ჰონგ-კონგელი მოდელისა და ინფლუენსერის, ები ჩოის სასტიკი მკვლელობიდან სამ წელზე მეტი გავიდა, თუმცა გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა ახლა დაიწყო. პროცესზე ები ჩოის ყოფილი ქმარი ალექს კუონგი და მისი ოჯახის წევრები წარდგნენ.
სასამართლო პროცესი 21 სექტემბერს ჰონგ-კონგის უმაღლეს სასამართლოში დაიწყო. ბრალდებულები არიან ები ჩოის ყოფილი ქმარი, ალექს კუონგი; მისი მამა კუონგ კაუ და ძმა ენტონი კუონგი. სამივე მათგანს ების მკვლელობა ედება ბრალად. მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თავდაპირველად დედამთილიც ფიგურირებდა საქმეში, ისიც დააკავეს, თუმცა მკვლელობის ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ. მისი საქმე ცალკე გამოიყო და ეხებოდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას — კერძოდ, გამოძიების დაბრკოლებას და შვილის, ალექს კუონგის, ადგილსამყოფელთან დაკავშირებით პოლიციისთვის ხელის შეშლას.

საქმეში ახალი მნიშვნელოვანი დეტალი 24 სექტემბერს გახდა ცნობილი: ალექს კუონგმა და მისმა ძმამ ენტონიმ აღიარეს ბრალი ები ჩოის ცხედრის კანონიერად დაკრძალვისთვის ხელის შეშლაში. ამასთან, ორივე მათგანი მკვლელობას კვლავ უარყოფს.მათი მამა, კუონგ კაუ, ამ კონკრეტულ ბრალდებასაც არ აღიარებს. სამივე მამაკაცი მკვლელობის ბრალდებაზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
24 სექტემბერს სასამართლომ ცხრა ნაფიცი მსაჯული შეარჩია — შვიდი მამაკაცი და ორი ქალი. საქმის განხილვა დაახლოებით რვა კვირა უნდა გაგრძელდეს.
პროკურატურა ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას ორშაბათს, 28 სექტემბერს წარადგენს. სასამართლოში განხილული იქნება ვერსია, რომლის მიხედვითაც ები ჩოის ყოფილი ქმარი და მისი ოჯახის წევრები მის მკვლელობასა და ცხედრის დანაწევრებაში იყვნენ ჩართული.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს მოუწოდა, არ წაიკითხონ საქმის შესახებ გავრცელებული ახალი ამბები და ინტერნეტში არსებული კომენტარები, რათა გადაწყვეტილებაზე გარე ინფორმაცია არ აისახოს.
28 წლის ები ჩოი 2023 წლის თებერვალში გაუჩინარდა. პოლიციამ მოგვიანებით მისი სხეულის ნაწილები ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში, ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ახლომდებარე ნაგავსაყრელზეც ჩაატარა ძებნა.
ჩოის მკვლელობამ ჰონგ-კონგში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. ახალგაზრდა ქალი მოდელი და სოციალური ქსელების ცნობილი სახე იყო და ხშირად ჩნდებოდა მოდურ ღონისძიებებსა და ფოტოსესიებზე.

როგორც კი ინფლუენსერი გახდა და რეკლამებით დიდი თანხების გამომუშავება შეძლო, მაშინვე საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა. ორი მიმართულებით მუშაობდა - სურდა, გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა და ამავდროულად, მიუსაფარ ცხოველებზეც ზრუნავდა."ღმერთმა ბევრი ფული მომცა. ამიტომ, მეც უნდა გავცე." - ამბობდა გოგონა. ები ჩოი მდიდარი ბანკირის ქალიშვილი იყო. შესანიშნავი განათლება მიიღო და დამოუკიდებლად განვითარება გადაწყვიტა. საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც აქტიურად წარმართავდა.

ების მეუღლ, მისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი ადამიანი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება სცადა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო. ამიტომ, მთელ დროს ტყუილად ყოფნაში ატარებდა. არც კარგი მატერიალური შესაძლებლობები ჰქონდა. ხოლო, როცა მილიონერ გოგონაზე დაქორწინდა, გამუდმებით ბარებში დადიოდა, ტოტალიზატორში თამაშობდა, გართობა უყვარდა და ხარჯებს, რა თქმა უნდა, ცოლის ბარათით იხდიდა.
4-წლიანი ქორწინების შემდეგ, ები მიხვდა, რომ მისი ქმარი არასდროს გამოსწორდებოდა, ამიტომ განქორწინება მოითხოვა. თუმცა, გოგონამ იცოდა, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ მისი ქმარი და ნათესავები და ამიტომაც, დაჰპირდა, რომ ვიდრე მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ფინანსურ დახმარებას გააგრძელებდა. რა თქმა უნდა, არაფერი გაუმჯობესებულა... პირიქით, დროთა განმავლობაში ყოფილი მეუღლის ოჯახი გოგონაზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა. ები ჩოის ჯერ პრესტიჟულ რაიონში დიდი სახლი აყიდინეს. უთხრეს, რომ ეს მისი შვილებისთვის იყო კარგი, რადგანაც ბებია-ბაბუასთან რომ მივიდოდნენ, ნორმალური პირობები დახვედროდათ. შემდეგ, გოგონა დაარწმუნეს, რომ მძღოლად მისი ყოფილი ქმრის ძმა, ენტონი აეყვანა. თავის მხრივ, ებისგან ენტონიმ დიდი თანხა ისესხა და რა თქმა უნდა, ვალის დაფარვა ვერ შეძლო...
ები ყოფილი ქმრის ვალებსაც იხდიდა, რომელიც კაზინოში უზარმაზარ თანხებს აგებდა. ბიჭის მამა სასამართლოში მუშაობდა. თუმცა, 2022 წელს თაღლითობის სქემაში ჩაერთო და სამსახურიდან ისიც გაათავისუფლეს...
ები 23 წლის იუბილეზე Tam Jai International-ის რესტორნების იმპერიის მემკვიდრეს, კრის ტამ ფონგ-ჩანს შეხვდა. ორწლიანი რომანის შემდეგ, ახალგაზრდებმა მდიდრული ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი შეეძინათ. ები ჩოი უკვე 4 შვილის დედა იყო და ქალაქის ხელისუფლებისაგან, როგორც მრავალშვილიანმა დედამ, სპეციალური მედალიც კი მიიღო.

თუმცა პირველ ქმართან და მისი ოჯახის წევრებთან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა...
2023 წლის 21 თებერვალს კი სახლიდან გავიდა, მანქანასთან ჩავიდა, რომ მძღოლთან ერთად უფროსი შვილი სკოლაში წაეყვანა. საღამოს სახლში რომ აღარ მივიდა, მისმა ქმარმა, კრისმა, ების მშობლებსა და მეგობრებს დაურეკა. თუმცა, გოგონა არავის უნახავს. არც ტელეფონს პასუხობდა. მისმა მძღოლმა - ყოფილმა მაზლმა თქვა, რომ ები, ვიდრე სკოლამდე მივიდოდნენ, იქამდე ჩავიდა მანქანიდან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვი სკოლაში დატოვეს, მან ყოფილი ქმარი ნახა. შემდეგ მისი კვალი დაიკარგა...
ქუჩის სათვალთვალო კამერების მიხედვით, გოგონა მანქანიდან არ ჩამოსულა. მისი მანქანა კი ქალაქის გასასვლელში დააფიქსირეს. მძღოლის ტელეფონი სოფელ ტაის ძველ სახლთან არსებულ მისამართს აჩვენებდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ, გამომძიებლები სწორედ იქ წავიდნენ...
გამოძიების ვერსიით, მკვლელობას წინ უძღოდა ოჯახური და ფინანსური კონფლიქტი, ხოლო საქმის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ის, თუ როგორ და რატომ მოხდა ები ჩოის მკვლელობა და მისი ცხედრის დანაწევრებისა და დამალვის ორგანიზება.
თუმცა ამ ეტაპზე მკვლელობის ბრალდებები სასამართლოში ჯერ არ არის დამტკიცებული. სასამართლო პროცესი გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის შემდეგ იქნება მიღებული.
საქმის არსებითი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება და მოსალოდნელია, რომ სასამართლოში ები ჩოის მკვლელობის გარემოებების შესახებ ახალი დეტალებიც გახდება ცნობილი.