"ჯაჯო თავიდან ბოლომდე შუაში იყო, მაგრამ ჯაჯო არ იყო ჩემი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება... გადავამეტე ნამდვილად და ვინერვიულე. იმდენი ბოდიში მე არავისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მომიხდია" - ნანიკო ხაზარაძე - მშობლები

"ჯაჯო თავიდან ბოლომდე შუაში იყო, მაგრამ ჯაჯო არ იყო ჩემი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება... გადავამეტე ნამდვილად და ვინერვიულე. იმდენი ბოდიში მე არავისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მომიხდია" - ნანიკო ხაზარაძე

2026-06-27 13:06:03+04:00

პოდკასტში "ჩვენ" გვესტუმრა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ისაუბრა 37-წლიან სატელევიზიო კარიერაზე, ოჯახზე და იმ ცხოვრებაზე, რომელიც ტელევიზიის მიღმა იწყება.

იმედიდან წამოსვლა

- 37 წელი სტაჟი მაქვს ტელევიზიაში... დედაჩემმა პირველი რაც მითხრა ამ გადაწყვეტილების შემდეგ: „უიმე, გაზრდილხარ და შეცვლილხარო“. კარგია, 53 წლის ასაკში დედა რომ შეგაქებს – გაზრდილხარო.ტელევიზიიდან წამოსვლა იმ წუთას არ გადამიწყვეტია. როცა წამოვედი, ეს იყო ცოტა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ავწონ-დავწონე. ვიფიქრე, არ ვიჩხუბე... პირველად მოხდა ასე, რომ გააზრებულად, მშვიდად მივიყვანე ბოლომდე, რაც ჩემი საქციელი არ არის. მე ვარ ძალიან სპონტანური ადამიანი, ემოციური და აი, უცებ შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება და ყველაფერი გადავატრიალო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემში რაღაცები შეიცვალა...

ძალიან კარგია ცხოვრება ტელევიზიის გარეშე. ტელევიზიას კი არ ვაკნინებ თავისი არსით და, ვთქვათ, რეჟიმით, უბრალოდ ჩემთვის ძალიან ახალია. აღარ ვფიქრობ... როგორ გითხრათ... სულ ხალხს ვუყურებდი, როგორც პოტენციურ სტუმარს. ყველა თემას ვუყურებდი და განვიხილავდი, როგორც პოტენციურ თემას. როგორ მოვდუნდი, იცი? თურმე რა კარგი ყოფილა ეს მოდუნება. დილას რომ ვდგები, მიყვარს, ასე შემიძლია ვიჯდე დილას მთელი სამი საათი და არაფერი არ ვაკეთო. ეს ყოფილა ძალიან დიდი ფუფუნება.

შიში არ მქონდა. ქმარს გავშორდი, 50 წლის რომ ვიყავი და მაშინაც ასე ვფიქრობდი: „რა დროს ახლა შენი გაშორებაა, ნანიკო? ახლა შენ ან მარტო მოგიწევს მთელი ცხოვრება ყოფნა და მზად ხარ ამისთვის?“ იმიტომ, რომ ძალიან დიდი შანსია, თეორიულად, რომ მე ცხოვრებაში არავინ აღარ მყავდეს. ანუ, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია.როცა ქმარი უკვე გყავს, შესაძლებელია იქ თვალი რაღაცაზე დახუჭო, იმიტომ, რომ გეყოლება ბოლომდე. არა. მე თუ დისკომფორტი მაქვს, მირჩევნია, რომ გადავდგა ნაბიჯი, და ეს ნაბიჯი უფსკრულს უდრიდეს, ვიდრე შევეგუო რაღაც კონკრეტულ მოცემულობას და მასში ვიხარშებოდე. ეგ ჩემი არ არის. ასე რომ, არ შემეშინდა.

ჯაჯო თავიდან ბოლომდე შუაში იყო, ასე ვიტყვი, მაგრამ ჯაჯო არ იყო ჩემი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება. ყველაფერი მთავრდება რაღაც დროს. ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე, განსაკუთრებით „იმედში“ – 18 წელი ვიყავი „იმედში“. დავიღალე. აღარ ვვითარდებოდი, აღარ ვიზრდებოდი, არაფერ ახალს აღარ ვაკეთებდი. ერთ წრეზე ვტრიალებდი და რაღაცნაირად მინდა, რომ ახალი ჟანგბადი შევისუნთქო და რამე ახალი ვაკეთო ცხოვრებაში.

იმ ცნობილი ეთერის მერე კიდევ ორი კვირა ვიჯექი ეთერში და ჩვეულებრივად ვაგრძელებდი მუშაობას. უბრალოდ, ეს იყო ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც მე დამემართა ჯაჯოსთან.ჯაჯოს და ჩემი ურთიერთობა ყოველთვის ასეთი იყო. სულ ვიცინი მასზე. ოღონდ ვიცინი და არა დავცინი. დიდი განსხვავებაა. გადავამეტე ნამდვილად და ვინერვიულე. იმდენი ბოდიში მე არავისთვის ჩემს ცხოვრებაში არ მომიხდია. ვერ გავიხსენებ ვერავის. გული მიტკენინებია, ალბათ, ბევრისთვის... არა, ვიტყუები, ბევრისთვის არა. ამდენი ბოდიში კი ჩემს ცხოვრებაში არასდროს პირიდან არ ამომსვლია.

ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ წამოსვლამ. ყველამ დააკავშირა ეს იმ ინციდენტთან. ვიღაცისთვის ვარ მოძალადე, ბულერი, უზრდელი, თავხედი, და მეორე ნახევრისთვის – ძალიან გულიანი, ლაღი, საყვარელი და კარგი გოგო. ასე რომ, რა ვიცი... ბოროტი და ბულერი არა ვარ... უფრო კარგი ვარ, ვიდრე ბოროტი და ბულერი.

...„იმედში“ 18 წელი მაქვს გატარებული. ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო იქ რომ მივედი. ძიძა არ მყავდა და სულ ერთად ვიყავით. ჩემი შვილიც კი „იმედში“ გაიზარდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისეთ განათლებას, რაც მე პირდაპირმა ეთერმა მომცა, ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ მომცემდა. გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, მეგობრები შევიძინე. დაახლოებით სახლის ტოლფასი იყო ჩემთვის „იმედი“, იმიტომ რომ 18 წელი, წარმოიდგინე... სახლზე უფრო მეტი დრო იქ მაქვს გატარებული.

შვილი

ჩემი შვილი ყოველთვის ჩემთან არის. რაც არ უნდა გავაკეთო, რაც არ უნდა ვთქვა, როგორი დღეც არ უნდა მქონდეს, მოკლედ, ჩემი შვილი ჩემი მეგობარია და ყოველთვის მზად არის, რომ მხარი დამიჭიროს ნებისმიერ ჩემს წამოწყებაში.ახლა, რომ აღარ მაქვს ხელფასი, იმიტომ რომ აღარ ვმუშაობ, მეუბნება: „არ ინერვიულო, ახლა მე ვიმუშავებ და მე გარჩენ“. მართლა მუშაობს დღე და ღამე.

naniko.jpgnaniko.jpg

...ლილუს გარდატეხის ასაკი მე და ჩემმა შვილმა პარალელურად ორივემ ძალიან მძიმედ გავიარეთ. ცხადია, პირველ რიგში ეს მძიმე იყო მისთვის და მერე ჩემთვის, როგორც მშობლისთვის. მაგრამ გავიარეთ, გავედით სამშვიდობოს და დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.გამიჭირდა, მართალი რომ გითხრა, იმიტომ რომ ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც არ იცი, როგორ მოიქცე. ის იცი, რომ არ უნდა აჰყვე ინსტინქტს, არ უნდა შეგიპყროს შიშმა, არ უნდა შეგრცხვეს კითხვების დასმის. არსებობს ისეთი დღეები, როდესაც მარტო რაღაცებს ვერ წყვეტ და ამ დროს გვერდზე არავინ გყავს, რომ ჰკითხო.მოკლედ, რთულად გავიარეთ ეს პერიოდი, თუმცა მაინც მგონია, რომ მეტ-ნაკლებად სწორად გავიარეთ, იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ჩემი შვილი კარგი ადამიანია — პატიოსანი, კეთილშობილი. ცოტა მეცოდება, იცი რატომ? ძალიან კეთილია და ამის გამო მეცოდება. ისე კი ძალიან კარგი შვილი მყავს, რომელმაც ძალიან რთული გარდატეხის ასაკი გაიარა.

დღეს მეგობრები ვართ...

...31 წლის ვიყავი, როცა ლილუ გაჩნდა. დედაჩემმა წერილი დამახვედრა. იცოდა, რომ ლაპარაკი არ მიყვარს — საშინლად მძულს ლაპარაკი. არასდროს არაფერზე არ ვლაპარაკობ. იცოდა, სიტყვებს აზრი არ ექნებოდა და ამიტომ დილას, საწოლთან, ასეთი დიდი წერილი დამახვედრა.მწერდა: „ვიცი, რომ მარტოობა გირჩევნია. ვიცი, რომ ვერ წყვეტ, ვერ დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ ძალიან გთხოვ, ჩემი ხათრით, უბრალოდ წადი, იცხოვრე მასთან ერთად და თუ მერე მოგინდება, წამოდი. როცა დრო გავა, სანანებელი აღარ გექნება.“

naniko-1-1707818723.jpg

მე მგონი, დედამ ძალიან სწორი რჩევა მომცა. ჩავალაგე ჩანთები და მაშინვე წავედი. ლილუც მალე გაჩნდა.

შვიდი წელი ერთად ვიყავით...ძალიან კარგი წყვილი ვიყავით.

ოცნება შვილებზე

ზუსტად ოთხი შვილი მინდოდა მყოლოდა. სამი აბორტი მაქვს გაკეთებული და ერთი შვილი მყავს. ანუ ზუსტად იმდენჯერ ვიყავი ორსულად, რამდენი შვილიც მინდოდა მყოლოდა. მგონია, რომ ჩემს ბედში ასე ეწერა...ყველაფერი თითქოს ყოველთვის ისე მიდიოდა, რომ ორსულად ვიყავი, უნდა გამეჩინა, მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდებოდა.

ძალიან დამაზიანა მეორე ორსულობის დროს მომხდარმა შემთხვევამ. მგონია, რომ ჩემი ცხოვრება შეიძლება ორად გაიყოს — იმ საავადმყოფოში მისვლამდე და მისვლის შემდეგ. იმიტომ, რომ ვიდრე იქ მივიდოდი, სულ სხვა ცხოვრება მქონდა. მყავდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, ვისგანაც ორსულად ვიყავი. იმ წუთას აქ არ იყო, მაგრამ ძალიან დიდი გეგმები გვქონდა...

ამ თემაზე, თუ როგორ დაკარგა ბავშვი მეორე ფეხმძიმობიდან და როგორ შეცვალა ამან სამუდამოდ მისი ცხოვრების გზა, ნანიკომ "სიცრუის დეტექტორშიც" ისაუბრა. ამ ტრაგედიას ის ძალიან ცნობილი ექიმის შეცდომას მიაწერს და მიუხედავად იმისა, რომ ამ საწუხარო შემთხვევიდან თითქმის 15 წელი გავიდა, ტელეწამყვანმა საუბრისას ცრემლები მაინც ვერ შეიკავა:

„მთელი ცხოვრება მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. სულ წარმოვიდგენდი, როგორ დავალაგებდი სახლს, შემდეგ შემოვარდებოდა ოთხი ბავშვი და გადაუვლიდა ყველაფერს. ასე წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. დავორსულდი მეორედ. ამ ამბით ძალიან გახარებულმა სამსახურში წასვლის წინ ექოსკოპიაზე შევირბინე. მივედი ძალიან ცნობილ ინსტიტუტში, ძალიან ცნობილ ექიმთან... დამადო აპარატი და ცოტა ხანში ატყდა ქაოსი, სასწრაფო საოპერაციო ხარ, თორემ მოკვდებიო. აქედან რომ ადგე, სანამ მანქანამდე მიხვალ სისხლისგან დაიცლები და მოკვდებიო... გამიკეთეს ოპერაცია, ნარკოზის შემდეგ ეს ექიმი მეუბნება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს, შენ არაფერი გჭირსო. ორმოცი წუთი გათვალიერეთ და ვერ ვიპოვეთ ნაყოფიო... ანუ სულ ტყუილად გამიკეთეს ორსულ ქალს ოპერაცია. ის ადამიანი დღესაც ძალიან ცნობილი ექიმია. მე მას ამდენი წელია შევუნახე ნამუსი, არ ვასახელებ. იმედი მაქვს ძალიან წუხდება იმის გამო, რაც გამიკეთა. დღეს აღარ მყავს ის პარტნიორი, ვისგანაც შვილს ველოდებოდი, გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, მე ცალკე დავიძაბე, შვილიც ვერ გავაჩინე... ამის შემდეგ კიდევ დავორსულდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ისე ვიყავი დასტრესილი, ნაყოფმა შეწყვიტა განვითარება. უკვე დიდი ორსული ვიყავი, როცა აღმოაჩინეს, რომ ბავშვი მკვდარი იყო. ამის მერე შვილი ვეღარ გავაჩინე“...

მამა

ყველაზე მეტად მამაჩემის პანსიონატში წაყვანა გამიჭირდა. მეტი არაფერი. მერე, როცა მშვიდი ძილი დავიბრუნე და სულ პანიკაში აღარ ვიყავი ტელეფონთან, დავმშვიდდი...

თავიდან ძალიან რთული იყო. პანსიონატებთან დაკავშირებით ისეთი მძიმე სტერეოტიპები არსებობს, რომ ადამიანებს ეს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ესმით.

naniko-1714228776.jpg

განცხადება რომ გავაკეთე, მირეკავდნენ დღეში 70-ჯერ, ნათესავები, განსაკუთრებით. ზოგს აინტერესებდა, მამაჩემის ბინას რას ვუპირებდი, ზოგს — ავეჯს. მართლა ვერ ვხვდები, რატომ აინტერესებდათ ჩემი პირადი ქონება. მეტი მემკვიდრეც არ ჰყავს მამაჩემს. არც არაფერი ისეთი გვქონია — ჩვეულებრივი, საშუალო სტატისტიკური ადამიანები ვიყავით, თითო ბინით. მაგრამ ისეთი ამბავი ატეხეს, გეგონებოდა უზარმაზარი ქონების მფლობელები ვიყავით.

ამიტომ ჩუმად წავიყვანე მამაჩემი. არც იმ სახლის მისამართი მითქვამს, რადგან ვიცოდი, მიაკითხავდნენ და უაზრო აჟიოტაჟს ატეხდნენ.

რეალურად მამა არასდროს ხმას არ უწევდა, მაგრამ ამ დიაგნოზმა რაღაც მომენტში აგრესიულიც გახადა. ეს დაავადებას ახლავს...წარმოიდგინე, ყოველდღე რომ იღვიძებდე და სამყაროს თავიდან ეცნობოდე. ადამიანებს თავიდან იცნობდე. არასდროს იცოდე, სად ხარ. სულ გეშინოდეს. ამ დროს ვიღაცა გეჩხუბება და გეუბნება, რომ არ ხარ მართალი — ბუნებრივია, აგრესიული ხდები.

მე სულ ვეუბნებოდი: „მამა, მე ვარ შენი შვილი. ახლა ზაფხულია, ზამთარი არ არის.“ და ეს უფრო აღიზიანებდა.აგრესიულობა ამ დაავადებას თან ახლავს. მე ახლა ძალიან მარტივად მოგიყევი, მაგრამ ასეა...ვინც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს უვლის, ალბათ ყველა ჩხუბობს. რაც არ უნდა მზად იყო თეორიულად, მაინც შენი მამაა. ვერ წარმოგიდგენია, რომ ვერ გცნობს. იწყებ ახსნას: „მამა, როგორ ვერ მიხვდი, მე ვინ ვარ?“ის კი გიყურებს და გეუბნება: „სახლის წართმევა გინდა?..“

ამ თემაზე ვრცლად ნანიკომ "სთორიში" ისაუბრა:

მამაჩემის გარდაცვალებიდან ორმოციც არ გასულა... ისე მოხდა, რომ ემოციურად ამ ამბავს ჯერ ვერ დავეწიე. ხანდახან, უცებ დღის განმავლობაში გამახსენდება ხოლმე... ჩემი ფიქრები, აზრები ისეა დალაგებული, როგორც მის გარდაცვალებამდე. უცებ გამახსენდება ხოლმე, რომ აღარ არის და ყოველ ჯერზე სტრესში ვარ. არ ვიცი, რატომ ვერ დავძლიე ეს ემოცია, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანმა 5 ეტაპი უნდა გაიაროს. ალბათ, მე პირველში ვარ გაჩხერილი. ყველა ექიმი, ექთანი, რომლებიც ბოლო დრომდე მასთან კონტაქტობდა, ერთხმად აღიარებდა, რომ მამაჩემი ყველასგან განსხვავებული პაციენტი იყო. მედიცინა ამ ფაქტებს თავად უარყოფს. გამორიცხულია, რომ ადამიანი, რომელსაც ეს დაავადება აქვს, ასე ზედმიწევნით აკეთებდეს რაღაცებს სიცოცხლის ბოლომდე. მამაჩემის, რომელსაც დემენცია ჰქონდა, ფსიქიატრებისა და ნევროლოგების შეხვედრებს ხსნიდა. ჩემთვისაც დაუჯერებელია, ამას როგორ აკეთებდა. მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ მას ბოლომდე შენარჩუნებული ჰქონდა ყველა ის უნარი, რომლებითაც ყველა აღფრთოვანებული იყო. ფეხზე დგებოდა ბოლომდე ქალის დანახვისას. ბოლომდე ხელზე კოცნიდა ქალს... ქალი მისთვის სხვა საფეხურზე მდგომი არსება, ღვთაება იყო. მეც მისთვის ღვთაება ვიყავი. მიუხედავად ამდენი წინაღობისა, ეს ყველაფერი მან მაინც შეინარჩუნა. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საერთოდ არ იცოდა, ვინ ვიყავი. მაგრამ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სიკვდილამდე ბოლო დღეები და ბოლო კვირები ის გონებაზე იყო... ვიდრე გარდაიცვლებოდა, 2 დღით ადრე ვიყავი, წინა დღეს ვერ მოვახერხე მისვლა. არ ლაპარაკობდა. ხმამაღლა ვეკითხებოდი, "ვინ ვარ, მითხარი... როდის მოვიდე?" ამომხედა, მითხრა, ნანა, 2 დღეშიო. 2 დღეში გარდაიცვალა... ისე მითხრა ნანა, რომ დარწმუნებული ვარ, იცოდა, ვინ ვიყავი და ზუსტად დამისახელა ის ორი დღე, რის შემდეგადაც ის გარდაიცვლებოდა. ასეც მოხდა...

ვიდრე ეს დაავადება დაუდასტურდებოდა, იქამდე ლექციებს 2 ენაზე ატარებდა. მე მასთან ერთად არ ვცხოვრობდი და შეიძლება, ბევრი რაღაც გამომრჩა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ სულ მთლად უცებ დაიწყო. ჩემთვის რამდენიმე საყურადღებო ეპიზოდი იყო. დილით 6 საათზე გაოგნებულმა დამირეკა, რომ წინა დღით საოცარი რამ დამემართა. მითხრა, 11 საათზე რომ გავედი ინსტიტუტში, ბნელოდაო. ვერ ავხსენი, დილის 11 საათზე სიბნელე რატომ უნდა ყოფილიყო. მერე მივხვდი, რომ ღამის 11 საათზე ეგონა, რომ უნდა გასულიყო. გააჩერა ტაქსი და წავიდა... რომ მიხვდა, რომ უნივერსიტეტი დაკეტილი იყო, ძალიან გაოგნებული დაბრუნდა სახლში. მთელი ღამე ამაზე შფოთავდა. ეს, ალბათ, პირველი ნიშანი იყო. ვთხოვე, რომ სწავლებისთვის თავი დაენებებინა, ასაკიც ხელს უწყობდა, დაესვენა და ისე ეცხოვრა, როგორც ენდომებოდა. თუმცა, უარს ამბობდა. ჩემ გარეშე რას შვრებოდა და როგორ იყო, ბევრი რამ არ ვიცი...

ერთხელ ჩხუბითა და ღრიალით დამირეკა. ეს მას არასდროს ახასიათებდა. მიყვიროდა: "ლილუ რატომ დამიტოვე და მერე რატომ წაიყვანე ისე, რომ არ გამაფრთხილე?" ვუთხარი, რომ ლილუ იმ დღეს მასთან საერთოდ არ ყოფილა... საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოტოს ესაუბრებოდა. ფოტო ჩააწვინა ლოგინში... მანდ უკვე მივხვდი, რომ მორჩა...

მე პირადად ვიცი, რომ მამაჩემს კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი ვაჩუქე. ყველაფერი ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პანსიონატმა მამაჩემს მისცა ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა. რითიც მისი ხასიათი მუდმივად გადასარევი იყო, ბოლომდე ძალიან კარგად ჭამდა, აღარსად გარბოდა, შფოთვა ნაკლები ჰქონდა. ის ადამიანები, ვინც მასთან 24 საათის განმავლობაში იყვნენ, მისმა ტვინმა დაიმახსოვრა. კარგი ემოცია კი სიცოცხლის გახანგრძლივების უებარი საშუალებაა. თუმცა, იმის გამო, რომ მამა პანსიონატში ცხოვრობდა, ყოველდღიურ კრიტიკას ვიღებდი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ეტაპი მარტივად გავიარე. მაგრამ, როდესაც შენს სიმართლესა და კონკრეტული ქმედების სარგებლიანობაში დარწმუნებული ხარ და ზუსტად იცი, რომ მამასთვის ეს საუკეთესო რამ არის, რაც შეგიძლია, გაუკეთო, ამ დროს მეტ-ნაკლებად მაგარი ხარ".

დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა... გთხოვთ, არ დამირეკოთ და ნუ მომწერთ... - ნანიკო ხაზარაძე
შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო... - რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის იმედიდან წასვლაზე?
ვიცი, რომ მამაჩემს კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი ვაჩუქე... ყველაფერი ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა - ნანიკო ხაზარაძე მამის გარდაცვალებაზე
მე და ლევან პირველი... ეს ფოტო და ქორწილი ფბ-მ გამახსენა... - ნანიკო ხაზარაძე ყოფილ ქმართან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოს აქვეყნებს