"18 წლისას 2 შვილი მყავდა... პატარა ოთახში, "კერასინკაზე" გავზარდე... ძალიან რთული იყო... დევნილობის სირთულეებიც ყველაფერი გავიარე..." - ლიკა კვარაცხელიას და ანა შელიას გულახდილი ინტერვიუ - მშობლები

"18 წლისას 2 შვილი მყავდა... პატარა ოთახში, "კერასინკაზე" გავზარდე... ძალიან რთული იყო... დევნილობის სირთულეებიც ყველაფერი გავიარე..." - ლიკა კვარაცხელიას და ანა შელიას გულახდილი ინტერვიუ

2026-09-23 09:22:59+04:00

ანა ტყებუჩავას პოდკასტის "მეხუთე ელემენტის" სტუმრები - ლიკა კვარაცხელია და ანა შელია იყვნენ და გულწრფელად ისაუბრეს ლიკას დევნილობის წლებზე, ახალგაზრდა დედობაზე, შვილების აღზრდაზე და ა.შ.

დედობა ახალგაზრდა ასაკში

ლიკა კვარაცხელია:

-18-ის ვხვდებოდი უკვე, ანა რომ მყავდა და მალევე მერე ელენეც მიჰყვა. სანამ 19-ის გავხდი, უკვე ორივე მყავდა. მესამე - წლების შემდეგ... ვერ ვიტყვი, რომ ძაან დიდად განსხვავებული იყო, უბრალოდ დრო იყო იმდენად განსხვავებული, ამ რვა-ცხრა წელიწადშითვითონ ჩვენი ქვეყანაც საერთოდ სხვა რეჟიმზე იყო... ანა და ელენე რომ მყავდა, მართლა ერთ ოთახში ვზრდიდი. არც შუქი იყო, არც გაზი იყო, არც წყალი და ერთ საძინებელში ეგრეთწოდებული "კერასინკა" მქონდა. ძალიან რთული იყო...საღამოს 8 საათს რომ ელოდები, რომ მოვა შუქი და ამ დროს უნდა თან საჭმელი გაუკეთო, აჭამო, დაბანოთ, ყველაფერი რომ გინდა, იმ ბჟუტუნა შუქზე გააკეთო, ძაან რთული იყო მართლა ის პერიოდი.

როგორ მახსოვს, ანას ალერგიული შეტევები ჰქონდა ხოლმე და აი, ამ სიბნელეში რომ ეძებ წამალს თუ ბავშვს... აქედან გამომდინარე, ეს ბევრად უფრო მსტრესავდა, ვიდრე ის, რომ მეც პატარა ვიყავი და ბავშვები.

არც ერთი არ იყო ისეთი რთული გასაზრდელი და თან ჩემი დეიდაშვილებიც, ბიძაშვილებიც, ყველა ძაან ახალგაზრდები, პატარები იყვნენ. ყველას უხაროდა ბავშვებთან და სამსახურშიც კი ვატანდი...

თუმცა ადრე გათხოვებას რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, მაშინ დროც სხვა იყო. მე გამიმართლა, თუმცა ყოველთვის არ არის ასე... ჩემი მეუღლე სპორტსმენი იყო, უცხოეთში თამაშობდა და ვიზას არ მაძლევდნენ ოფიციალური ქორწინების გარეშე...

მკაცრი დედა

ანა შელია:

- მეშინოდა ხოლმე, მართლა. თან ისეთი თვალებით გვიყურებდა ხოლმე მე და ელენეს. ჯერ ხო არ გვიშვებდა არსად, ანუ სულ გვაკონტროლებდა. უნდა ცოდნოდა სად ვიყავით, ვისთან ერთად ვიყავით, მერე გვამოწმებდა. ინტერნეტსაც კი გვითიშავდა ხოლმე რაღაც დროით და მე ვისწავლე ჩართვა. ბოლოს როუტერი მიჰქონდა ხოლმე, ხსნიდა და მიჰქონდა ოთახში. კოდებს აყენებდა კომპიუტერში და მერე ამ კოდებსაც ვხვდებოდი, რა იყო.ერთხელ ელენე გაიპარა სკოლიდან და შემთხვევით აღმოაჩინა, უცებ მგვალ ბაღთან გადაურბინა ელენემ და ნუ ელენე იქმოკვდა დარდით,ლიკა რომ დაინახა.

ლიკა:

- მკაცრი შეიძლება...ამათვის ასე ჩანს, თუმცა მე ყოველთვის მირჩევნია, რომ რაღაცნაირად ჩარჩოები და საზღვრები არსებობდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ჰქონდათ თავისუფალი დღეები... უბრალოდ გარემოც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, სად ცხოვრობენ, სად იზრდებიან და ასე, თვითონ როგორც უნდოდათ და სადაც უნდოდათ, ნამდვილად ვერ გავუშვებდი.

ანა:

- ახლანდელი გადმოსახედიდან მეცვეთანხმები... მე არც ვუშვებ ხოლმე დასარჩენად ბავშვებს. მიყვარს, რომჩემთან არიან და აუცილებლად მე უნდა დავაძინო ან ლაშამ.

შვილების ქორწინება და ბებიობა

ლიკა:

- ძალიან კარგია ეს ასაკი, 40 წლის შემდეგ. არავინ არ მყავს სკოლაში თუ უნივერსიტეტში გასაცილებელი, ყველა გაიზარდა, თავის თავს უვლიან და მე ჩემი თავისთვის მოვიცალე... გოგონები გათხოვდნენ და ესეც არ არის პრობლემა. მაგისთვისაც ვდებთ შვილებში ყველაფერს და ვზრდით, რომ თავისი საქმე იპოვონ, თავისი ბუდე შექმნან, თავისი ოჯახი და რაღაც თავის ბედნიერება იპოვონ ცხოვრებაში. მართლა ძაან მიხარია, რომ მათ თავიანთი მეორე ნახევარი იპოვეს ცხოვრებაში და ორივე ძაან ბედნიერადაა. თან ასეთი განსაკუთრებული შემთხვევაა ჩვენს ოჯახში, სპორტის სამინისტრო გვაქვს - რაგბის ბურთი, ფეხბურთის ბურთი, კალათბურთის ბურთი... ჩემი შვილი დავითი, რომელიც ასევე კალათბურთით სწავლობს უცხოეთში.ვეუბნებით, რომ ახლა შენ ან ფრენბურთელი ან ჩოგბურთელი ნახე...

ჩემი მხრიდან მე რაც შემიძლია, ის არის, რომ არასოდეს ბავშვებთან მიმართებაში ჩემი გადაწყვეტილებით არაფერს არ ვაკეთებ. თუ სადმე წაყვანა, თუ რა ვაჭამოთ, თუ რა გავაკეთოთ, ყოველთვის მშობლებთან ვათანხმებ და არ მაქვს ბებიური აქტიურობა, ეს ჩემი ხელწერა არ არის. მირჩევნია, თვითონ როგორც მეტყვიან, როცა დავჭირდები თუ რასაც მეტყვიან, იმას შევასრულებ პირნათლად და იმის იქით რაღაც ჩემი ინიციატივით არ ვერთვები.

download-1790158850.jpg

2024-03-11-12-36-10-742386-1024x712-1790158869.jpg

დევნილობა

ლიკა:

- სოხუმიდან მარტო წამოვედი. მე და ჩემი ძმა უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ ამ დროს ჩამოფრინდა შევარდნაძე და ჩემი ძმა იყო მაშინ 16 წლის, და „რას ჰქვიაო, ახლა მე როგორ წავალო“... შევარდნაძემ დაამშვიდა ვითომ ხალხი, აი, ქობალიას ჯარი მოდის... და ასე ძლივს, ეს ტრაპზე მამაჩემმა რომ შემაგდო, ამ დროს ჩემი ძმა დაიკარგა, დაიმალა და აღარ წამოვიდა და დავრჩი მარტო... მერე იქვე იყვნენ უკვე დედაჩემის ახლობლები და იმათ შემიკედლეს, სანამ დედაჩემი ჩამოვიდა.

...ჩემმა მშობლებმა ძალიან რთული გზა გამოიარეს, ბოლო დღემდე მუშაობდნენ და სვანეთით წამოვიდნენ ბებიასთან ერთად... სანამ ყველანი შევიკრიბეთ, ამასობაში ისე მოვიდა დეკემბერი, მე წყნეთში ჯერ კიდევ შორტებით დავდიოდი სკოლაში.

მერე ნელ-ნელა, ნელ-ნელა რაღაცნაირად ავეწყვეთ, მაგრამ ჩემს მშობლებს ძალიან გაუჭირდათ... მე ისეთი ბავშვობა მქონდა, მქონდა პერიოდი, როდესაც ყველაფერი მქონდა და ვმოგზაურობდით, არაფერი გვაკლდა, სულ მზე და სულ ზღვა და ასეთი მოგონებები.და მერე იყო პერიოდი, როდესაც მართლა თავზე გვაწვიმდა, გვათოვდა, ერთმანეთის სამოსი გვეცვა ორი სართულის სამეზობლოს და ასე შემდეგ. ჩემი მშობლებისთვის ძაან სტრესული იყო, რა თქმა უნდა... ჩემს ასაკში ყველაფერი დაკარგეს. ერთადერთი დედაჩემმა სულ ახალი სუნამოები ჰქონდა და ის წამოიღო. სვანეთის გზაზე რომ გავიყინო, დავლევ მაინცო... და ის ერთი-ორი სუნამო ჩააბარა მერე აქ მაღაზიაში, იმით ვცხოვრობდით დიდხანს...

ჩვენზე ვერ ვიტყვი, არ ვიყავით რაღაცა უკიდეგანოდ შეძლებულები, მაგრამ ჩვენს საახლობლოში ყველას იმდენად დიდი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველანი უცებ აღმოვჩნდით ერთ საერთო საცხოვრებელში.

მაგრამ იცი რა? ძაან კარგი რაღაცები ჩამოგვიყალიბა ყველას ამ ცხოვრებამ. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს...ყველამ გადავაფასეთ უცებ ცხოვრებაში ყველაფერი და ძაან წინა პლანზე წამოვიდა ადამიანობა. ის რომ ურთიერთობები, ის რომ ნამდვილი იყო და რაც დღეს გაქვს, ის ხარ, მორჩა. ხვალ არავინ არ იცის, რა იქნება და აქედან გამომდინარე ყველაფერი დროებითია და ეს რაღაცნაირად სულ მომყვება ცხოვრებაში მას შემდეგ...

10 სკოლა შევიცვალე მაგის გამო, იმიტომ, რომ სერიოზული დაცინვა და რაღაცები ხდებოდა სკოლაში. უბრალოდ მე ვერც ვხვდებოდი, რატომ დამცინოდნენ. ჩემი მშობლები დაახლოებით ხვდებოდნენ და ეგრევე სხვა სკოლაში მივყავდი... ძაან ცუდი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ერთხელ ვახსენე და კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ რაღაცნაირად ძალიან ვეცადე, რომ ეს ყველაფერი გულში არ ჩამეტოვებინა, იმიტომ, რომ მაშინ ყველაზე გაბრაზებული უნდა ვიყო... ხალხი არ იყო მზად ამ ყველაფრისთვის, საერთოდ არ იყო ინფორმაცია და ეს გამომდინარეობდა აქედან. დღეს უკვე იმდენად სწრაფად ვიღებთ ინფორმაციას... დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმაც გადააფასეს და მიხვდნენ, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ სხვა დამოკიდებულება იყო და ვერ ვხვდები, რაღაცნაირად ბნელი დამოკიდებულება იყო... სადღაც 2008 წელს, ყველამ ერთად რომ განიცადა ეს, მე მგონი, მას შემდეგ ცოტა შეიცვალა დამოკიდებულება...იმიტომ, რომ ჩვენ მართლა არც იქ მიგვიღეს, არც აქ... ძაან სტრესული იყო ეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გზაზე იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებმაც სახლის კარი გაგვიღეს და შეგვიკედლეს.

იმ პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა... და სხვათა შორის, იმ საერთო საცხოვრებლიდან ადამიანებმა უზარმაზარ წარმატებებს მიაღწიეს. ჩემი კულინარიის სიყვარულიც აქედან მოდის. წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებდნენ ჩვენი მეზობლები, ქალები, აი ამ არაფრისგან, მართლა არაფრისგან, ჰუმანიტარული დახმარებისგან. მეც სულ მაინტერესებდა, ამ კვერცხის ფხვნილისგან მერე ნამცხვრებს აცხობდნენ. ყველაფერი მაინტერესებდა. ერთ გრძელ დერეფანზე ედგა ყველას "კერასინკა" თუ გაზი, რადგან პაწაწინა სამზარეულო გვქონდა და ყველა სხვადასხვა კერძს ამზადებდა. მე ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, ზოგი ზამთრისთვის ხუფავდა, ზოგი რაღაც კერძს ამზადებდა და საინტერესო იყო ძალიან ამის ყურება.

გოგრის ფხალი მჭადის კალათაში - გამორჩეული სადღესასწაულო კერძის რეცეპტი ლიკა კვარაცხელიასგან (ვიდეო)
გემრიელი სადილი მთელი ოჯახისთვის, როცა არ იცი, რა მოამზადო - ლიკა კვარაცხელია ხორცის სოუზის განსაკუთრებული რეცეპტით
ელენე შელიამ და რატი ანდრონიკაშვილმა ხელი მოაწერეს - მოკრძალებული ცერემონია ოჯახურ წრეში და სიდედრის მომზადებული ელარჯი (ვიდეო)