როდის არის უკეთესი ბავშვის ბაღში მიყვანა? ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი ბაღში სიარულს, მით უკეთესი იქნება მისი განვითარებისთვის - უფრო სწრაფად დაიწყებს ლაპარაკს, მიეჩვევა სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და დამოუკიდებლობასაც ადვილად ისწავლის. თუმცა რამდენად აუცილებელია ბაღი ძალიან პატარა ასაკში?
ამ საკითხზე ბავშვთა ნევროლოგი ირაკლი ტუღუში კვლევებზე დაყრდნობით საუბრობს:
„მშობლებისგან ხშირად მესმის და არა მარტო მშობლებისგან, არამედ სპეციალისტებისგანაც ხშირად მესმის — რაც უფრო ადრე მივიყვანთ ბავშვს ბაღში, მით უკეთესია მისი განვითარებისთვის. სინამდვილეში კვლევები სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. პირველი 2-3 წლის განმავლობაში ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა ბავშვების გარემოცვაში ყოფნა, არამედ სტაბილურ ზრდასრულთან თბილი, უსაფრთხო და ინდივიდუალური ურთიერთობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სწორედ ასეთ მზრუნველობას მიიჩნევს პირველი 3 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად. ეს ნიშნავს, რომ თუ ორ წლამდე ასაკის ბავშვს სახლში აქვს ხარისხიანი ურთიერთობა, თამაში, საუბარი და გარემოს შესწავლის შესაძლებლობა, მხოლოდ განვითარებისთვის ადრეულად ბაღში წაყვანა საჭიროება არ არის.
არსებობს საინტერესო კვლევა, სადაც ბაღში დაწყების ასაკია შედარებული. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში კოგნიტური სარგებელი აღმოაჩნდა ბავშვებს, რომლებმაც დაიწყეს ბაღში სიარული 2-3 წლის ასაკში. უფრო ადრე დაწყება კი განსხვავებულ სოციალურ ქცევებთან იყო დაკავშირებული. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია, რომელსაც მშობლები ხშირად მეკითხებიან — ხომ არ იქნება სტრესი, როდესაც ბაღში გავუშვებ ბავშვს. კვლევების მეტაანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვებს ბაღში კორტიზოლის რაოდენობა უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე სახლში. რაც მნიშვნელოვანია, ეს განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. კორტიზოლი არის სტრესის ჰორმონი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბაღი ბავშვს აზიანებს. აქ მნიშვნელოვანია ბაღის ხარისხი. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3 წლამდე ასაკის ბავშვში სტაბილური აღმზრდელი და მისი როლი — ბავშვის საჭიროებაზე თბილი და სწრაფი რეაგირება. ხარისხიანი ადრეული განათლება კი შესაძლებელია დადებითად მოქმედებდეს მეტყველებაზე, კოგნიტურ განვითარებაზე და შემდეგ სასკოლო მზაობაზე. ამიტომაც არ არსებობს უნივერსალური ასაკი, თუ როდის უნდა წავიდეს ბავშვი ბაღში, მაგრამ თუ ოჯახს არჩევნის შესაძლებლობა აქვს, პირველი ორი წლის განმავლობაში პრიორიტეტია ხარისხიანი ინდივიდუალური ურთიერთობა. მეტყველების, დამოუკიდებლობის და სოციალური უნარების ჩამოყალიბებისთვის და ბოლოს ხარისხიანი ბაღი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებისთვის, ამიტომ თუ როდის წაიყვანთ ბაღში, ინდივიდუალურად ოჯახზე უნდა იყოს მორგებული ეს და, რა თქმა უნდა, ბავშვზე.“ - ამბობს ირაკლი ტუღუში.