28% წიგნებს კვირაში ერთზე მეტჯერ კითხულობდა. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ წიგნებს.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სინგაპურის მოსახლეობის მხოლოდ 28% კითხულობს. თუ სხვა საკითხავ მასალასაც. მაგალითად, ახალ ამბებსა და ონლაინსტატიებს გავითვალისწინებთ, მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. 28% კონკრეტულად წიგნების ხშირ მკითხველებს ეხება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სინგაპურში ადამიანებს სასარგებლო ჩვევის გამომუშავებისთვის ჯილდოს სთავაზობენ.

2015 წელს ქვეყანაში დაიწყო National Steps Challenge — პროგრამა, რომლის მონაწილეებიც სიარულისა და ფიზიკური აქტივობისთვის ქულებს აგროვებდნენ. დაგროვილი ქულების სხვადასხვა ჯილდოსა და ვაუჩერზე გადაცვლა შეიძლებოდა.

ახლა მსგავსი მიდგომით სინგაპურში უკვე ყოველდღიური კითხვის ჩვევის წახალისებას ცდილობენ.

წიგნის კითხვის ფულით წახალისების შემთხვევებიდან სინგაპურის მაგალითი ერთადერთი არ არის.

ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი აშშ-ში, დალასის საჯარო სკოლებში ჩატარდა. მეორე კლასის მოსწავლეებს თითოეული წაკითხული წიგნისთვის 2 დოლარს უხდიდნენ. მხოლოდ იმის თქმა, რომ წიგნი წაიკითხეს, საკმარისი არ იყო — მოსწავლეს სპეციალური ტესტიც უნდა ჩაებარებინა და კითხვების სულ მცირე 80%-ისთვის სწორად ეპასუხა. ერთ სემესტრში ჯილდო მაქსიმუმ 20 წიგნზე გაიცემოდა.

პროგრამა ჰარვარდის ეკონომისტ როლანდ ფრაიერის კვლევის ნაწილი იყო, რომლის მიზანიც იმის გარკვევა გახლდათ, შეუძლია თუ არა ფინანსურ წახალისებას ბავშვების სწავლის შედეგებზე გავლენის მოხდენა. კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ კარგი ნიშნებისა და ტესტის მაღალი შედეგისთვის ფულის გადახდას მკაფიო ეფექტი არ ჰქონდა, ხოლო დალასში ინგლისურენოვან ბავშვებში, რომლებსაც უშუალოდ წიგნების წაკითხვისთვის აჯილდოებდნენ, კითხვის გააზრების შედეგებზე დადებითი ეფექტი დაფიქსირდა.

მსგავსი მიდგომა აშშ-ში დღესაც გამოიყენება. მაგალითად, არაკომერციული პროგრამა BookBucks ბავშვებს წიგნის წაკითხვისა და მისი შინაარსის გაგების დამადასტურებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მცირე ჯილდოს — ჩვეულებრივ 1–2 დოლარს — აძლევს.

არსებობს საზაფხულო პროგრამებიც, სადაც ბავშვები კითხვისთვის ფულად ჯილდოს აგროვებენ. მაგალითად, ერთ-ერთი ამერიკული საკრედიტო კავშირის პროგრამაში 3–12 წლის ბავშვებს ზაფხულის განმავლობაში წიგნების კითხვისთვის 25 დოლარამდე შეუძლიათ მიიღონ.

სინგაპურის ინიციატივა ერთი მნიშვნელოვანი ნიშნით განსხვავდება: აქ საუბარი მხოლოდ მოსწავლეებზე არ არის. პროგრამა ზრდასრულებსაც აძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიური კითხვისთვის მცირე ფულადი ჯილდო მიიღონ. ამიტომ სინგაპურის შემთხვევა უფრო ფართო მასშტაბის მცდელობაა — ფინანსური სტიმულის საშუალებით კითხვა მოსახლეობის ყოველდღიურ ჩვევად აქციოს.

წიგნები, რომლებიც ბავშვს ჯერ კიდევ კითხვის სწავლამდე განუვითარებს აზროვნებასა და მეტყველებას