გადაცემაში "მამების დრო" ნანიკო ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მამაზე, მის დაავადებაზე, მძიმე გადაწყვეტილებაზე და უარყოფით თუ დადებით რეაქციაზე, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვა:
— ყველაზე მეტად ჩემი ახლო ნათესავებისგან მტკივა და მეწყინა, თორემ ხალხი — ნაკლებად. იმ ნათესავებისგან, რომლებიც ერთხელაც არ გამოჩენილან იმ განცხადების მერე ჩვენს ცხოვრებაში. არც უკითხავთ, იქნებ რაღაც გვჭირდება, იქნებ ვერ ვიხდი ფულს, იქნებ ცუდად არის მამა... არც ერთხელ არ დაურეკავთ და არც ერთხელ კითხვა არ დაუსვამთ. ყველაზე უფრო შენიანებისგან გტკივა და ინგრევი. უცხო ადამიანები კი — ემოციური ფონი იმ წუთას მაღალი როცა არის, ნერვები გეშლება, მაგრამ მთლიანობაში — არა...
იმდენად გაუსაძლისი იყო ყოფა, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მართლა... კიდევ კარგი, მოწმეები არსებობენ, თორემ ხანდახან მგონია, ამასაც ხომ არ ვიგონებდი... ძალიან რთული იყო უკვე მისი სახლში გაჩერება. მიუხედავად იმისა, რომ მომვლელი მყავდა... ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მომვლელს შიგნით ჩაკეტილი ჰყავდა სახლში და წასული იყო... ეს იყო ალბათ ის ბოლო წერტილი... ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, დილას მივდიოდი, საჭმელი, რაღაცები მქონდა, მერე მოვდიოდი, მერე მთელი დღე სამსახურში ვიყავი და მერე მივდიოდი. და რაღაც მოხდა ისეთი, რომ შუადღეს "დავადექი" და აღმოვაჩინე, რომ მომვლელს გარეთა კარიც ჩაკეტილი აქვს და საძინებელიც გამოკეტილი აქვს, მოკლედ... მანდ უკვე სერიოზულად დავფიქრდი ზოგადად ყველაფერზე.
მერე ბევრჯერ შემხვდნენ ისეთი ადამიანები, ვინც მლანძღავდნენ, იმიტომ, რომ მათი ოჯახის წევრები მამასთან ერთად იყვნენ... კიდევ არიან ვიღაცები, ვინც დამიმეგობრდნენ სოციალურ ქსელში, გამომკითხეს ყველაფერი, მიიყვანეს მშობლები, მეც გავიცანი, ცხადია, და მერე მხოლოდ იმიტომ, რომ იმედზე ვმუშაობდი, წამშალეს... მაინც შემდეგ ლანძღვის რეჟიმში გადავიდნენ.
...დღესაც დღე არ გავა, ახლაც კი, რომ ვიღაცამ არ მომწეროს ამ თემაზე ან მკითხოს კოორდინატები, ვთქვათ, იმ სახლის, სადაც მამა იყო. დღემდე ასეა, უკვე რამდენი წელი გავიდა...
ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში იყო იმის აღიარება, რომ მამაჩემი თავის სიცოცხლეს დაასრულებს იქ. ამაზე მძიმე... ამიტომ დანარჩენი ყველაფერი, ხვდებით, არაფერი არ იყო.უბრალოდ, ხანდახან რომ დავფიქრდებოდი, თან მადლიერი ვიყავი, რომ ღმერთმა, მადლობა ღმერთს, ეს გზა გამომიჩინა, იმიტომ, რომ ოთხი ექთანი მუდმივად მამას თავზე დასტრიალებდა, აჭმევდნენ დაბალანსებულად, აბანავებდნენ, მანიკიურ-პედიკურს უკეთებდნენ, მოდიოდა სტილისტი, მას კრეჭდა. დღეში რამდენიმეჯერ ლექციები ჰქონდა იმისათვის, რომ მისი ტვინი გავარჯიშებული ყოფილიყო. მიხვდნენ, რომ მამასაც რეალიზება სჭირდებოდა, სტუდენტები მოუყვანეს და ეს კაცი, დაავადებული, აქეთ უყვებოდა. ანუ ძალიან სწორად მიუდგნენ მამას. არა მარტო მამაჩემს — ინდივიდუალურად ყველა პაციენტს. აი, ამ ყველაფრის ძალიან მადლიერი ვიყავი, მაგრამ ეს შეკითხვა ძალიან მღრღნიდა, რომ, ოკეი, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იქ უნდა მოკვდეს. ამაზე მძიმე კითხვა არ არსებობს.
...თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ძვირია. უბრალოდ ოჯახის წევრებს არასოდეს გვაქვს ისეთი ნერვული სისტემა და ისეთი მყარი ფსიქიკა, რომ ამ ტიპის ადამიანებს, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, მშვიდად ველაპარაკოთ მთელი დღე. სიმშვიდე და სიყვარული არის ბოლომდე სწორი მართვა პაციენტის. ვერ ვიტყვი, რომ აგრესიული ფაზები არ არსებობს, რაღაცები ისეთი არსებობს, რასაც შენ ვერ მოერგები, მაგრამ ძირითადად ყველაფერზე უნდა თავი უქნიო, უნდა ეცადო, რომ თემიდან თემაზე ისე გადაიყვანო, ვთქვათ, აგრესია არ გაუშვას. აი, რაღაც რუდუნებით, მოთმინებით და ნერვებით, რაღაცნაირად უნდა მიუდგე ასეთი ტიპის პაციენტს, რაზეც მე პირადად არ მეყო... მომვლელი ადამიანი, რომლის პროფესიაც არის ექიმობა ან ექთნობა, რომელიც ამაში ანაზღაურებას იღებს, მას სენტიმენტი კი აქვს, უყვარდება თავისი პაციენტი, მაგრამ ისე არ ღელავს და ისე არ გამოდის წყობიდან, როგორც ოჯახის წევრი. ოჯახის წევრს ნერვები ეშლება და ვერ ხვდება, რა სჭირს, რატომ სჭირს, რატომ არ ესმის. და იმათ ეს ჩახსნილი რომ აქვთ, ამიტომ გამოსდით ბევრად კარგად მათთან ურთიერთობა.
...მამაჩემი ეძებდა აუდიტორიას — ლექცია სად წავიკითხოო. მთელი დღეები დავდიოდით სადარბაზოში. ცხრასართულიანი კორპუსი იყო და ფეხით ავდიოდით მეცხრემდე, ვაკაკუნებდით ყველა კარზე, ანუ აუდიტორიის ძებნაში ჩამოვდიოდით. ათი წუთი დაწყნარდებოდა და ათ წუთში — „სად არის ჩემი აუდიტორია?“ „მამა, აქ არ არის აუდიტორიები, მამა, აქ ჩვენი მეზობლები არიან“. — „არა, შენ მე რას მასწავლი?“ და მერე იწყება... შენც აღარ გყოფნის ნერვები და — „მამა, რა?“ და გადადიხარ...

....მამაჩემი რაღაც განსაკუთრებული მამა იყო. მისთვის არაფერს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველა შემთხვევაში მე ვიყავი მართალი, მე ვიყავი ყველაზე ლამაზი, მე ვიყავი ყველაზე ჭკვიანი. მე ვიყავი მისი დედოფალი, ხელშეუხებელი ფიგურა და მე არაფერზე არ უნდა მენერვიულა არასდროს. ასეთი ვიყავი მამისთვის. ლაღი რომ ვარ, მეტ-ნაკლებად... მე ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ ზოგადად, მაგრამ სილაღე არ მაკლია. მგონია, რომ სილაღე სწორედ ბავშვობიდან მოდის, იმიტომ, რომ ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე. ყველაფერს აკეთებდა მამაჩემი, თუ დრო ჰქონდა, მაძინებდა კიდეც, ზღაპრებსაც მიკითხავდა. ანუ, რაც, ვთქვათ, დედის მოვალეობა იყო, ზუსტად იგივეს მამაც აკეთებდა, ოღონდ, ნუ, გამომდინარე თავისუფალი დროიდან. ექიმი იყო და მისი დღე ცოტა რთულად იყო განაწილებული. დიდი დროის გატარება მაინც უწევდა საავადმყოფოში... საბოლოოდ რა მოხდა, იცით? ნელ-ნელა რომ წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები ისეთები ხდება, რამაც შეიძლება მამაჩემი დაანგრიოს, იმიტომ, რომ აფრენდა ჩემზე და მისთვის ჩემზე ნერვიულობა რაღაცნაირად ძალიან მძიმე იყო, ამიტომ ძირითადად არაფერს არ ვუყვებოდი და მისთვის ვცხოვრობდი ძალიან ლამაზ, მოგონილ სამყაროში, რაც იქნებოდა მისთვის დამაკმაყოფილებელი, რომ ის ყოფილიყო ბედნიერი.... ქმარს რომ გავშორდი, არ ვუთხარი. არ ვუთხარი იმიტომ კი არა, რომ ვუმალავდი — არაფერსაც არ ვუმალავდი. უბრალოდ მუდმივად ვცდილობდი, მას ნაკლებად ენერვიულა ჩემზე. სხვა რამეზე ენერვიულა რამდენიც უნდოდა.
და რომ გავშორდი, სადღაც 15 წლის მერე თუ 10 წლის მერე, სამარშრუტო ტაქსიში გაიგო. ჩემზე ჭორაობდნენ და ისტერიკით დამირეკა. ასე შუბლში ირტყამდა ხელებს — „როდის გაშორდი ქმარსო?!“