ბავშვის ტვინის განვითარებაზე საუბრისას ხშირად გვგონია, რომ ამისთვის სპეციალური მეთოდები, განმავითარებელი წრეები ან განსაკუთრებული სავარჯიშოებია საჭირო. სინამდვილეში ბავშვის ტვინი მუდმივად ვითარდება და ახალი გამოცდილების შესაბამისად იცვლება — თამაშის, მოძრაობის, ურთიერთობისა და გარემოს შესწავლის დროს.
სწავლის პროცესში მხოლოდ ტვინი არ მონაწილეობს. ბავშვისთვის სამყაროს შეცნობა დაკავშირებულია მოძრაობასთან, მხედველობასთან, სმენასთან, შეხებასთან, ყნოსვასთან და წონასწორობის შეგრძნებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა სპეციალურ აქტივობებს სთავაზობენ ბავშვს, არამედ ისიც, როგორ ატარებს ის ჩვეულებრივ დღეს.
არსებობს რამდენიმე მარტივი რამ, რომლებიც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივად შეიძლება ჩაერთოს და განსაკუთრებულ აღჭურვილობასა თუ რთულ პროგრამებს არ საჭიროებს.
ბავშვი სამყაროს მთელი სხეულით შეისწავლის: უყურებს, უსმენს, ეხება, სინჯავს, მოძრაობს და წონასწორობის შენარჩუნებას სწავლობს. ამ პროცესში მუდმივად არის ჩართული ვესტიბულური სისტემაც, რომელიც სივრცეში სხეულის მდგომარეობისა და მოძრაობის აღქმაში მონაწილეობს.
ამიტომ მოძრაობა ბავშვისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის — ის გარემოს შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაცაა.
ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ადრეულ ასაკში. ჯერ ცოცვა, შემდეგ წამოდგომა, სიარული, სირბილი, ხტომა — თითოეული ახალი მოძრაობითი გამოცდილება ბავშვს ახალი უნარების ათვისებაში ეხმარება.
სწორედ ამიტომ ბავშვები ხშირად მაშინაც მოძრაობენ, როდესაც უფროსს უსმენენ — ირწევიან, ჟესტიკულირებენ, ხტებიან ან ადგილს იცვლიან. მათთვის მოძრაობა შემეცნების ბუნებრივი ნაწილია.
იმის ნაცვლად, რომ ბავშვს მუდმივად ვთხოვოთ, „გაჩერდეს“ ან „წყნარად იჯდეს“, შესაძლებელია მისი ენერგია აქტიური თამაშისკენ მივმართოთ. სირბილი, ბურთით თამაში, ხტომა, სეირნობა და სხვა ფიზიკური აქტივობები სხეულის განვითარებასთან ერთად ბავშვს გარემოს შესწავლაშიც ეხმარება.
შეხება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. ჩვილი სწორედ სხეულებრივი კონტაქტის საშუალებით იღებს გარემოს შესახებ პირველ ინფორმაციას.
ჩახუტება, ხელში აყვანა, მოფერება და მშობელთან სხვა სახის ფიზიკური კონტაქტი ბავშვის ადრეული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებით პატარა ასაკში ხანგრძლივად შეხებისა და ახლო კონტაქტის ნაკლებობამ შეიძლება ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზეც უარყოფითად იმოქმედოს.
ამიტომ ფიზიკური სიახლოვე მხოლოდ ბავშვის დამშვიდების საშუალებად არ უნდა განვიხილოთ — შეხება მისი განვითარების პროცესის ნაწილიცაა.
ტვინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანები, რომლებიც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ სასარგებლოა, ბავშვს პერიოდულად შევთავაზოთ მისთვის ახალი აქტივობები — კონსტრუქტორი, ლოგიკური თამაში, გამოცანა, ხატვა ან ისეთი დავალება, რომელიც მანამდე არ შეუსრულებია.
ახალი უნარის ათვისებისას ტვინში ახალი ნეირონული კავშირები იქმნება და არსებული კავშირები მყარდება.
ამიტომ არ არის აუცილებელი ბავშვმა მხოლოდ ის აკეთოს, რაც უკვე კარგად გამოსდის. შესაძლებელია შევთავაზოთ ოდნავ უფრო რთული დავალებაც, რომლის შესრულებაც დაფიქრებას, ცდას და რამდენიმე მცდელობას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, სირთულე ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს და აქტივობა მისთვის ინტერესის წყაროდ დარჩეს.
კითხვის დროს ბავშვის ტვინი ერთდროულად რამდენიმე რთულ ამოცანას ასრულებს: დაწერილ ნიშნებს სიტყვებად გარდაქმნის, სიტყვების მნიშვნელობას ამუშავებს, მოსმენილს ან წაკითხულს უკავშირებს უკვე არსებულ ცოდნას და ქმნის წარმოდგენებსა და სურათებს.
ამ პროცესში მონაწილეობს მხედველობითი, სმენითი და ფონემური აღქმა, ასევე ტექსტის გაგებასთან დაკავშირებული პროცესები.
ამიტომ სასურველია, კითხვა ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. თუმცა უმჯობესია, ის მხოლოდ მოვალეობად არ იქცეს.
ბავშვს შეუძლია თავად შეარჩიოს საინტერესო წიგნი. კითხვის შემდეგ კი უფროსმა შეიძლება მასთან ერთად განიხილოს პერსონაჟები და მათი ქცევა, ჰკითხოს, თავად როგორ მოიქცეოდა გმირის ადგილას ან როგორი დასასრული მოეწონებოდა.
ასე კითხვა მხოლოდ ტექსტის წაკითხვა აღარ არის — ბავშვი აანალიზებს, წარმოიდგენს, მსჯელობს და საკუთარ ვერსიებს ქმნის.
კონცენტრაციისა და ყურადღების განვითარებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი თამაშები, რომლებშიც ბავშვს გარკვეული დროით ერთ ამოცანაზე ყურადღების შენარჩუნება სჭირდება.
ამისთვის გამოდგება თავსატეხები, ფაზლები, მეხსიერების თამაშები, კონსტრუქტორები და სამაგიდო თამაშები.
მაგალითად, ბავშვს შეიძლება შევთავაზოთ:
ასეთ აქტივობებში ყურადღება და კონცენტრაცია ბუნებრივად ივარჯიშება და ბავშვისთვის ეს პროცესი ჩვეულებრივი თამაშის ნაწილია.
ნუ შეადარებთ ბავშვს სხვებს. ბავშვების განვითარება ერთნაირი ტემპით არ მიმდინარეობს. ერთი ბავშვი რომელიმე უნარს ადრე ითვისებს, მეორე — მოგვიანებით. მუდმივმა შედარებამ შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს, შფოთვა კი სწავლას ართულებს.
დაუტოვეთ დრო თავისუფალი თამაშისთვის. ორგანიზებული და წინასწარ დაგეგმილი აქტივობები სასარგებლოა, მაგრამ ბავშვს ისეთი თამაშიც სჭირდება, რომელსაც უფროსი არ მართავს. თავისუფალი თამაშისას ის თავად იგონებს წესებსა და სიუჟეტებს, გეგმავს, ურთიერთობს, ცდის სხვადასხვა გზას და შეცდომებსაც უშვებს.
შეცდომა სწავლის ჩვეულებრივ ნაწილად აქციეთ. თუ ბავშვს შეცდომის დაშვების ეშინია, ახალი და რთული ამოცანების ცდის სურვილიც უმცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც მას შეუძლია სცადოს, შეცდეს და ხელახლა სცადოს. უფროსის რეაქციამ უნდა აგრძნობინოს, რომ შეცდომა წარუმატებლობა კი არა, სწავლის პროცესის ნაწილია.