ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... ტყუპის შეძენის შემთხვევაში მშობლებს 10 000 ლარი გადაეცემათ - სოციალური პროგრამები საქართველოში - მშობლები

ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... ტყუპის შეძენის შემთხვევაში მშობლებს 10 000 ლარი გადაეცემათ - სოციალური პროგრამები საქართველოში

2026-09-29 10:12:33+04:00

საქართველოს მუნიციპალიტეტების ნაწილი ახალდაქორწინებულ ოჯახებსა და ახალშობილთა მშობლებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევს, თუმცა თანხები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში, დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება, ცალკე თანხაა გათვალისწინებული ტყუპის შეძენისას, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ახალშობილთა ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარებაც მოქმედებს.

2026 წლის შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს დოკუმენტების მიხედვით, მუნიციპალიტეტებში განსხვავებული პირობები მოქმედებს. დღეს რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ:

თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებული ოჯახი ერთჯერადად 5 000 ლარს იღებს. დახმარების მისაღებად მოქმედებს კონკრეტული პირობები, მათ შორის, მეუღლეების თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

შვილის შეძენის შემთხვევაში, დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით გაიცემა: პირველ შვილზე - 1 500 ლარი, მეორეზე - 3 000 ლარი, მესამეზე - 4 500 ლარი. მეოთხე და ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში თანხა წინა ოდენობას კიდევ 1 500 ლარით აღემატება. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი ერთჯერადად 10 000 ლარს იღებს.

თიანეთში მოქმედებს ასევე ყოველთვიური დახმარება: პირველი შვილისთვის - 150 ლარი, მეორისთვის - 300 ლარი, მესამისთვის - 450 ლარი, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში თანხა კიდევ 150 ლარით იზრდება. დახმარება ბავშვის ერთ წლამდე გაიცემა.

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2026 წელს ახალშობილის შეძენისას დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით გაიცემა: პირველ შვილზე - 1 000 ლარი, მეორეზე - 2 000 ლარი, მესამეზე - 3 000 ლარი, მეოთხეზე - 4 000 ლარი, მეხუთეზე - 5 000 ლარი და შემდეგაც იმავე პრინციპით იზრდება.

ტყუპების შემთხვევაში თანხა ბავშვთა რიგითობის მიხედვით განისაზღვრება - მაგალითად, თუ ტყუპები ოჯახისთვის პირველი და მეორე შვილები არიან, დახმარება შეადგენს 1 000 და 2 000 ლარს.

ამასთან, ახალშობილის ოჯახი ბავშვის ოთხი წლის ასაკამდე ყოველთვიურად 300 ლარს იღებს.

ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახს ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა, ტყუპების შეძენისას კი - 2 000 ლარი.

ცალკე პროგრამა მოქმედებს ახალდაქორწინებული პირებისთვისაც - დახმარება 1 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობისთვის კონკრეტული სოციალური და სარეგისტრაციო პირობებია დადგენილი.

კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახალდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001 - ს.

ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის თანხას დამატებით 300 ლარი ემატება.

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2026 წლის მარტში ახალშობილთა დახმარების ოდენობები შეიცვალა. მოქმედი წესით, პირველ შვილზე 300 ლარი, მეორეზე 350 ლარი, მესამეზე 400 ლარი, მეოთხეზე 450 ლარი გაიცემა. მეხუთე და ყოველი მომდევნო ახალშობილის შემთხვევაში წინა ოდენობას 200 ლარი ემატება.

ტყუპების შემთხვევაში ოჯახი ერთჯერადად იღებს 700 ლარს, თუ ისინი პირველი და მეორე შვილები არიან; 800 ლარს, თუ მეორე და მესამე შვილები არიან; 900 ლარს, თუ მესამე და მეოთხე ან მომდევნო შვილები არიან. სამი და მეტი ტყუპის შემთხვევაში დახმარება 1 600 ლარია.

ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პირველ შვილზე ოჯახი 200 ლარს, მეორეზე კი 300 ლარს იღებს. ამასთან, ყველა ახალშობილს წლის განმავლობაში „ახალშობილის კალათი“ გადაეცემა.

ტყუპების ან მეტი ბავშვის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში ოჯახს ერთჯერადად 1 000 ლარი ერიცხება.

ვანი

ვანის მუნიციპალიტეტში პირველ შვილზე 300 ლარი, მეორეზე 400 ლარი, ხოლო მესამესა და ყოველ მომდევნო შვილზე 500 ლარი გაიცემა.

ტყუპების დაბადების შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე 600 ლარია გათვალისწინებული. დახმარება ბავშვის ერთი წლის ასაკის შესრულებამდე შეიძლება, გაიცეს.

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დახმარების ოდენობა ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ და მეორე შვილზე - 400-400 ლარი, მესამეზე - 500 ლარი, მეოთხეზე - 600 ლარი, მეხუთეზე - 1 000 ლარი, მეექვსეზე - 5 000 ლარი, ხოლო მეშვიდე და ყოველი მომდევნო შვილის შეძენისას - 15 000 ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს.

აღნიშნული მონაცემები თითოეული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 2026 წლის ბიუჯეტებსა და შესაბამის მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებს ეყრდნობა. დოკუმენტები გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე - matsne.gov.ge. სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი სოციალური პროგრამებისა და დახმარებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ასევე შესაძლებელია მაცნეს ვებგვერდზე.

თამარ იაკობაშვილი

იწვევს თუ არა კეთილდღეობა შობადობის შემცირებას - სინამდვილეში რატომ აღარ აჩენენ შვილებს წყვილები და რა ითვლება შობადობის შემცირების ან გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად