მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილი, 16 წლის ლეონი კასელი, ფრანგული ჟურნალ Numéro-ს 2026 წლის ოქტომბრის ნომრის ერთ-ერთ ყდაზე გამოჩნდა. ლეონის Dior Haute Couture-ის ოქროსფერი კაბა აცვია, სხვა კადრებში კი მაღალი მოდის სხვადასხვა სამოსით პოზირებს.


ეს ლეონის პირველი მნიშვნელოვანი სამოდელო ნამუშევარი არ არის. რამდენიმე თვით ადრე ის დედასთან, მონიკა ბელუჩისთან ერთად Vogue Italia-ს ფოტოსესიაში გამოჩნდა. სწორედ ამ გადაღებისთვის ლეონის სტილზე თავად დედამ იზრუნა.


ლეონის გამოჩენას მოდის სამყაროში თავიდანვე დიდი ყურადღება მოჰყვა. ბუნებრივია, ამის ერთ-ერთი მიზეზი ცნობილი მშობლებია, მეორე კი უფროსი და — დევა კასელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით მუშაობს მოდელად და მსახიობად. ამიტომ ლეონის გარეგნობასაც ხშირად დედისა და დის გარეგნობას ადარებენ. სოციალურ ქსელებში მისი პირველი გამოჩენების შემდეგ კრიტიკული კომენტარებიც მრავლად იყო — ზოგი წერდა, რომ ის დედასა და დას არ ჰგავს და სამოდელო გარეგნობა არ აქვს, ზოგი კი მის სწრაფ წარმატებას ცნობილ გვარს უკავშირებდა.
იტალიურმა La Stampa-მ ამ რეაქციებს ცალკე მასალაც მიუძღვნა და აღნიშნა, რომ 16 წლის გოგონა სოციალური ქსელების განსაკუთრებით მკაცრი შეფასებების სამიზნე გახდა. ეს, რასაკვირველია, სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეფასებებია და არა რაიმე ობიექტური დასკვნა მის გარეგნობაზე
თავად ლეონი ამ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს და საკუთარ ოჯახსა და დაზე საუბრობს. დევა მისთვის ბავშვობიდან განსაკუთრებული ადამიანი იყო.
„ჩემი და ყოველთვის ჩემი კერპი იყო. როცა პატარა ვიყავი, ზოგჯერ მას ისე ვუყურებდი, როგორც ქალღმერთს“, — იხსენებს ლეონი.

წლების მატებასთან ერთად დების ურთიერთობაც შეიცვალა და დღეს, როგორც ლეონი ამბობს, დევა მისთვის მხოლოდ მისაბაძი მაგალითი აღარ არის:„ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.“
საინტერესოა, რომ უმცროსი დისთვის სახელი სწორედ დევამ შეარჩია. მონიკა ბელუჩის მონაყოლით, ლეონის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე ოჯახს ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბოლოოდ გადაწყვეტილი ბავშვის სახელი და არჩევანი დევამ გააკეთა.
ლეონი ამბობს, რომ საკუთარ ხასიათში ოჯახის თითოეული წევრის გავლენას ხედავს.
„დედისგან ჰარმონიისკენ სწრაფვა მივიღე, მამისგან — თავგადასავლების სიყვარული, დევასგან კი — პირდაპირობა.“ - ამბობს ლეონი.
ლეონი დედასთან ახლო ურთიერთობაზე საუბრობს და მონიკა მისთვის არა მხოლოდ დედა, არამედ მოდის სამყაროში პირველი გზამკვლევიცაა.
თავად ბელუჩის არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ ქალიშვილების ნაცვლად მათი მომავლის გადაწყვეტა არ სურს. მისთვის მნიშვნელოვანია, შვილებმა საკუთარი ინტერესები თავად აღმოაჩინონ და საკუთარი გზა აირჩიონ.

„მინდა, ჩემი ქალიშვილები თავისუფლები იყვნენ და საკუთარი ცხოვრება თავად შექმნან“, — ამბობს მონიკა ბელუჩი.
ლეონი პარიზში სწავლობს, ჰუმანიტარული საგნებითა და ფილოსოფიით ინტერესდება და რამდენიმე ენაზე საუბრობს. მოდის სამყაროსაც ბავშვობიდან ახლოს იცნობს — ხშირად ახლდა დედას გადაღებებზე და უფროსი დის კარიერასაც თვალს ადევნებდა.
ახლა კი თავადაც სწრაფად აგროვებს პროფესიულ გამოცდილებას: Vogue Italia-ს შემდეგ პოდიუმზეც გამოჩნდა და 2026 წლის ზაფხულში Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენება გახსნა, შემოდგომაზე კი უკვე Numéro-ს ყდაზე მოხვდა.

16 წლის ლეონის სამოდელო კარიერა ჯერ მხოლოდ იწყება. თუმცა მას თავიდანვე იმ სირთულესთან უწევს გამკლავება, რომელიც ცნობილი ადამიანების შვილებს ხშირად თან სდევს — საზოგადოება მას ჯერ კიდევ არა მხოლოდ როგორც ლეონი კასელს, არამედ როგორც „მონიკა ბელუჩის ქალიშვილს“ და „დევა კასელის დას“ უყურებს.