სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სწავლა შეწყდა. მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, მიზეზი სკოლის შენობის ავარიული მდგომარეობა გახდა - შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სწავლა შეჩერდა. გადაწყვეტილებას მშობლების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.
ამ ფონზე, 21-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნიკა ხაჩიძე, გვიყვება, რას ნიშნავს მისთვის სკოლა, რომელშიც უნივერსიტეტის დასრულების პერიოდში პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად მივიდა და სადაც უკვე ოთხი წელია, მუშაობს. ინტერვიუში ის საუბრობს მასწავლებლობის არჩევის მიზეზებზე, მოსწავლეებისთვის კითხვის სიყვარულის გაღვივების საკუთარ მეთოდებზე, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის მნიშვნელობასა და იმ გარემოზე, რომელიც, მისი თქმით, 21-ე საჯარო სკოლას განსაკუთრებულს ხდის. ასევე განმარტავს, რატომ მიაჩნიათ მასწავლებლებსა და მშობლებს, რომ სკოლის სხვა შენობაში გადაყვანა არსებული პრობლემის სრულფასოვანი გადაწყვეტა ვერ იქნება:
- 17 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ონლაინ რეჟიმში მასწავლებლების შეხვედრა ჩაინიშნა. ამ შეხვედრაზე შევიტყვეთ, რომ მიღებული დასკვნის თანახმად, ჩვენს შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანება აქვს და იგი უნდა დაინგრეს.
პირველ შეხვედრაზე დასკვნას ვერ გავეცანით. ეს მოგვიანებით მოხდა, როდესაც დოკუმენტი გაასაჯაროვეს და მასწავლებლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ყველა აღშფოთებული და გაკვირვებული ვიყავით, რადგან სასწავლო პროცესის დაწყებიდან სამ დღეში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.
- დიახ, დასკვნა უნდობლობას იწვევს და ჩვენი მოთხოვნა სწორედ მისი გადახედვაა. რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჩემი კოლეგები იმყოფებოდნენ. როგორც შევიტყვეთ, სამინისტროსაც სურდა გარკვეული საკითხების დაზუსტება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან, რადგან ეს დასკვნა კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს. ტექსტში მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებებზეა საუბარი, რაც შემდეგ დაზიანებათა სიმრავლის გამო გადაკვალიფიცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, წაკითხულიდან გააზრებით გარკვეული დასკვნის გამოტანა შესაძლებელია, რაც ეჭვებს ბადებს. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ექსპერტს, რომელმაც დასკვნა დაწერა, ამ სფეროში მხოლოდ ორწლიანი გამოცდილება აქვს.
გადაგზავნილ ფოტომასალაში ძირითადად ბათქაშის ჩამოშლა და წყლის სადინარების პრობლემა ჩანს. ახლა კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, საჭიროებს თუ არა სკოლა დანგრევას. სარემონტო სამუშაოები, შესაძლოა, საჭირო იყოს, თუმცა შენობის დანგრევის გადაწყვეტილება რამდენად შესაბამისია, ამის გადამოწმებას ვითხოვთ.
- თავდაპირველად ორი სკოლა შემოგვთავაზეს, თუმცა ჩვენ ვერ დავთანხმდებით რამდენიმე მიზეზის გამო - ჩვენს სკოლას განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და ეს არ გახლავთ უბრალო აკვიატება. პირველი: სკოლაში მოქმედებს გერმანული ენის სპეციალური პროგრამა, გაიცემა გერმანული ენის დიპლომი, მოწყობილია შესაბამისი კაბინეტები, ხორციელდება გაცვლითი პროგრამები და კურსდამთავრებულები სწავლას გერმანიაში აგრძელებენ.
მეორე: როგორც აღვნიშნე, ჩვენთან საგნობრივი სწავლებაა. სამინისტროს შემოთავაზებით, პირველი-მეშვიდე კლასები ერთ სკოლაში უნდა განთავსებულიყო, ხოლო დანარჩენები - მეორეში. ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით, ორ სკოლაში უნდა გადავნაწილებულიყავით, რაც შეუძლებელია. წარმოუდგენელია, მასწავლებელმა გაკვეთილი მეცხრე კლასში ჩაატაროს, შემდეგ კი სხვა შენობაში წავიდეს და სწავლება იქ გააგრძელოს. საგნობრივი სწავლების თავისებურების გამო ეს ფიზიკურად ვერ მოხერხდება.
მესამე: სკოლაში ბევრი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, რომელთათვისაც ადაპტირებული გარემო გვქონდა შექმნილი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვითხოვთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის გადახედვამდე გამოგვიყონ ერთი შენობა, სადაც მთელი სკოლა პირველ ცვლაში ერთად გადავალთ და სასწავლო პროცესს ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ.
- ეს სცენარი არც განიხილება, რადგან ასეთ შემთხვევაში სკოლა დაშლის საფრთხის წინაშე დადგება. როდესაც სკოლის დანგრევას ვაპროტესტებთ, მხოლოდ შენობაზე არ ვსაუბრობთ - ამით ურთიერთობა, რომელიც ჩვენთვის ასე ძვირფასია, ირღვევა.
ამასთან, პედაგოგებს მეორე სამსახურიც აქვთ, ზოგი უნივერსიტეტში ასწავლის და მეორე ცვლაში მუშაობას ვერ მოახერხებენ. სასწავლო ცხრილი და გეგმები უკვე გაწერილი იყო.
მოსწავლეებისთვის კი ეს უდიდესი ტრავმა იქნება. გუშინ ერთმა მშობელმა მიამბო, რომ მისმა შვილმა, ჩემმა მოსწავლემ, ჰკითხა: "სკოლის ეზოში ორი კუ და ციყვი რომ გვყავს, შენობას თუ დაანგრევენ, მათ რა დაემართებათო?" გუშინ, შეკრებისას, მეოთხეკლასელებმა ერთმანეთი პირველივე წუთში იპოვეს და შეიკრიბნენ. ბავშვები ერთმანეთს იმდენად არიან შეჩვეულები, რომ ეს დაშორება მათთვის დიდი სოციალური და ფსიქოლოგიური ტრავმა იქნება, რისი დაშვებაც არ შეიძლება.
გარდა ამისა, ბევრი მათგანი სხვადასხვა წრეზე დადის. მათ განრიგი უკვე აწყობილი ჰქონდათ. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი სთხოვენ, ყველაფერი შეცვალონ. სწორედ ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას ვითხოვთ...
- თავდაპირველად მასწავლებლობა გადაწყვეტილი არ მქონდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, მესამე-მეოთხე კურსზე დავფიქრდი ამაზე. უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ქართულ ფილოლოგიასთან ერთად, პედაგოგიკის პროგრამასაც გავდიოდი. თუმცა, ჩემი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა ქართული ფილოლოგია იყო. მთავარი წინაპირობა ლიტერატურის სიყვარული გახდა. ამასთან, ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი, ადამიანებთან და, განსაკუთრებით, ბავშვებთან საუბარი ძალიან მიყვარდა და სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.
შემდეგ უკვე მიზნად დავისახე, ჩემი მოსწავლეები გონებრივადაც და ზნეობრივადაც ჩემზე უკეთესები გამხდარიყვნენ. ჩემი მთავარი მიზანი მაშინაც და ახლაც ის არის, რომ მომავალში ისინი იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე მე ოდესმე ვიყავი.
უნივერსიტეტიდან პედაგოგიურ პრაქტიკაზე 21-ე სკოლაში გამანაწილეს. ამ სკოლაში არავის ვიცნობდი, თუმცა მისი ისტორიის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. ის ადამიანები, რომელთაც ვუსმენდი ან ვკითხულობდი, სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ. როდესაც სკოლაში მივედი, საოცრად თბილი მასწავლებლები დამხვდნენ. ფაქტობრივად, შვილად მიმიღეს. ჩემი მენტორი გვანცა ბურჭულაძე იყო. დღეს უკვე ჩემი უფროსი მეგობარია. დადებითი დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა, რამაც კიდევ უფრო მომხიბლა და ამ სკოლაში მუშაობის სურვილი გამიჩინა. პრაქტიკის დასრულებიდან მალევე სკოლას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ვაკანსია ჰქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სკოლის იმდროინდელმა დირექტორმა, თამარ ამზაშვილმა, სრული ნდობა და მხარდაჭერა გამომიცხადა. ასე დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა.
ჩვენთან საგნობრივი სწავლებაა. მასწავლებელი, რომელიც, პირობითად, მეორე კლასში შედის, მეცხრე კლასშიც ასწავლის. შესაბამისად, დაწყებითი და მაღალი საფეხურები ცალკე გამოყოფილი არ გვქონია. ამჟამად, მეოთხე და მეექვსე კლასებს ვასწავლი. მუშაობის დასაწყისში კი მე-12 კლასელებთან შესვლა მომიწია. მაშინ ჩემს მოსწავლეებზე მხოლოდ ოთხი წლით უფროსი ვიყავი.
- სირთულეებზე არ მიფიქრია, რადგან სასწავლო პროცესში განსაკუთრებული დაბრკოლება არ წამოჭრილა. ერთადერთი თავისებურება ის კონტრასტია, როდესაც განსხვავებულ თემებზე გიწევს საუბარი: მაღალ კლასში ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ სრულიად სხვა განწყობით უმცროსკლასელებთან უნდა გადაერთო.
მეორე მხრივ, დაბალი კლასებიდანვე ვცდილობ, რომ ბავშვებს აკადემიურობა და საინტერესო საკითხებისადმი ინტერესი გავუღვივო. როდესაც თითოეული საგნის მასწავლებელი ცალკე შედის და მხოლოდ ერთი პედაგოგი არ ასწავლის, ეს მათ განვითარებას ხელს უწყობს.
- ტექსტისა და წიგნის სიყვარული ენის მიმართ ინტერესისა და ლიტერატურის დაფასების მთავარი საფუძველია. ჩემი მოსწავლეები ბევრს კითხულობენ. სწავლის დაწყების პირველსავე დღეებში სწორედ იმაზე ვისაუბრეთ, თუ რა წავიკითხეთ ზაფხულში. წელს ჩემს მეოთხეკლასელებთან ერთად მკითხველთა ერთობის შექმნას ვგეგმავდი.
ჩემი აზრით, ტექსტი თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ მას პირადი გამოცდილება არ ახლავს. სწორედ გამოცდილება აცოცხლებს თითოეულ წაკითხულ სიტყვას. ამიტომ მოსწავლეებს ყოველთვის განსხვავებულ დავალებებს ვაძლევ, რაც მათთვის ნამდვილი თავგადასავალია.
მაგალითად, შეიძლება ასეთი დავალება მივცე: რომ გაწვიმდება, გარეთ გადი და სახე წვიმას მიუშვირე; ან ზაფხულში მდინარეში ფეხშიშველმა გაიარე. შარშან ზაფხულს კი ასეთი დავალება ჰქონდათ: ოჯახის წევრებისთვის, ბებიებისა და ბაბუებისთვის, უნდა ეთხოვათ, რომ თავიანთი ბავშვობის ისტორიები გაეხსენებინათ - რას თამაშობდნენ, როგორ იქცეოდნენ და როგორ ცხოვრობდნენ. ამისათვის მათ ჩანაწერების რვეულები ჰქონდათ და ისტორიებს აგროვებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, მათ შემოქმედებით უნარებს უვითარებს.
- ჩემდა სასიხარულოდ, ძალიან დადებითი. სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან პედაგოგებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. მათ გამოცდილებას ყოველთვის ვიზიარებდი და რჩევებს ვითვალისწინებდი.
მშობლებისგანაც არაერთი დადებითი და დასამახსოვრებელი შეფასება მომისმენია, რაც ძალიან მაბედნიერებს. ბავშვები კი, როგორც წესი, ჩემი ენერგიულობისა და სწავლების პროცესში თამაშის ინტეგრირების გამო გამომარჩევენ.
ამასთან, ვცდილობ, რომ მოსწავლეებს ელექტრონული, ციფრული რესურსები და ისეთი სავარჯიშო-თამაშები შევუქმნა, რომელთა შესრულებასაც სახლში, კომპიუტერით ან პლანშეტით შეძლებენ. ამით ისინი ხალისობენ და, ამავდროულად, მასალასაც იადვილებენ.
- პატარა ასაკში ბავშვები თვალსაჩინოებებით იხიბლებიან. სახელმძღვანელოებში ყველაზე მეტად კარგი ილუსტრაციების დანაკლისს განვიცდი. სასურველია, რომ განათლების სამინისტროს მხრიდან გრაფიკული დიზაინის მიმართულება უფრო მეტად ჩაერთოს, რათა ბავშვებისთვის უფრო დახვეწილი და კარგად ილუსტრირებული წიგნები შეიქმნას.
ტექსტის კითხვისას მოსწავლეები მონიშვნებს იმდენად განსაკუთრებულად და გრაფიკულად აკეთებენ, ხვდები, რომ მათ ასეთივე მაღალი ხარისხის ილუსტრაციები სჭირდებათ. ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია.
- ალბათ, ნდობა. როდესაც მოსწავლე გენდობა და შენც ენდობი მას, იგი უფრო გახსნილი ხდება. ამ დროს საშუალება გეძლევა, რომ არა მხოლოდ კონკრეტული საგნის მასწავლებელი, არამედ მისი მესაიდუმლე და მეგობარიც გახდე.
ჩვენს სკოლას სწორედ ეს გამოარჩევს: მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ისეთი მეგობრული და ნდობით აღსავსე გარემოა, რომ მერე ეს დამოკიდებულება მთლიანად ამ საზოგადოებას აყალიბებს.
ამასთან დაკავშირებით, 21-ე სკოლის პირველი დამფუძნებლისა და დირექტორის, გურამ რამიშვილის, სიტყვები მახსენდება დოკუმენტური ფილმიდან "თემის მარცვალი". იგი ამბობს, რომ მთავარი სწორედ ის არის, მოსწავლეს მასწავლებელი უყვარდეს. სასწავლო პროცესი საკმაოდ რთულია და ამის შენარჩუნება ხანგრძლივად ჭირს, თუმცა ურთიერთობაში მთავარი მაინც ეს სიყვარულია.
თამარ იაკობაშვილი