სტიპენდია 500 ლარიდან 2000 ლარამდე - სად და რამდენით ფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტები - მშობლები

სტიპენდია 500 ლარიდან 2000 ლარამდე - სად და რამდენით ფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტები

2026-09-29 18:45:28+04:00

საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის ადგილობრივი სტიპენდიის პროგრამა მოქმედებს. 2026 წლის მუნიციპალური ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც თანხის ოდენობით, ისე აკადემიური მოსწრებისა და სხვა კრიტერიუმებით.

ქვემოთ მოცემულია იმ მუნიციპალიტეტების ნაწილი, სადაც 2026 წლის ბიუჯეტითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით წარჩინებული სტუდენტებისთვის მუნიციპალური სტიპენდიაა გათვალისწინებული: თითოეული ქვეთავის დასაწყისში გალინკული ფრაზიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ ოფიციალურ დოკუმენტზე და დეტალური ინფორმაცია იქ მოიძიოთ. ან მიმართოთ სასურველ მუნიციპალიტეტს.

თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის 500-ლარიანი ჯილდო შეუძლიათ მიიღონ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებმა, თუ მიმდინარე სასწავლო წლის შესაბამის სემესტრში თითოეულ სასწავლო კურსში 91-100 ქულა აქვთ მიღებული. დამატებით სემესტრზე მყოფ სტუდენტზე ეს წახალისება არ ვრცელდება.

ქობულეთი - 500 ლარი სემესტრში

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია მოქმედებს.

სტიპენდია სემესტრში 500 ლარს შეადგენს და მას იღებენ სტუდენტები, რომელთა წინა სემესტრის საშუალო აკადემიური შეფასება A - 91 ქულა და მეტია.

განსაკუთრებული სოციალური კატეგორიებისთვის თანხა გაზრდილია და 1 000 ლარს შეადგენს. ასეთ სტუდენტებს შორის არიან სოციალურად დაუცველი, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები, დადგენილი პირობების შესაბამისად.

ახალციხე - 500 ლარი სემესტრში

ახალციხის მუნიციპალიტეტში ასევე მოქმედებს მერის სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისთვის.

კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელსაც წინა სემესტრის ყველა საგანში მინიმუმ 97 ქულა აქვს, სემესტრში 500-ლარიან სტიპენდიას იღებს.

ახმეტა - 625-დან 1 000 ლარამდე სემესტრში

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდია მოქმედებს. სტიპენდიის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.

სტიპენდიის ოდენობა განათლების საფეხურის მიხედვით განსხვავებულია: ბაკალავრიატის სტუდენტისთვის - 625 ლარი, მაგისტრანტისთვის - 750 ლარი, დოქტორანტისთვის კი - 1 000 ლარი სემესტრში. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, წინა სემესტრის აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.

ადიგენი - 500 ლარი სემესტრში

ადიგენის მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის ფინანსური წახალისების პროგრამა მოქმედებს.

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო ან ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც აქტიური სტუდენტის სტატუსი აქვთ.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტს უნდა ჰქონდეს 91-100 ქულა (A კატეგორია- ფრიადი) ყველა სალექციო კურსში, რომელიც შესაბამის სემესტრში გაიარა. ამასთან, მას ბოლო სამი სასწავლო წელი უნდა ჰქონდეს გავლილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სკოლაში და განცხადების წარდგენის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უნდა იყოს რეგისტრირებული.

მერის სტიპენდიის ოდენობა 500 ლარია სემესტრში. მისი მიღება სტუდენტს შეუძლია სემესტრულად, წინა სემესტრის აკადემიური შედეგების გათვალისწინებით. სტიპენდიის მოთხოვნისთვის შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს და წარადგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ჩხოროწყუ - 1 250 ლარი სემესტრში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის განსხვავებული მოდელია. სტიპენდია თვეში 250 ლარს შეადგენს და ხუთი თვის განმავლობაში გაიცემა. შესაბამისად, ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მიერ მისაღები თანხა ჯამში 1 250 ლარია.

სტიპენდიის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტები არიან. სტუდენტს ასევე უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი.

სტიპენდიის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება: სტუდენტს შესაბამისი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში საბოლოო შეფასებად A - 91-100 ქულა უნდა ჰქონდეს. სტიპენდია გაიცემა საუკეთესო შედეგების მქონე 30 სტუდენტზე თითოეული სემესტრის განმავლობაში. თანაბარი ქულების შემთხვევაში, დადგენილ კვოტას შეიძლება გამონაკლისის სახით დამატებითი სტუდენტებიც დაემატონ.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა შესაბამისი სემესტრის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება და საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ჩხოროწყუში რეგისტრაციის, აქტიური სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობები.

სენაკი - 100 ლარი თვეში

სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის 2026 წელს სტიპენდია თვეში 100 ლარს შეადგენს. პროგრამის მიხედვით, სტიპენდიით 10 სტუდენტი ჯილდოვდება, ხოლო მათი რეიტინგი ყოველწლიური სემესტრული აკადემიური მოსწრების მიხედვით განისაზღვრება.

სტიპენდიის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელიც განცხადების წარდგენის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში 91-100 ქულა, ანუ A კატეგორიის შეფასება აქვს. პროგრამა ვრცელდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებზე. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სტუდენტი შესაბამის პროგრამაზე უნდა იყოს ჩარიცხული საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების წელს.

სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად, სემესტრის შედეგების შესაბამისად. მისი მიღებისთვის სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადი საბანკო რეკვიზიტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსისა და შესაბამის სემესტრში მიღებული შეფასებების შესახებ.

ფოთი - 625 ლარი და დამატებით 625 ლარი საუკეთესო შედეგისთვის

ფოთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (ჯილდო) წარმატებული სტუდენტებისთვის.

პროგრამა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტებზე ვრცელდება. კანდიდატი ფოთის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა საგანში მინიმუმ 81-90 ან 91-100 ქულა უნდა ჰქონდეს.

სტიპენდია თითოეულ სემესტრში 30 სტუდენტზე გაიცემა და თითოეულისთვის 625 ლარს შეადგენს. ამასთან, 100-ქულიანი სტუდენტი დამატებით 625 ლარით ჯილდოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალური თანხა ასეთ შემთხვევაში სემესტრში 1 250 ლარია.

კონკურსის დროს უპირატესობა აკადემიური მოსწრების საუკეთესო შედეგს ენიჭება, ხოლო თანაბარი შედეგების შემთხვევაში დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო ნაშრომებსა და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.

ოზურგეთი - 1 250 ლარი სემესტრში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმატებული ბაკალავრიატის სტუდენტისთვის გათვალისწინებული სტიპენდია 1 250 ლარს სემესტრში შეადგენს.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტს სემესტრის ბოლოს 95 ან მეტი ქულა უნდა ჰქონდეს.

სტუდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უნდა იყოს რეგისტრირებული.

რუსთავი — 500-დან 1 200 ლარამდე წელიწადში

რუსთავის მუნიციპალიტეტში 2026 წელს სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა მოქმედებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, თუმცა დაფინანსების ოდენობა განათლების საფეხურისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით განსხვავდება.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის დაფინანსების ოდენობა საშუალო აკადემიური ქულის მიხედვით განისაზღვრება: 81-დან 90 ქულამდე — არაუმეტეს 800 ლარი, 90-დან 95 ქულამდე — არაუმეტეს 1 000 ლარი, ხოლო 95-დან 100 ქულის ჩათვლით — 1 200 ლარი. თანხა სწავლის საფასურის დასაფარად გაიცემა და წლიური დაფინანსება 1 200 ლარს არ აღემატება.

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის განსხვავებული პირობა მოქმედებს: 85-დან 100 ქულის ჩათვლით აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დაფინანსება არაუმეტეს 500 ლარია ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტეში წარჩინებულ ბაკალავრს, რომელსაც ბოლო სემესტრის ყველა საგანში მინიმუმ 91 ქულა აქვს, მუნიციპალიტეტი სემესტრში 2 000 ლარს აძლევს. მოთხოვნებს შორისაა ბორჯომის საჯარო სკოლაში სულ მცირე 9 წლის განმავლობაში სწავლა და მუნიციპალიტეტში მინიმუმ ბოლო 6 თვის რეგისტრაცია

სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ეფუძნება მუნიციპალიტეტების მიერ 2026 წლისთვის დამტკიცებულ ბიუჯეტებსა და შესაბამის სამართლებრივ აქტებს. თითოეული მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მითითებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია სტუდენტებისთვის გათვალისწინებული პროგრამის პირობები, დაფინანსების ოდენობა და შესაბამისი კრიტერიუმები. სხვა მუნიციპალიტეტების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად განვაახლებთ. ასევე შეგიძლიათ, ყველა მინიცუპალიტეტის პროგრამა მაცნეს გვერდზე გადაამოწმოთ.

ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... ტყუპის შეძენის შემთხვევაში მშობლებს 10 000 ლარი გადაეცემათ - სოციალური პროგრამები საქართველოში