"ორივესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯვრისწერა საქართველოში გამართულიყო, ჩვენს უცხოელ კოლეგებსა და მეგობრებს ჩვენი კულტურა და ქვეყანა ენახათ" - ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე დიდი წარმატებისა და სიყვარულის ისტორიის შესახებ - მშობლები

"ორივესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯვრისწერა საქართველოში გამართულიყო, ჩვენს უცხოელ კოლეგებსა და მეგობრებს ჩვენი კულტურა და ქვეყანა ენახათ" - ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე დიდ წარმატებასა და სიყვარულზე

2026-07-25 00:04:06+04:00

მსოფლიო სამუსიკო რუკაზე საქართველოს სახელით დამკვიდრება უდიდეს შრომასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ორ ქართველ არტისტს ერთმანეთთან არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ საერთო ღირებულებები და ოჯახიც აკავშირებს, ეს ისტორია კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება.

გიორგი მიქაძე ბერკლის მუსიკალური კოლეჯის (Berklee College of Music) პირველი ქართველი სრული პროფესორი, "გრემის" ჟიურის წევრი და პიანისტია, რომელიც ქართული მუსიკის პოპულარიზაციას გლობალური მასშტაბით ეწევა. ელენე საბაშვილი, ოპერის მომღერალია, რომელმაც ევროპულ სცენებზე მიღებული გამოცდილება თბილისისა და იტალიის საოპერო თეატრებს დაუკავშირა. წყვილმა ჯვარი ცოტა ხნის წინ, საქართველოში დაიწერა. ინტერვიუში ისინი თავიანთი წარმატების, მსოფლიო მასშტაბის პროექტების, ერთმანეთთან შეხვედრისა და სიყვარულის შესახებ ვრცლად გვესაუბრებიან:

elene-sabashvili-7-1784924271.jpg

გიორგი: - საქართველოდან 2010 წელს წავედი, როდესაც Berklee College of Music-ში სრული დაფინანსებით ჩავაბარე. ეს თანამედროვე მუსიკის ყველაზე ცნობილი სასწავლებელია და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრებაც. ამერიკაში ცხოვრებისას ნელ-ნელა ვიპოვე ჩემი მისია, რომელიც ქართულ მუსიკას უკავშირდება. ამ მიმართულებით უამრავი დიდი პროექტი განვახორციელე. ამჟამად ბერკლის სრული პროფესორი ვარ - იმ სასწავლებლის, სადაც თავად ვსწავლობდი. უნდა ვთქვა ისიც, რომ ბერკლის ისტორიაში პირველი ქართველი სრული პროფესორი ვარ. ფორტეპიანოს განხრით ვასწავლი. ჩემი უფროსიც კი ჩემი სტუდენტია. ვინაიდან კლასიკური განათლება საქართველოში მაქვს მიღებული, ეს გამოცდილება იქ ძალიან გამომადგა.

დღესდღეობით უამრავ პროექტში ვარ ჩართული. მაგალითად, "გრემის" დაჯილდოების ჟიურის წევრი ვარ და ხმას ვაძლევ. ვთანამშრომლობ "გრემის" ადმინისტრაციასთან (Recording Academy) და მონაწილეობას ვიღებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სიმპოზიუმებსა თუ კულტურის სამიტებში. გარდა ამისა, ვმუშაობ აზიური პოპ-მუსიკის ორ ყველაზე დიდ ვარსკვლავთან, რომლებიც მაიკლ ჯექსონის მასშტაბის არტისტები არიან. მათგან ერთ-ერთია ვანგ ლიჰომი, რომელიც კონცერტებს მხოლოდ სტადიონებზე მართავს. ერთ-ერთ ბოლო შოუზე 92 000 მაყურებელი გვყავდა. პარალელურად რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ნოემბერში ჩემი ახალი ალბომი გამოდის, რომელიც ქართული სიმღერების კრებულის მეორე ნაწილია - "Georgian Songbook Vol. 2".

ალბომი პარიზში, ბრედ მელდაუს ლეგენდარულ ტრიოსთან ჯეფ ბალარდთან და ლარი გრენადიერთან – ჩავწერე, რომლებთან თანამშრომლობაზეც ბავშვობაში, ამერიკაში წასვლამდე ვოცნებობდი და მათ შემოქმედებას ვუსმენდი. დღეს კი ისინი ჩემთან ერთად ქართულ მუსიკას ასრულებენ. თითქოს, თითოეული ნაბიჯი ზემოდან იყო დაგეგმილი, რომ ჯერ კარიერა ამეშენებინა და შემდეგ შევხვედროდი ერთადერთსა და განუმეორებელ ადამიანს - ელენეს.

ელენე საქართველოში, სრულიად შემთხვევით, ახალი წლის ღამეს გავიცანი…

elene-sabashvili-2-1784924292.jpg

ელენე: - საქართველო საკმაოდ პატარა ასაკში დავტოვე. თავდაპირველად პარიზში წავედი და არქიტექტურის სკოლაში ჩავაბარე. სწავლის პროცესში მაინც ძიებაში ვიყავი, რადგან ბავშვობა ოპერაში გავატარე - დედაჩემი კონცერტმაისტერი იყო. ძალიან მინდოდა ბალერინობა, თუმცა როდესაც ეს გეგმა არ განხორციელდა, სცენისადმი განსაკუთრებული ინტერესი მაინც დამრჩა. პარიზში სწავლისას ჩემს ცხოვრებაში მუსიკა და ოპერა შემოვიდა. ეს სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პარიზიდან საქართველოში დავბრუნდი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე. დაახლოებით სამწელიწად-ნახევარი ვისწავლე და ბოლო კურსიდანვე იტალიაში გადავედი. იტალიაში ჩემი ვოკალური ტექნიკა დავხვეწე და უკვე 10 წელია, იქ ვცხოვრობ.

სწავლის პერიოდშივე მქონდა დებიუტები იტალიის სხვადასხვა მნიშვნელოვან საოპერო თეატრში. რა თქმა უნდა, თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრშიც მაქვს ნამღერი სპექტაკლები, რაც ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია. რადგან დიდი ხანია, საქართველოში არ ვცხოვრობ და სამშობლოს მუდმივ მონატრებაში ვიყავი, ერთი წელია, გადავწყვიტე, რომ მეტი დრო საქართველოში გავატარო და აქედან ვიარო გასტროლებზე.

ერთმანეთი 2024 წელს გავიცანით. ორივე საახალწლოდ ვიყავით ჩამოსულები.

elene-sabashvili-3-1784924306.jpg

გიორგი: - ახალი წლის ღამეს, როდესაც ხალხი მეგობრების სანახავად მიდის, ჩვენც ასე ვმოძრაობდით ქალაქში. ეს ვერაზე მოხდა. ელენე შორიდან ვიცანი - მის შესახებ მანამდეც ვიცოდი და რომ დავინახე, ვიფიქრე, ან ახლა გავეცნობი, ან არასოდეს-მეთქი. ელენეს თავდაპირველად ეგონა, რომ მანამდეც ვიცნობდი...

ელენე: - ცუდი მეხსიერება მაქვს (იცინის). რადგან სახეზე მეცნობოდა, ჩავთვალე, რომ მუსიკალური წრიდან უკვე ვიცნობდი. ასე გავცვალეთ კონტაქტები. მალევე მე იტალიაში გავემგზავრე, გიორგი კი – ამერიკაში.

გიორგი: - ბერკლიში დავბრუნდი. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინოები, ძალიან მიყვარს. ელენეს მივწერე და ვურჩიე, რომ ერთ-ერთი ბრენდის ხიხვი გაესინჯა. ინტენსიური მიმოწერა არ გვქონია, თავს არ ვახვევდი ურთიერთობას...

ელენე: - გიორგი ჩემს ცხოვრებაში იმ ეტაპზე გამოჩნდა, როდესაც საკუთარ თავთან და შინაგან სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ვიყავი – არავის ველოდებოდი და არც არავის ვეძებდი. შესაბამისად, ჩვენი გაცნობა ორ მუსიკოსს შორის დამყარებულ საინტერესო პროფესიულ და მეგობრულ ურთიერთობად აღვიქვი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბედს სხვა გეგმები ჰქონდა.

გიორგი: - მაისში, საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლისას, ერთმანეთს ჩამოსვლიდან ორ დღეში ისევ შევხვდით.

ელენე: - შეხვედრა ოპერის თეატრის უკან შედგა. რეპეტიცია მქონდა და ძალიან ცოტა დრო ვიპოვე. მეგობრული შეხვედრისთვის ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, ცოტა ხნით შევხვდებოდი და ერთ ჭიქა ღვინოს დავლევდით. როდესაც ვთქვი, რა კარგია, რომ დავმეგობრდით-მეთქი, გიორგიმ ხელი ჩამჭიდადა მითხრა, რომ ეს მეგობრული შეხვედრა კი არა, პაემანი იყო. ხაზი გაუსვა თავის განზრახვას (იცინის).

იმ დღიდან მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მუსიკალურ სამყაროში ბევრ ღონისძიებას ერთად ვესწრებოდით და კიდევ მეტად დავახლოვდით.

elene-sabashvili-5-1784924346.jpg

- ქორწილი საქართველოში დაგეგმეთ?

ელენე: - აგვისტოში გიორგიმ ხელი მთხოვა. თებერვალში ხელი ბევერლი-ჰილსში მოვაწერეთ, ვინაიდან გიორგი ამერიკის მოქალაქეა. უახლოეს მეგობრებთან ერთად ულამაზესი ტური მოვაწყვეთ.

გიორგი: - ხელისმოწერა "გრემის" დაჯილდოებას დავამთხვიეთ. კალიფორნიაში გამგზავრება რომ გადავწყვიტეთ, ელენეს შევთავაზე, ხელიც ბევერლი-ჰილსში მოგვეწერა. ცერემონიას სულ ოთხი ადამიანი ვესწრებოდით: ჩვენ, ორი მოწმე და ადამიანი, რომელმაც ცერემონია ჩაატარა. შემდეგ გრანდ-კანიონი მოვიარეთ და ავტომობილით საინტერესო ტური მოვაწყვეთ.

ელენე: - დაბრუნების შემდეგ ჯვრისწერის ცერემონიის დაგეგმვა დავიწყეთ. ორივესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯვრისწერა საქართველოში გამართულიყო, რათა ჩვენს უცხოელ კოლეგებსა და მეგობრებს ჩვენი კულტურა და ქვეყანა ენახათ.

გიორგი: - მხოლოდ სტანდარტული ქორწილით არ შემოვიფარგლეთ და სტუმრებს კახეთშიც ვუმასპინძლეთ, სადაც ქორწილის წინა ვახშამი გავმართეთ. ჩამოსული სტუმრების უმრავლესობა მსოფლიოში ცნობილი არტისტია. ბერკლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ: ატლანტიდან, ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, სინგაპურიდან და კუალა-ლუმპურიდან. უცხოელი სტუმრები ქართული პოლიფონიური სიმღერით აღფრთოვანდნენ. ბერკლიდან ჩამოსული ჩვენი მეგობრები ქართველ მომღერლებთან ერთად დადგნენ და იმღერეს. საოცარი სანახაობა იყო. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიკრიბა ერთად.

elene-sabashvili-4-1784924370.jpg

ელენე: - ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. ჯვრისწერის საიდუმლოებამ სულ სხვა განწყობა შექმნა და სრულიად განსხვავებული განცდა მოგვანიჭა. ჯვრისწერისას, მგალობლებთან ერთად, ჩვენც ვგალობდით. შემდეგ შატო მუხრანში წვეულება და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რამაც ასევე დიდი ემოციები გამოიწვია. ერთია, როდესაც საყვარელ ადამიანს პირისპირ ეუბნები, თუ როგორ გიყვარს, ხოლო მეორეა, როდესაც ყველა ახლობლისა და ოჯახის წევრის წინაშე დებ ფიცს, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა გაუფრთხილდე.

გიორგი: - საოცარია, ისიც, რომ ტექსტი, რომელიც ორივემ ქორწილის წინ დავწერეთ და პირველად ფიცის დადებისას წავიკითხეთ, ერთმანეთს ძალიან დაემთხვა. სიტყვებიც კი იდენტური აღმოჩნდა.

ელენე: - ჩვენც ვტიროდით და ხალხიც ატირდა.

გიორგი: - ადამიანები, რაც უნდა წარმატებულები იყვნენ თავიანთ კარიერაში, უდიდეს მიღწევად ასევე მეორე ნახევრის პოვნა მიმაჩნია. ამაში სამყარო გვეხმარება. რაკი საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე დავქორწინებულიყავით, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ ქართველები ვართ. ამასთანავე, საერთაშორისო მოქალაქეებიც გახლავართ, რადგან, პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობთ და კონცერტებს ვმართავთ.

elene-sabashvili-9-1784924389.jpg

ელენე: - როდესაც საქართველოდან, ასეთი პატარა ქვეყნიდან ხარ, მუდმივად ცდილობ, შენი საყვარელი სამშობლო ყველას საუკეთესოდ წარუდგინო. საკუთარი ქვეყნის ელჩი ხდები, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას განიჭებს. ვფიქრობ, ეს ყოველივე წარმატებით განხორციელდა. ჯვრისწერასა და ფიცის დადებას კონცერტი მოჰყვა. ბერკლიდან ჩამოსულმა ,,გრემის" მფლობელმა მუსიკოსებმა, ასევე ჩემმა მეგობრებმა, სცენაზე დაუკრეს და იმღერეს. საოცარი სანახაობა შეიქმნა. მე ოპერის მომღერალი ვარ და ქორწილში კლასიკური მუსიკა, ოპერა და ჯაზი ერთიანად ჟღერდა.

გიორგი: - ერთ-ერთმა სტუმარმა ხუმრობით აღნიშნა კიდეც, ამ ქორწილში კონცერტის ბილეთები უნდა გაგეყიდათო. ძალიან ბევრი ცნობილი არტისტი ჩამოვიდა. მაგალითად, Yamaha Artist Services-ის დირექტორი, ქალბატონი ბონი ბარეტი გვეწვია. იგი ნიუ-იორკიდან სპეციალურად ჩვენს ქორწილში დასასწრებად ჩამოვიდა. სტუმრები ამბობდნენ, ამერიკაში ბევრ ქორწილს ვესწრებით, თუმცა ასეთი განსხვავებული და შთამბეჭდავი გარემო არასდროს გვინახავსო.

- სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ. ალბათ,კვლავ გააგრძელებთ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას. საქართველოსთან კონტაქტს როგორ შეინარჩუნებთ და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, რა გეგმები გაქვთ?

elene-sabashvili-1784924405.jpg

გიორგი: - საქართველოსთან კავშირს, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ, რადგან ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ. სამშობლო ძალიან გვიყვარს და ჩვენი საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს ეძღვნება. ძირითადად ისეთ პროექტებს ვქმნით, სადაც ქართული თემატიკა ჭარბობს. მაგალითად, ახლა ჯაზ-ტრიოს ალბომი Georgian Songbook გამოდის, რომლის ფარგლებშიც საპროგრამო ტურნე იგეგმება.

ელენე: - ვფიქრობ, დროს უმეტესად თვითმფრინავში გავატარებთ, რადგან ორივეს ხშირი მოგზაურობა გვიწევს. საქართველო ის ადგილია, სადაც ენერგიით ვიმუხტებით და შემდეგ ამ ენერგიით შექმნილ შემოქმედებას მსოფლიოს ვუზიარებთ.

გიორგი: - რა თქმა უნდა, კარიერულ განვითარებას გავაგრძელებთ და წინ კიდევ არაერთი პროექტი და გეგმაა.

ყველაზე მდიდარი და პოპულარული იუთუბერი MrBeast-ი დაქორწინდა - მილიარდერის კუნძული, ლემურები და ფლამინგოები, ერთკვირიანი წვეულება
2000 სტუმარი, 20 მილიონი დოლარის საქორწინო ხარჯი და არანაირი პაპარაცი: ყველაფერი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საიდუმლო ქორწილის შესახებ