"არც ერთი ეს შემთხვევა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს - მათ შორის არც ის გარემოება, როდესაც ბავშვი სწრაფად იზრდება და თანატოლებს უსწრებს" - სპეციალისტი ბავშვის ზრდის დარღვევების შესახებ - მშობლები

რაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუ ბავშვი თანატოლებზე ბევრად დაბალია, ან პირიქით - ძალიან სწრაფად იზრდება? სპეციალისტი ბავშვის ზრდის დარღვევების შესახებ - "არც ერთი ეს შემთხვევა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს..."

2026-09-24 10:21:21+04:00

რაზე შეიძლება მიუთითებდეს, თუ ბავშვი თანატოლებზე ბევრად დაბალია, ან პირიქით - ძალიან სწრაფად იზრდება - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ეკატერინე კვარაცხელია საუბრობს:

- მე მხარს ვუჭერ ბავშვების იმ სისტემურ მეთვალყურეობას, რომელსაც პედიატრი ახორციელებს. წესითა და რიგით, ბავშვს უნდა ჰყავდეს პედიატრი, რომელიც ნებისმიერ სხვა პრობლემას დააკვირდება. ამისთვის ბავშვის დაბადებიდან შემდგომ პერიოდამდე ზრდის მრუდი დგება. როგორც კი პედიატრი მრუდზე ცენტილური ხაზების გადაკვეთას, აჩქარებას ან, პირიქით, ჩამორჩენას შეამჩნევს, მან ბავშვი ენდოკრინოლოგთან ან სხვა შესაბამის სპეციალისტთან უნდა გადაამისამართოს. ​

ხანდახან ეს ასე არ ხდება და ამ ჩივილით მედიკოსს დაკვირვებული მშობელი მიმართავს. არც ერთი ეს შემთხვევა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს - მათ შორის არც ის გარემოება, როდესაც ბავშვი სწრაფად იზრდება და თანატოლებს უსწრებს. გარკვეული გენეტიკური თავისებურებების მიღმა, ეს შესაძლოა. დარღვევების, მათ შორის ჰორმონული დარღვევების შედეგი იყოს. ამის მაგალითია ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქციონირება. ​როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰიპერფუნქციურად მუშაობს, მეტაბოლიზმის ყველა სახე დაჩქარებულია. მათ შორის, სწრაფად მიმდინარეობს ფიზიკური განვითარებაც - ბავშვი სწრაფად იზრდება და ძვლოვანი ასაკიც სწრაფად მწიფდება. გარდა სიმაღლეში ზრდისა, თირეოტოქსიკოზი და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია მკურნალობას ისედაც საჭიროებს, რის გამოც ეს პარამეტრი ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო ნიშანია. ​

სწრაფი ზრდის მიზეზი ხშირად სქესობრივი მომწიფების ნაადრევი მიმდინარეობაც ხდება. ამ დროს მიზეზების დიფერენცირება ხანდახან საკმაოდ რთულია და ზუსტი კვლევების ჩატარებას მოითხოვს. ჩვენ ვიკვლევთ ოჯახურ ანამნეზს, თუ რამდენად არის ეს პროცესი გენეტიკური განწყობის შედეგი. ასევე ვაფასებთ, რამდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, სცდება თუ არა პროცესი ნორმის ფარგლებს (რადგან ნორმასაც თავისი ვარიაციები აქვს) და უსწრებს თუ არა იგი უკიდურესად ადრეულ ასაკობრივ ზღვარს. ​

ამ დროს ძვლოვან ასაკსაც ვამოწმებთ. გვაინტერესებს, ხომ არ მწიფდება ძვლოვანი ქსოვილი იმაზე სწრაფად, ვიდრე სიმაღლეში ზრდის პროცესი მიმდინარეობს, რათა საბოლოოდ იმაზე დაბალი სიმაღლის მაჩვენებელი არ მივიღოთ, ვიდრე ბავშვს გენეტიკურად ეკუთვნის.

როდის უნდა გაუჩნდეს მშობელს ეჭვი, რომ ბავშვი სიმაღლეში ზრდაში ჩამორჩება და ვის უნდა მიმართოს ასეთ დროს - სპეციალისტი საუბრობს
ჩემი 12 წლის შვილი ერთი წელია, სიმაღლეში არ გაზრდილა, მეორემ კი მხოლოდ ერთი სანტიმეტრი მოიმატა. რომელ ექიმს უნდა მივმართო? - როგორ შევამოწმოთ ბავშვის ზრდის ტემპი
თუ გოგონას მცირე ასაკიდან ჭარბი წონა აქვს, მეორადი სასქესო ნიშნებიც უფრო ადრიანად უვითარდება, ადრე მწიფდება და სიმაღლეში ზრდასაც ადრე ასრულებს - ენდოკრინოლოგი საუბრობს, რა პრობლემებს იწვევს გოგონებში ჭარბი წონა