"რაც არ უნდა ცუდი სიტყვები გითხრათ მოზარდმა გარდატეხის ასაკში, არ მიიღოთ საკუთარ თავზე... გაუვლის, ეს არ არის თქვენკენ მომართული, ეს მისი შინაგანი მდგომარეობის გამოსვლაა" - ფსიქოლოგი მოზარდების შფოთვებსა და პრობლემებზე - მშობლები

"რაც არ უნდა ცუდი სიტყვები გითხრათ მოზარდმა გარდატეხის ასაკში, არ მიიღოთ საკუთარ თავზე... გაუვლის, ეს არ არის თქვენკენ მომართული, ეს მისი შინაგანი მდგომარეობის გამოსვლაა" - ფსიქოლოგი მოზარდების შფოთვებსა და პრობლემებზე

2026-10-03 13:24:45+04:00

ნინო გოგიჩაძე - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, "დილის ლაივში" საუბრობს მოზარდების პრობლემებსა და თვითშეფასებაზე:

როცა ბავშვი უცებ უარს აცხადებს ფოტოების გადაღებაზე

- იმასთან დაკავშირებით, რომ ფოტოს არ იღებს გარდატეხის ასაკში, ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ მიზეზია პროტესტი საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით. უბრალოდ, გარდატეხის ასაკში იმდენი ცვლილება მიმდინარეობს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რატომ არ გადაიღო სურათი, როგორი რეაქცია მივეცით ამ სურათის გადაღებაზე, რას ფიქრობს, რომ ვინ ნახავს ამ სურათს? მანამდე გადაღებულ სურათზე ვიღაცას რა რეაქცია ჰქონდა — ძალიან ბევრი კომპონენტია...

ზუსტად ამის ახსნა მინდა. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, სხეული, ჩვენი ფსიქიკა არის თვითმფრინავი და ჩვენ ამ თვითმფრინავს ვმართავთ. და წარმოვიდგინოთ ტურბულენტობა, რომელიც ფრენისთვის არის დამახასიათებელი.

სულ გვერდით უნდა ვიყოთ...

აი, ბავშვობაში მოვდივართ რაღაცნაირად, ჩვენი დისპლეი გვაქვს, ვხედავთ, რაღაცები ანათებს, შეგვიძლია რაღაცნაირად გადავადგილდეთ ამ თვითმფრინავის დახმარებით.წარმოვიდგინოთ, რომ მშობლები ხანდახან ამ თვითმფრინავის სტაბილურობას იმის ხარჯზე უზრუნველყოფენ, რომ უჭირავთ ეს თვითმფრინავი და იქ მიჰყავთ, სადაც თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ. მაგრამ გარდატეხის ასაკში მას აღარ უნდა, რომ თვითმფრინავი დაუჭირონ. იმიტომ, რომ ჩვენც, როგორც მშობლებმა, არ ვიცით, რა მიმართულება იქნება მისთვის შესაფერისი, რომ წავიყვანოთ.

ახლა ნახეთ: აღარც გვაკიდებინებენ ხელს, მაგრამ თვითონაც ვერ მართავენ. ახლა რა ხდება აქ?

როცა ვლაპარაკობთ თვითშეფასებაზე, რატომ მომყავს თვითმფრინავის მაგალითი — ნებისმიერი ქმედების დროს ჩვენს ტვინს აქვს უკუკავშირი. ანუ ჩვენი დისპლეი გვეუბნება: „შენ ეს სწორად თქვი“, „შენ ეს კარგად გამოგივიდა“ და „უი, შენ ეს შეგეშალა“. ანუ მომენტალურ უკუკავშირს გვაძლევს.და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ვიცოდეთ, ეფექტიანია ეს ჩვენი ქმედება? მივდივარ იქ, სადაც მე მინდა?

და გარდატეხის ასაკის დროს ეს ტურბულენტობა ზუსტად არის ეს ხმები, რომლებიც გვეუბნება, რომ: „იცი რა? არ გამოგივა“, „არ ხარ სიმპათიური“, „ის შენზე ლამაზია“, „აი, ის არ გამოგივა“. ეს შეიძლება იყოს ნეგატიური ხმები... ამ ტურბულენტურ ზონაში ხარ და ვეღარ მოგყვება ეს შენი თვითმფრინავი.და ვიცით ფიზიოლოგიურად, ნეიროფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც თავის ტვინში მიმდინარეობს. ტვინში სულ მიმდინარეობს ასეთი პროცესი — გასხვლის. ანუ ის კავშირები, რომლებიც აღარ არის საჭირო, ჩაიჭრება. და უკვე ამ დისპლეიზეც აღარ ვიცი, რომელი ღილაკი წამომყვება, რომელი ღილაკი არ წამომყვება. წამომყვება ის ღილაკები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ, მაგრამ როცა მოსახვევი შეიცვლება, იქ ისეთი ღილაკი შეიძლება იყოს, რომელზეც არ დამიჭერია და იქ უკვე აღარ ვიცი, როგორ შევიდე...

ახლა რომ ვიფიქროთ თვითშეფასებაზე — თავისთავად, როგორც ასეთი, კონცეფცია ფსიქოლოგიაში არის მყარი წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ. ვიზუალურობის მხარდაჭერასთან ბრძოლა, თავდაჯერებულობა — ზოგადად, გარეგნობა არის ერთგვარი სარკე იმ ემოციური მდგომარეობისა, რომელსაც თინეიჯერი განიცდის, ხომ? ვიღაც ზედმიწევნით ორიენტირებულია, რომ რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს — ყველა ღერი დაწყობილი, ყველა ნაკეცი გაუთოებული. ვიღაცას საერთოდ არ აინტერესებს. ჩვენ, როგორც მშობლებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც გვინდა, რომ ამ ადამიანებმა ეს ტურბულენტობა რაც შეიძლება ნაკლები ზარალით გაიარონ, ან, პირიქით, ისე გაიარონ, რომ ბევრი რამ ისწავლონ და რაღაც ინსტრუმენტები თავისი სხეულის, ემოციების, ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვისთვის აკრიფონ ამ პროცესში, გვჭირდება, რომ იქ ვიყოთ. სულ გვერდით ვიყოთ, უნდა ვეიმედებოდეთ. როდესაც თვითონ ვეღარ მართავს, ჩვენ ხანდახან მათი ავტოპილოტები ვართ. და ხანდახან ეს არ მოსწონთ, მაგრამ ჩვენ მაინც მათი ავტოპილოტები ვართ, რომლებიც ვეხმარებით, რომ ამ თვითმფრინავმა ის გზა გაიაროს. და მათ შეიძლება არც აღიარონ, რომ ეს გზა ჩვენ გავატარეთ, მაგრამ არც გვინდა. აქ მნიშვნელოვანი არ არის, რომ ჩვენ რაღაც ქულები ჩავიწეროთ, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში.და ხანდახან ვეუბნებით ხოლმე, რომ რაც არ უნდა ცუდი სიტყვები გითხრას გარდატეხის ასაკში, არ მიიღოთ საკუთარ თავზე. იმიტომ, რომ გვწყინს მშობლებს, რომ გვეუბნებიან... გაუვლის. ეს არ არის თქვენს მიმართ მიმართული. ეს მისი შინაგანი მდგომარეობის გამოსვლაა. ზოგჯერ შფოთია, ზოგჯერ ბრაზია, ზოგჯერ ნეგატიური წარმოდგენა, უკმაყოფილებაა რაღაცებით, რაღაცები უნდა...

გამოსავალი

შეხების წერტილი არის ძალისხმევაში, რომ ჩვენ ვართ იქ და ჩვენ ვასწავლით ბავშვობიდან, რომ გვითხრას, სად ვჭირდებით.და მაშინაც კი, როცა ის ფიქრობს, რომ ჩვენ არ ვჭირდებით, ჩვენ ვართ იქ, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ვჭირდებით. ხომ იცი, რომ მე შენს მხარეს ვარ? შეიძლება ასეთი დიალოგები არ გვქონდეს, მაგრამ — რაში გჭირდები? რა გაგიკეთო? მე როგორ მოგეხმარო? მე რას დამავალებ? ახლა რომ სამეცადინო გვაქვს, მე ვერ ვიმეცადინებ იმის მაგივრად, მე ვერ ვისწავლი. მე რა შემიძლია, რომ გავაკეთო? მე რომ მოვალ, მომიყევი, რა გააკეთ...

შეიძლება ეს ძალიანაც უხილავი იყოს და, პირიქით, ვაჩვენოთ... ერთადერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა გავუშვათ, არის ის, რომ: „შენ ჩემთვის საინტერესო ხარ“.და აი, ამაზე თვითშეფასება დგას — რომ მე მისთვის სისტემატურად საინტერესო ვარ. მარტო დავალების დროს კი არ ვახსენდები. მე მომყვება ეს ადამიანი, ჩემი გზა აინტერესებს, ჩემი გადაწყვეტილებები აინტერესებს, ჩემი შეცდომები აინტერესებს, ჩემი წარმატებები აინტერესებს.

და არც მიბუქებს, რომ: „აი, შენ რა მაგარი ხარ“, „აი, შენ ყველაფერი გამოგდის“, „აი, შენ როგორი არაჩვეულებრივი ხარ“, „შენ რა სიმპათიური ხარ“. ჩემზე ლამაზებიც არიან, ჩემზე მოხერხებულებიც არიან, ჩემზე ჭკვიანებიც არიან. უბრალოდ, მე რა გამომდის, იმის დანახვაში მეხმარება მშობელი.

„როგორ კარგად მომიყევი ახლა ეს დღევანდელი დღე“, „როგორი საინტერესო იყო“... ან შეიძლება საერთოდ ასეთი შეფასებითი სიტყვები არ ვთქვათ, იმიტომ, რომ გარდატეხის ასაკში შეფასებაზე ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ. რაც არ უნდა კარგი იყოს, გვგონია, რომ ყალბია. იმიტომ, რომ ესეც გვერთვება — აი, ახლა მე ყალბად მექცევიან თუ, პირიქით, გულწრფელად მექცევიან?

მშობლებმაც, უნდა ვისწავლოთ — რატომ უნდა შევუქმნათ ისეთი მოლოდინი, რომ ყველაზე საუკეთესოა? ჩვენთვის შეიძლება ასეა. მაგის თქმა შეიძლება, რომ „ჩემთვის შენ საუკეთესო ხარ“. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან ჩვენი სათვალეები დაბურულია და ჩვენც გვჭირდება, რეალობის აღქმა ყოველთვის მნიშვნელოვანია...

თუ შევხედავთ ისევ ამ თვითმფრინავის თემას — სად უნდა დავეშვათ, სად უნდა გავფრინდეთ — ეს რეალობაა. ეს ხაზი არ უნდა დავკარგოთ. აი, თვითშეფასება არის, რომ რამდენიმე მეტრი მაშორებს მიწასთან, რამდენიმე მეტრი — ცასთან. როგორც დაბალი თვითშეფასება არის პრობლემა, ასევე მაღალი, არაადეკვატური თვითშეფასებაც შეიძლება გახდეს პრობლემა მათ ცხოვრებაში, როგორც იმ დროს, იმ წუთას, ასევე შემდგომ, უკვე ზრდასრულობის პერიოდში.

ჩვენი მაგალითი

გარდატეხის ასაკში აღარ ვართ მათი როლური მოდელები, ჩვენს იმიტაციას აღარ აკეთებენ, აღარ მოვწონვართ. გარდატეხის ასაკში გავლენის სფეროში შემოდიან უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები — მეგობრები ან ვიღაც კერპები, რომლებსაც ცდილობს, რომ მიბაძოს.

და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ კერპებზე — ვიღაც მუსიკოსია, ვიღაც მსახიობია, ვიღაც მწერალია — მნიშვნელოვანია, მაჯისცემაზე ხელი გვედოს: ის როგორია? რომ ამაზე დაველაპარაკოთ — როგორი ცხოვრება ჰქონდა იმას, შენ რომ მას ბაძავ? სად მიდიხარ?

და ძალიან ბუნებრივია, ჩვენ გავხდეთ ისეთები, როგორებიც გვინდა, რომ იყვნენ. ჩვენ უნდა დავრჩეთ კარგ როლურ მოდელებად მაქსიმალურად.

ამბობენ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი გარდატეხის ასაკია. მას ასეთი რთული პერიოდი არასოდეს აღარ ექნება, თუმცა კრიზისი ბევრია - მარინა კაჭარავა გარდატეხის ასაკის სირთულეებზე
როგორ უნდა მიხვდეთ, თუ მოზარდი ჩუმად მოიხმარს აკრძალულ ნივთიერებას - თავიდან ეს ნიშნები ძალიან ჰგავს გარდატეხის ასაკის პრობლემებს
თუ ბავშვს გარდატეხის ასაკში სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს და მეცადინეობა აღარ უნდა... - თამარ ედიბერიძე მოზარდების მშობლებს ურჩევს, რა შეიძლება, შვილების მოტივაციის ამაღლებისთვის გააკეთონ