"დავლიე და წნევა მაინც მაღალი მაქვს" - შეცდომები წნევის დამწევის და წნევის მარეგულირებლების მიღებისას - მშობლები

"დავლიე და წნევა მაინც მაღალი მაქვს" - შეცდომები წნევის დამწევის და წნევის მარეგულირებლების მიღებისას

2026-10-03 08:23:19+04:00

არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს ყოველდღიურ საუბარში ხშირად ორ ჯგუფად ყოფენ — „წნევის დამწევებად“ და „წნევის მარეგულირებლებად“. თუმცა რა განსხვავებაა მათ შორის? შეიძლება თუ არა წნევის მკვეთრი მატებისას იმავე წამლის მიღება, რომელსაც ყოველდღიურად ვსვამთ და, პირიქით, შეიძლება თუ არა სწრაფად მოქმედი პრეპარატის მუდმივად გამოყენება?

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ მედიცინაში ორივე ტიპის პრეპარატი ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს მიეკუთვნება, თუმცა მათი დანიშნულება და მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პაციენტმა ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივი მკურნალობა თვითნებურად არ შეწყვიტოს და არც სწრაფად მოქმედი პრეპარატი გამოიყენოს მუდმივი მკურნალობის შემცვლელად.

„წნევის მარეგულირებელი და წნევის დამწევი — რომელი, როდის უნდა მიიღოთ და როგორ?

ჩვენ, ექიმები, არტერიული წნევის სამართავ მედიკამენტებს ორ ნაწილად ვყოფთ და ორივეს ვეძახით ანტიჰიპერტენზიულს, მაგრამ საზოგადოება მათ ორ ნაწილად ყოფს და ერთ მედიკამენტს ეძახის, ვთქვათ, წნევის დამწევს, ხოლო მეორეს — წნევის მარეგულირებელს.

მათ შორის რა განსხვავებაა, გეტყვით.

იმას, რასაც თქვენ წნევის დამწევს ეძახით, ჩვენ პაციენტებთან მუდმივი მკურნალობისთვის არ ვნიშნავთ ხოლმე. მას ვიყენებთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

აი, თუ, ვთქვათ, ვინმეს აქვს მკვეთრად მაღალი არტერიული წნევა, ვთქვათ, ჰიპერტენზიული კრიზი და ჩვენ გვჭირდება წნევის დაწევა, იმიტომ, რომ პაციენტს აქვს ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, აორტის განშრევების ან სხვა მსგავსი გართულებების რისკი, სწორედ მაგ დროს ვიყენებთ.

როგორც წესი, ამ მედიკამენტებს იყენებს სასწრაფო დახმარების გუნდი გადაუდებელი აუცილებლობის დროს. ეს მედიკამენტები ძალიან სწრაფად მოქმედებენ — 15-30 წუთში — და ხანმოკლე მოქმედება აქვთ, დაახლოებით ორიდან ექვს საათამდე.

მათი ამოცანა არ არის წნევის განკურნება. მათი ამოცანაა, რომ წნევა სწრაფად დაწიონ და პაციენტს, ასე ვთქვათ, გართულება თავიდან აარიდონ.

იცით, რომელი მედიკამენტებია წნევის დამწევები? ეს არის ძირითადად კაპტოპრილი, კლონიდინი და კიდევ ბევრი სხვა.

თუ თქვენ კაპტოპრილს სვამთ წნევის სამართავად, მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი შეცდომაა. კაპტოპრილს ზოგადად ექიმები მუდმივი მკურნალობისთვის არ ვნიშნავთ ხოლმე. ხშირად პაციენტები თვითნებურად სვამენ და ეს ძალიან არასწორია.

წნევის სამართავად ის, რასაც საზოგადოება „წნევის მარეგულირებელს“ ეძახის, სწორედ ის უნდა იყოს გამოყენებული.

რა არის ახლა წნევის მარეგულირებელი?

წნევის მარეგულირებლები არის ბაზისური მედიკამენტები, რომლებიც გათვლილია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ესენი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მიღებული ყოველდღიურად. როგორც წესი, ისინი ინიშნება ხოლმე დილის საათებში.

მათი მოქმედება ძალიან დიდხანს გრძელდება — 12-დან 24 საათამდე, მაგრამ მოქმედება ნელა იწყება და ხშირად პაციენტი გაკვირვებულია, რომ, ვთქვათ, დავლიე და წნევა მაინც მაღალი მაქვს. ეს იმიტომ, რომ მათი მოქმედება ნელა იწყება და აქ პანიკა არ არის საჭირო. ეს მედიკამენტი თავის საქმეს მაინც გააკეთებს.

მეორე შეცდომა არის ის, რომ როცა პაციენტი ამ მედიკამენტს სვამს, მერე წნევა დასტაბილურდება და ფიქრობს: „აუ, უკვე კარგია, მოდი, მე აღარ გავაგრძელებ ამის მიღებას“ და წყვეტს წამლის მიღებას, რაც არასწორია.

ეს მედიკამენტები სწორედ იმიტომ არის გათვლილი, რომ ყოველდღიურად უნდა იყოს მიღებული და როცა მათ სვამენ, წნევა სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ნორმის ფარგლებში მაჩვენებლებს. მაგრამ როგორც კი მათ შეწყვეტთ, მერე ისევ შეიძლება გაიზარდოს.

ვიღაც მეტყვის ახლა, რომ: „იცი რა, არა, არ მეზრდება“. რეალურად მილიონობით ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის, სანამ რაიმე გართულება არ განვითარდება ან შემთხვევით არ აღმოაჩენს, რომ თურმე მაღალი არტერიული წნევა ჰქონია.

ასე რომ, თუ თქვენ ერთხელ დაგინიშნეს არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი, მისი მიღება საჭიროა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ, თუ ამას ექიმი გადაწყვეტს.

თქვენით ეს არ გააკეთოთ, იმიტომ, რომ მაღალი არტერიული წნევა ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ასე რომ, თქვენ უკვე იცით, რა განსხვავებაა წნევის დამწევსა და წნევის მარეგულირებელს შორის“, — განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

რა შეცდომას უშვებენ ადამიანები წნევის დასაწევად ამ ცნობილი წამლის მიღებისას: დამაზიანებელია ასეთი „მკურნალობა“
წნევის მატების 11 მიზეზი, რომლებიც უწამლოდ გვარდება - როგორ უნდა მოაგვაროთ არტერიული წნევის პრობლემა მედიკამენტების გარეშე