20 წლის ქართველი საოპერო მომღერლის, მარიამ კიზირიას, პროფესიული გზა უკვე არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას აერთიანებს. ბუდაპეშტის საერთაშორისო კონკურსში მოპოვებული გამარჯვება, Houston Grand Opera-ს პროგრამაში მონაწილეობა და რაინა კაბაივანსკას საერთაშორისო პროექტში ჩართვა მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპებია. 2027 წლიდან კი მარიამი რომის საოპერო თეატრის ახალგაზრდულ პროფესიულ პროგრამას შეუერთდება. ახალგაზრდა მომღერალი საკუთარ პროფესიულ გზაზე, გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და იმ პასუხისმგებლობაზე გვიყვება, რომელსაც საერთაშორისო სცენაზე საქართველოს წარმოდგენა უკავშირდება:

- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ადრეული ბავშვობიდანვე გახდა. 3-4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი სცენაზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მაშინ შევიგრძენი მაყურებელთან ურთიერთობის ის უდიდესი სიამოვნება, რამაც ჩემი შემდგომი გზა განსაზღვრა. რაც შეეხება კლასიკურ ვოკალს, 10-11 წლის ასაკში გადავწყვიტე, ბედი ამ მიმართულებით მეცადა. სწავლა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში დავიწყე, სადაც გადავდგი პირველი აკადემიური ნაბიჯები.
სასწავლებელში ვიყავი სტიპენდიატი და აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტსა თუ კონკურსში. უმნიშვნელოვანესი გარდატეხა 11 წლის ასაკში მოხდა, როდესაც პირველად წარვდექი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დღემდე მკაფიოდ მახსოვს ის საოცარი განცდა და ემოციური მუხტი. სწორედ მაშინ შევიგრძენი ოპერის მაგიური ძალა და ძლიერი კავშირი მუსიკასთან და გავაცნობიერე, რომ ეს იყო ის ერთადერთი სფერო, რომელსაც ჩემს მომავალს დავუკავშირებდი.
განვითარებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამდე მიმიყვანა. კონსერვატორიაში 18 წლის ასაკში ჩავაბარე. ამჟამად 20 წლის ვარ და უკვე მესამე კურსზე გადავედი. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, პროფესიულ ზრდასთან ერთად, მქონდა დატვირთული საკონცერტო და საკონკურსო მოღვაწეობა. აგრეთვე კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში შევასრულე ჟორჟ ბიზეს ოპერა "კარმენის" III აქტი, კარმენის პარტია. საოპერო ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის სულის მდგომარეობა, უწყვეტი შრომა და მუდმივი სწრაფვა იმ სრულყოფილებისკენ, რომელსაც სცენა ყოველ ჯერზე თავიდან გვთხოვს.
ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდია. ვიმყოფები ბულგარეთში, სადაც ლეგენდარული საოპერო მომღერლის, რაინა კაბაივანსკას საერთაშორისო პროექტში, 13 რჩეულ მონაწილეს შორის, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოვხვდი. ეს პროექტი მოიცავს ინტენსიურ მასტერკლასებს თავად მაესტრასთან და კონცერტს ბულგარეთში, სოფიას ოპერისა და ბალეტის თეატრში, სოფიას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ჩემს პროფესიულ გზაზე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სატრენინგო პროგრამებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მათ შორის, უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, Houston Grand Opera-ს პროგრამაში მონაწილეობა, სადაც 8 რჩეულ მონაწილეს შორის მოვხვდი. ჰიუსტონის გრანდ ოპერაში მქონდა საოცარი შესაძლებლობა, მემუშავა არაჩვეულებრივ ქოუჩებთან და პროფესიონალებთან, იქ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე და ჩემი პროფესიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ. აგრეთვე ბუდაპეშტში, საერთაშორისო კონკურსზე გავხდი პირველი პრემიის ლაურეატი.

გარდა ამისა, გავხდი ნოდარ ანდღულაძის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატი, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი წოდებაა, რადგან ნოდარ ანდღულაძე საოცარი მომღერალი და ვოკალური სამყაროსა და სკოლის საოცარი წარმომადგენელი და მასწავლებელი გახლდათ. ასევე, უკვე დიდი სიხარულით შემიძლია, გაგიზიაროთ სიახლე, რომ 2027 წლიდან ვუერთდები რომის საოპერო თეატრის Teatro dell'Opera di Roma-ს, ახალგაზრდულ პროფესიულ პროგრამას, სადაც ჩემს პროფესიულ დახელოვნებას გავაგრძელებ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ამ არაჩვეულებრივი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი თეატრის წევრი. მოუთმენლად ველი იმ ცოდნას, პრაქტიკასა და გამოცდილებას, რომელსაც იქ შევიძენ.
ეს ჩემი პროფესიული ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპებია, რომლებიც მაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტად განვვითარდე და საერთაშორისო დაინტერესება დავიმსახურო. ვფიქრობ, მხოლოდ დასაწყისი და პირველი ნაბიჯებია ჩემი პროფესიისთვის, თუმცა მიხარია, რომ თავიდანვე აქტიურად დაიწყო. წინ ძალიან ბევრი შრომა და სირთულე მელოდება, თუმცა ამ საქმისადმი სიყვარული მგონია, ყველაფერს შემაძლებინებს.
- თანამედროვე საოპერო სამყაროში დამკვიდრება ახალგაზრდა არტისტისთვის უდიდეს გამოწვევებთანაა დაკავშირებული. დღეს მხოლოდ ბუნებრივი ვოკალური მონაცემები საკმარისი აღარაა. თანამედროვე ოპერა მომღერლისგან მოითხოვს, იყოს მრავალმხრივ ხელოვანი: ფლობდეს უნაკლო ვოკალურ ტექნიკას, რამდენიმე უცხო ენას, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ არტისტიზმს. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მაღალი ფსიქოლოგიური მდგრადობა, სტრესგამძლეობა და საკუთარი დროის სწორად მენეჯმენტი. რაც შეეხება კონკურენციას, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ საოპერო სამყაროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ღრმად მწამს, რომ ნამდვილ ხელოვნებაში შეჯიბრება არ უნდა არსებობდეს. ოპერა ინდივიდუალიზმის, შინაგანი სამყაროსა და ემოციის გამოხატვაა, სადაც თითოეულ არტისტს თავისი უნიკალური ხელწერა და სათქმელი მოაქვს. სამწუხაროდ, თანამედროვე რეალობა ხშირად გვაიძულებს, ავყვეთ ამ მარათონს და დავივიწყოთ ხელოვნების მთავარი არსი. თუმცა, მე მუდმივად ვცდილობ, ვერიდო ხელოვნურ შეჯიბრებას, არ დავკარგო საკუთარი ხედვა და ფოკუსი მივმართო არა სხვებთან მეტოქეობაზე, არამედ საკუთარი ინდივიდუალურობის შენარჩუნებასა და მის სრულყოფაზე.
ბოლოს და ბოლოს, სცენაზე ყველაზე ფასეული სწორედ ის სიმართლე და ავთენტურობაა, რომელსაც მაყურებელს სულისა და ხმის შერწყმით გადასცემ. მთავარი სირთულე სწორედ ამ მრავალკომპონენტიანი სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებასა და უწყვეტ რეჟიმში მუშაობაში მდგომარეობს. ეს არის სფერო, რომელშიც ყოველდღიური დისციპლინა და საკუთარ თავზე დაუღალავი შრომა წარმატების ერთადერთი საწინდარია. ვფიქრობ, ჩვენი დამოკიდებულება, სიყვარული და შრომა წარმატების ანარეკლია.

- მათი როლი განუსაზღვრელი და ფუნდამენტურია. შეუძლებელია პროფესიონალ არტისტად ჩამოყალიბდე იმ მყარი საყრდენის გარეშე, რომელსაც ოჯახი და პედაგოგები ქმნიან. ოჯახი ჩემი მთავარი ძალა, მოტივაცია და უპირობო მხარდაჭერაა. მათმა რწმენამ, გვერდში დგომამ და ჩემი ინტერესებისადმი პატივისცემამ ადრეული ბავშვობიდანვე მომცა შესაძლებლობა, სრულიად ფოკუსირებული ვყოფილიყავი მუსიკაზე. სწორედ ჩემი ძვირფასი დედიკო იყო ის ადამიანი, რომელმაც დაინახა ჩემში საოპერო მიმართულების ნიჭი, მომკიდა ხელი და წამიყვანა სამუსიკო სკოლაში. იმ წამიდან დღემდე, მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების რწმენა და გვერდში დგომა არის ის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. რაც შეეხება პედაგოგებს, ისინი ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვისთან დაიწყებ საწყის ეტაპზე მუშაობას. მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ქალბატონ თამარ სარვაზიშვილთან.
ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. მან დიდი შრომა და ენერგია ჩადო ჩემში და დღემდე ასე გრძელდება, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩვენი შრომა შედეგის გამოღებას იწყებს. აგრეთვე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გახლავთ არაჩვეულებრივი კონცერტმაისტერი და მუსიკალური ქოუჩი მაია ფერაძე. ის თავისი საქმის უზადო პროფესიონალია. მასთან მუშაობა და ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა. შეხვედრისთანავე მითხრა, რომ ჩემი ლამაზი მომავლის სჯეროდა და მას შემდეგ სულ გვერდში მიდგას, რასაც ძალიან ვაფასებ. ძალიან გამიმართლა, რომ ამ ადამიანებს შევხვდი და ჩვენი ერთიანი ძალებით, დავიწყეთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარული და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ.

- ახალგაზრდებს (მათ შორის ჩემს თავს), რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს, ვურჩევდი, შეიყვარონ არა მხოლოდ სცენაზე დგომის საზეიმო მომენტები, არამედ თავად ყოველდღიური შრომის, ძიებისა და რეპეტიციების პროცესი. იყვნენ მოთმინებით აღჭურვილნი, ნუ შეუშინდებიან დროებით დაბრკოლებებსა თუ უარს. საოპერო ხელოვნებაში თითოეული "არა" ან იგნორი უბრალოდ ახალი გამოცდილებაა, რომელიც გაძლიერებს და უკეთეს არტისტად გაყალიბებს. იყავით ცნობისმოყვარეები, ისწავლეთ ენები, უსმინეთ დიდ ოსტატებსა და მუდმივად გააფართოვეთ თქვენი თვალსაწიერი. ეს რჩევები საკუთარი თავისთვისაცაა, რადგან მეც ახლა ვიწყებ და შევდივარ ამ რთული პროფესიის სიღრმეებში. მშობლებს კი ვურჩევდი, რომ იყვნენ შვილების უმთავრესი დასაყრდენი. ამასთან, უაღრესად მნიშვნელოვანია, შვილი ანდონ პროფესიონალ პედაგოგებს, რადგან ამ ფაქტმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება, განაპირობოს.
'
- ჩემი უახლოესი სამომავლო გეგმები და მთავარი ფოკუსი საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებასა და ევროპულ საოპერო სივრცეში პროფესიულ ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა მსურს მივაღწიო ვოკალურ თავისუფლებას, რადგან კიდევ უფრო დიდი სიამოვნებითა და ნამდვილი ემოციებით შევასრულო სხვადასხვა პარტია.
2027 წლიდან რომის საოპერო თეატრის (Teatro dell'Opera di Roma) ახალგაზრდულ პროგრამას შევუერთდები, რაც ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში სრულიად ახალი, მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება. მინდა, მაქსიმალურად ავითვისო ევროპული საოპერო თეატრების შესაძლებლობები, რომ ჩემი რეპერტუარი კიდევ უფრო გავამდიდრო და გავაფართოვო. თითოეული ნაბიჯი, რასაც საზღვარგარეთ ვდგამ, საბოლოოდ, ჩემი ქვეყნის სახელსა და კულტურას ემსახურება. სადაც არ უნდა ვიყო და მსოფლიოს რომელ სცენაზეც არ უნდა ვმღეროდე, ჩემი მთავარი მისია იქნება, ჩემი ხელოვნებით ღირსეულად წარმოვადგინო საქართველო.
თამარ იაკობაშვილი