ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მომხდარი ავარია დიდი ტრაგედიით დასრულდა - მას 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ სამმა ადამიანმა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან გარდაცვლილი ბავშვის მამიდა, მამიდაშვილი და მამიდის დედამთილი. როგორც ირკვევა, მამიდას ძმისშვილი სახლში მიჰყავდა და ყველანი ერთად ფეხით გზაზე გადადიოდნენ, როცა მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დაშავებული იყო ბავშვის დედა, თუმცა ოჯახის ახლობელმა ეს ფაქტი ჩვენთან საუბარში უარყო და გვითხრა, რომ ბავშვის დედა ტრაგედიის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა და ბავშვი მამიდას ჰყავდა.
“ბავშვის დედა იქ არ იყო ამ უდიდესი ტრაგედიის დროს. ბავშვი იყო მამიდასთან ერთად. თვითონ მამიდა 5 თვის ორსულია, მამიდას და მამიდის დედამთილს ჰყავდათ თან ორი ბავშვი, სანი და მისი მამიდაშვილი. ყველანი ერთად გზაზე გადადიოდნენ, იმ გზაზე ზებრა არ არის და მათ მიკროავტობუსი დაეჯახა.
გამოძიებით გაირკვევა, რა მოხდა, მაგრამ ეს რას შეცვლის, 5 წლის ბავშვი დაიღუპა და დიდი უბედურება ტრიალებს ცეცხლაძეების ოჯახში. მშობლები განადგურებულები არიან. შეიძლება, დიდი სისწრაფით მოდიოდა მძღოლი და ვეღარ შეძლო მიკროავტობუსის გაჩერება.
რა პატარა აღმოჩნდა ჩვენი საყვარელი სანის ცხოვრების გზა. საოცარი ბავშვი იყო. მისი ღიმილი არ დაგვავიწყდება არასდროს. როგორ მენანება ეს პატარა ანგელოზი. ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, ყველა უყვარდა, ციმციმა თვალები ჰქონდა, ისეთი საყვარელი და ღიმილიანი ბიჭი იყო, მხიარული, ცელქი. არ ვიცი რა ვთქვა, მიჭირს ამის ახსნა.
ბავშვის მამიდას თავზე აქვს ტრავმა, ყველაზე მძიმედ არის მამიდის დედამთილი, მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა და ამბობენ, რომ კიდევ დასჭირდება მეორე ოპერაციის ჩატარებაო", - ამბობს ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.
ადგილობრივების თქმით, ტრაგედიის ადგილი და მიმდებარე ქუჩა ძალიან სახიფათოა და, თურმე, იქ ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. განაგრძეთ კითხვა