ნევროლოგი ნონა მინდიაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ალცჰაიმერის დაავადების რისკების განვითარებასა და ადრეულ ეტაპზე საყურადღებო ნიშნების აღმოჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს:
- 21 სექტემბერი ალცჰაიმერის ცნობადობის ამაღლების დღეა, ხოლო 1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. მინდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდეს. საქმე ის არის, რომ გაერომ და მსოფლიო ბანკმა მოსახლეობაში ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა დაადასტურეს. სექტემბერში იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 100 000 მოქალაქე დაფიქსირდა. ეს 100 000 ადამიანი დაუძლურებული არ არის. პირიქით, ზოგიერთი მათგანი ძალიან აქტიურია და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასაც გეგმავს. რა თქმა უნდა, ხანდაზმულთა ხვედრითი წილი ჩვენთანაც იზრდება და მასთან ერთად იმატებს ის დაავადებებიც, რომლებიც ამ ასაკს თან ახლავს. მედიცინა აქტიურად ცდილობს, ალცჰაიმერის დაავადების დასამარცხებლად ეფექტური წამალი იპოვოს, თუმცა ჯერჯერობით ყველა მცდელობა მხოლოდ საწყის ფაზას უკავშირდება - იმ პერიოდს, როდესაც დემენციის პირველადი ნიშნები ვლინდება.
- სწორედ ამაშია საქმე. ამ პროცესში გარშემომყოფებიც უნდა იყვნენ გაცნობიერებულნი: მოსწავლე, რომელიც ასეთი ადამიანის შვილიშვილია; ოჯახის ექიმი თუ თერაპევტი, რომელიც ნევროლოგი ან ფსიქიატრი არ გახლავთ; მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს სახლში ეწვია და იქ დემენციის მქონე ადამიანი დახვდა. საზოგადოების ფართო ჩართულობისა და ინფორმირების გარეშე, ჩვენ ასეთ პაციენტებს ვერც გამოვავლენთ და ვერც დროულად გადავამისამართებთ. ამასთანავე, თანადგომა, მეგობრობა და მხარდაჭერა დიდ ფინანსურ რესურსებს არ მოითხოვს და ძირითადად ადამიანურ ფაქტორზეა დაფუძნებული. ეს მიმართულება განსაკუთრებით უნდა განვავითაროთ, რათა ასეთი ადამიანების ცნობა დროულად მოხდეს და ისინი ყურადღების გარეშე არ დარჩნენ.
- მოსახლეობაში მართლაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს დაავადება აუცილებლად მემკვიდრული ან გენეტიკური ხასიათისაა. ასეთი შემთხვევები ხშირია, თუმცა ეს უფრო კარგი დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის დამსახურებაა, ვიდრე ჭეშმარიტი მემკვიდრული გადაცემისა. ეს საკითხი სწორედ ასე უნდა გავმიჯნოთ. რაც შეეხება უშუალოდ რისკებს, აქ იგულისხმება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ცერებროვასკულური დარღვევები, გასტროენტეროლოგიური პრობლემები და ჰემატოლოგიური დარღვევები, მაგალითად, რკინის დეფიციტი. ყველა ის ფაქტორი, რომელიც ადამიანის ნორმალურ ბიოქიმიასა და სასიცოცხლო ფუნქციებს ურღვევს, ნუტრიციოლოგიასა და ფიზიკურ აქტივობას ამცირებს, საბოლოოდ კოგნიტური დისფუნქციის საფუძველი ხდება. დაბალი ფიზიკური აქტივობა ამ რისკს ზრდის. მაგალითად, ავიღოთ სმენის დაქვეითება, რაც ხანდაზმულებში საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. სმენადაქვეითებულ ხანდაზმულებში კოგნიტური დისფუნქცია ბევრად უფრო ხშირია. მიზეზი ის არის, რომ სმენის დაქვეითება ადამიანს ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს. ოჯახში, სადაც სმენადაქვეითებული წევრი ცხოვრობს, მას ნაკლებს უყვებიან, რადგან საუბარი დიდ ძალისხმევას, ნათქვამის მრავალჯერ გამეორებასა და ხმის აწევას მოითხოვს. ხშირად სმენადაქვეითებული პაციენტი თავადაც ერიდება ურთიერთობას, რადგან იცის, რომ ეს უხერხულობას ქმნის, ხოლო სმენის აპარატი ყველას მორგებული არ აქვს. ეს გახლავთ მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ამცირებს სმენის პრობლემა ინფორმაციის მიღებასა და განვითარების შესაძლებლობას. მეორე ფაქტორი მობილურობის შეზღუდვაა. ადამიანმა სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა, აკადემიური ცოდნის მიღება შეწყვიტოს, მაგრამ სოციალურ ზრდას იგი სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობს. სოციალური ზრდაც განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სახლშია ჩაკეტილი და გარეთ მხოლოდ შეზღუდული მობილურობის გამო ვერ გამოდის. ამას ემატება ძვალ-სახსროვანი სისტემისა თუ სხვა პათოლოგიები. ყველა ის ქრონიკული დაავადება, რომელიც საზოგადოებასთან კონტაქტს, სოციალურ განვითარებასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს ამცირებს, დემენციის რისკ-ფაქტორად შეიძლება, განვიხილოთ. განსაკუთრებით გამოყოფილია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ძილის დარღვევები, თუმცა ჩამოთვლილი ყველა სხვა ფაქტორიც თანაბრად მნიშვნელოვანია.
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო კითხვაა, რომელიც ყველას გვაწუხებს. დღეს მედიცინა იმ აზრზე ჩამოყალიბდა, რომ ამ პრობლემის ეფექტური მართვა ჯერჯერობით მხოლოდ ადრეულ ეტაპზე - კოგნიტური დისფუნქციის დასაწყისშია შესაძლებელი. ყველა ის ინოვაციური პრეპარატი, რომელიც შეიქმნა და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში გამოიყენება, სწორედ ამ საწყის ეტაპზე მოქმედებს. როდესაც ეს მედიკამენტები საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი, ისინიც სწორედ ამ ეტაპზე გამოიყენება. უმთავრესი ამოცანა კოგნიტური დისფუნქციის საწყისი პერიოდის მაქსიმალური გახანგრძლივებაა, რათა დრო მოვიგოთ. ამ ეტაპის გახანგრძლივებით პაციენტს, ოჯახსა და საზოგადოებას სერიოზულ პრობლემებს აარიდებთ. სადიაგნოსტიკო ტესტებიც სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. სერიოზული პლატფორმა უკვე მომზადებულია და მალე საქართველოშიც დაინერგება ტესტი, რომელიც სისხლის ანალიზით კოგნიტური დისფუნქციის ეტაპსა და მისი პროგრესირების ხარისხს განსაზღვრავს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. რაც შეეხება მკურნალობას, აქ ორი მიმართულება არსებობს: პირველი - მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული თანამედროვე თერაპიაა, რომელიც მსოფლიოში უკვე გამოიყენება და გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა; მეორე - ტრადიციული პრეპარატებია, რომლებიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ადრეული დემენციის ან კოგნიტური დისფუნქციის ფაზაში მყოფ პაციენტებში ეს მედიკამენტები მეხსიერებას აუმჯობესებს და დაავადების სრულ გამოვლინებამდე დროს ახანგრძლივებს.
- ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. რამდენიმე ხნის წინ კონსულტაციაზე მამაკაცი მოვიდა მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პრობლემა სულ რაღაც ექვსი თვის წინ დაიწყო. სამედიცინო გამოცდილებითა და დაკვირვებით, პაციენტის ოთახში შემოსვლისთანავე უკვე განსაზღვრული წარმოდგენა გექმნება. როგორც გაირკვა, ამ მამაკაცმა სამი წლის წინ სამსახური დატოვა. მეზობლის თქმით, იგი დაითხოვეს, თუმცა მეუღლეს უთხრა, რომ თავისი ნებით წამოვიდა. მას საკმაოდ პასუხსასაგები პოზიცია ეჭირა, თუმცა წამოსვლის რეალური მიზეზით ოჯახში არავინ დაინტერესებულა. სინამდვილეში, პროფესიულ საქმიანობაში დაშვებული შეცდომის გამო იგი სამსახურიდან უხმაუროდ დაითხოვეს. სწორედ ასეთი ყურადღებაა ყველაზე მეტად საჭირო.
უნდა დააკვირდეთ, ახმარს თუ არა ადამიანი იმავე დროს იმ საქმიანობას, რასაც ადრე მარტივად აკეთებდა. ეს ეხება სადილის მომზადებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთებას თუ ელემენტარულად ჩაცმას. მნიშვნელოვანია დაკვირვება, თუ რამდენ დროს უთმობს იგი ჩაცმას, რამდენჯერ ბრუნდება ოთახში ნივთების გამოსატანად და ასე შემდეგ. როდესაც ჩვეული მოქმედებები იმაზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ადრე, ეს უკვე ყურადსაღები ნიშანია.
შემდეგი ნიშანია დაწყებული წინადადების დასრულება. როდესაც ადამიანს სასურველი სიტყვის მოძებნა უჭირს, იგი მას რამდენიმე სიტყვის კომბინაციით ან რთული წინადადებით ჩაანაცვლებს, რათა სათქმელი მაინც გადმოსცეს. როდესაც აზრის მკაფიოდ და მოკლედ გამოხატვას მეტი დრო სჭირდება, ესეც საყურადღებოა.
ასევე, ყურადსაღებია, როდესაც ადამიანი სტუმართან საუბარში არ ერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ან ბოლომდე ვერ იცნო სტუმარი, ან განსახილველი თემა მისთვის უკვე რთულია და თავის არიდებას ცდილობს. ასეთი მცირე დაკვირვებებიდან გროვდება ის ინფორმაცია, რომელიც შემდგომში გადამწყვეტი ხდება.
არც ერთი უცნაურობა გულგრილად არ უნდა დავტოვოთ - ყველაფერი სპეციალისტის მიერ უნდა შეფასდეს. ოჯახის წევრების ასეთი დაკვირვებულობა პაციენტისთვის ფასდაუდებელია, რადგან დაავადების შორსწასულ სტადიაზე პროცესის მართვა ბევრად რთულია და რესურსებიც შეზღუდულია.
თუმცა, იმასაც აღვნიშნავ, რომ ის პაციენტები, რომლებსაც შვილები გულმოდგინედ უვლიან, მდგომარეობას ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებენ. სათანადო მოვლა, მედიკამენტების რეგულარული მიღება და ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობა ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსის შენარჩუნებისთვის ნებისმიერ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია.