როგორ გავუძლიეროთ ბავშვს მადა და რატომ არ უნდა ამოვიღოთ ცხიმი დიეტებიდან - შოთა ჯანჯღავას რჩევები - მშობლები

როგორ გავუძლიეროთ ბავშვს მადა და რატომ არ უნდა ამოვიღოთ ცხიმი დიეტებიდან - შოთა ჯანჯღავას რჩევები

2026-09-23 09:25:28+04:00

ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით არაერთი წესი არსებობს, რომელსაც ხშირად ბავშვობიდანვე ვიმეორებთ — მაგალითად, რომ ჭამის წინ ტკბილი არ უნდა მივირთვათ, რადგან მადას დაგვიკარგავს, ან რომ წონის კონტროლისას რაციონიდან ცხიმი მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ. ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემა "დილის ლაივში" განმარტავს, რომ საკითხი ყოველთვის ასე მარტივად არ არის და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში საკვების მიღების შემდეგ.

ექიმის თქმით, გარკვეულ შემთხვევაში მცირე რაოდენობით ტკბილეულმა შესაძლოა მადა პირიქით, გააძლიეროს.

„გვაქვს ასეთი გამონათქვამი, რომ კვების წინ ტკბილი არ უნდა მივირთვათ. ბავშვებსაც ვეუბნებით ამას. მაგრამ რეალურად, თუ ბავშვს ცოტა მადა გვინდა გავუძლიეროთ, შეგვიძლია 25 გრამი შოკოლადი კვებამდე დაახლოებით ნახევარი საათით, 40 წუთით ადრე მივცეთ. პირველ ნახევარ საათში შეიძლება მადა შეუმციროს, მაგრამ როგორც კი პანკრეასი ინსულინის გამოყოფას გააძლიერებს, შემდეგ მადა მოემატება.“

შოთა ჯანჯღავა ამ მექანიზმთან დაკავშირებით მედიცინის ისტორიიდანაც იხსენებს მაგალითს — მისი თქმით, ერთ პერიოდში წონის დეფიციტის მქონე ადამიანებში მადისა და წონის მოსამატებლად ინსულინსაც იყენებდნენ.

„ერთ პერიოდში მედიცინაში მკურნალობის ასეთი მეთოდიც გამოიყენებოდა — ვისაც წონის დეფიციტი ჰქონდა, ინსულინოთერაპიას უნიშნავდნენ. გარედან შეჰყავდათ ინსულინის ძალიან დაბალი დოზა — კილოგრამზე 0,01, ხელოვნურად სწევდნენ გლუკოზას დაბლა, რომ ამით მადის ცენტრი გაეძლიერებინათ და ადამიანს წონა მომატებოდა. შემდეგ ამას ბევრი გართულება მოჰყვა და გამოყენებიდან ამოიღეს, მაგრამ მექანიზმი ასეთი იყო.“

რატომ არ უნდა ამოვიღოთ ცხიმი რაციონიდან

მადისა და წონის რეგულირებაზე საუბრისას ენდოკრინოლოგი კიდევ ერთ გავრცელებულ შეცდომას ეხება — როდესაც ადამიანები წონის დაკლების მიზნით რაციონიდან ცხიმს თითქმის მთლიანად იღებენ. „ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანები ცხიმს საერთოდ ამოიღებენ საკვები რაციონიდან, ეს სწორი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი ჰორმონების სინთეზისათვის, განსაკუთრებით ტესტოსტერონი, კორტიზოლი, ეს სტეროიდული ჰორმონებისათვის ცხიმი აუცილებელია, ამიტომ დაახლოებით 20-35% ცხიმი მაინც უნდა ფიგურირებდეს. საუბარი არაა მხოლოდ თვალით ხილულ ცხიმზე. შეიძლება ხორცი მივიღოთ და ხორცში ხომ შედის ცხიმი. ზეითუნის ზეთი მცენარეული წარმოშობისაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცხიმში გადის. უბრალოდ ეს არის ჯანსაღი წარმომავლობის პროდუქტი და ტრანსცხიმები მასში არ არის. ცილას რაც შეეხება 10-25% უნდა იყოს საკვები მთლიანი რაციონისა და ნახშირწყალი უნდა იყოს 45-65% დაახლოებით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ეს ენერგია, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება და ცხოვრებაყოფილება რაც უნდა აწარმოოს, რომ ეს დავალაგოთ“

ენდოკრინოლოგის განმარტებით, რაციონში საკვები ნივთიერებების განაწილებისას დაახლოებით 20-35% ცხიმზე, 10-25% ცილაზე და 45-65% ნახშირწყლებზე უნდა მოდიოდეს. ნახშირწყლები ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა და საჭიროა ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის.

რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ დღის განმავლობაში

შოთა ჯანჯღავას თქმით, კვების ერთ-ერთი გავრცელებული მოდელია სამი ძირითადი კვება — დილას, შუადღესა და საღამოს — და მათ შორის ორი წახემსება.

„სამი ძირითადი კვება უნდა იყოს — დილა, შუადღე, საღამო და ორი წახემსება შუალედში. აქ აუცილებელია დაახლოებით სამ-ოთხსაათიანი ინტერვალი დავიცვათ, რაც როგორც ინსულინის გამოყოფის რეგულაციას, ასევე ზოგად მეტაბოლიზმსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას ეხმარება.“

ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში დაახლოებით 400-450 გრამი ხილი და ბოსტნეული უნდა მივიღოთ და მათი ნაწილი შესაძლებელია შუალედურ კვებებზე გადავანაწილოთ.

„ამაში იგულისხმება ხილიც და ბოსტნეულიც. შესაბამისად, შეგვიძლია ეს რაოდენობა ორ შუალედურ წახემსებაზე გადავანაწილოთ, ხოლო დილას, შუადღესა და საღამოს ჩვენი ჩვეულებრივი ძირითადი რაციონი მივიღოთ.“

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დღის ბოლო კვების დროც. უნივერსალური წესი, რომ მაგალითად, საღამოს 6 საათის შემდეგ საკვები აღარ უნდა მივიღოთ, არ არსებობს — უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი დრო რჩება დაძინებამდე.

„აქამდე ითვლებოდა, რომ საღამოს 6 საათის მერე არ ვჭამოთ, 8-ზე არ ვჭამოთ და ასე შემდეგ. სტანდარტულად, კვება დაძინებამდე დაახლოებით ორი-სამი საათით ადრე უნდა დასრულდეს.“

როდის უჭირს ორგანიზმს წონის კლება დიეტის მიუხედავად - შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციები
მხოლოდ მშობლის სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს... ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს - შოთა ჯანჯღავა განმარტავს, როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას