ზოგჯერ მშობელი გაბრაზებისას ისეთ სიტყვებს ამბობს, რომელთა თქმაც სინამდვილეში არ სურს. ცოტა ხანში ბრაზი გადის, მშობელი ნათქვამს ნანობს და შესაძლოა თავად მალევე დაივიწყოს კიდეც. ბავშვს კი წლების შემდეგაც ახსოვდეს კონკრეტული ფრაზა, ტონი და ისიც კი, სად და რა ვითარებაში მოისმინა ეს სიტყვები. რატომ ხდება ასე?
ამის ახსნა ჩვენი ტვინის მეხსიერებისა და ემოციების სისტემების მუშაობაში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჰიპოკამპსა და ამიგდალას აქვს.
ჰიპოკამპი ახალი მოგონებების ჩამოყალიბებასა და მათ ხანგრძლივ მეხსიერებაში შენარჩუნებაში მონაწილეობს. ამიგდალა კი ემოციურად მნიშვნელოვან მოვლენებზე რეაგირებს და განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როდესაც ადამიანი შიშს, საფრთხეს ან ძლიერ ემოციურ სტრესს განიცდის.
სწორედ ამიტომ ძლიერი ემოციით დატვირთული მოვლენები ხშირად გაცილებით უკეთ გვამახსოვრდება, ვიდრე ყოველდღიური, ნეიტრალური შემთხვევები.
როდესაც ბავშვი მშობლის სიტყვების გამო ძლიერ შიშს, სირცხვილს, ტკივილს განიცდის, ორგანიზმში სტრესთან დაკავშირებული პროცესები აქტიურდება. მათ შორის იცვლება ნორადრენალინის მოქმედებაც, რაც ემოციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში მონაწილეობს.
ეს გარკვეულწილად თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმია. ადამიანის ტვინისთვის მნიშვნელოვანი იყო საშიში გამოცდილების დამახსოვრება, რათა მომავალში მსგავსი საფრთხე თავიდან აეცილებინა.
მაგრამ იგივე მექანიზმი შეიძლება მოქმედებდეს მშობლის მტკივნეული სიტყვების შემთხვევაშიც. მაგალითად, გაბრაზებისას ნათქვამი „არაფერში მჭირდები“, „შენგან არაფერი გამოვა“, „აღარ მიყვარხარ“ ან სხვა მსგავსი ფრაზა ბავშვისთვის მხოლოდ სიტყვები არ არის. თუ მას ძლიერი ემოცია ახლავს, მოგონებაც შეიძლება ძალიან მყარი და დაუვიწყარი გახდეს.
ამიტომ ის ფაქტი, რომ ბავშვი დიდი ხნის შემდეგაც იხსენებს მშობლის ნათქვამს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამას განზრახ აკეთებს ან მშობლის მანიპულირება სურს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მშობელმა გაბრაზების დროსაც მაქსიმალურად მოერიდოს ისეთი რამის თქმას, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობს. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ფრაზებთან, რომლებიც ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის აღარ უყვართ, არ სჭირდებათ ან მისი მიღება გარკვეულ პირობებზეა დამოკიდებული.
თუმცა შეცდომა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა მომხდარის უარყოფა, არამედ ბავშვთან კავშირის აღდგენაა.
შეიძლება უთხრათ: „არასწორად მოვიქეცი“, „ეს არ უნდა მეთქვა“, „მე შენ მიყვარხარ მაშინაც, როცა გაბრაზებული ვარ“.
ბოდიშის მოხდა ძველ მოგონებას ავტომატურად ვერ წაშლის, თუმცა ახალი, უსაფრთხო და პოზიტიური გამოცდილება ბავშვს ეხმარება მომხდარის სხვაგვარად გააზრებასა და ემოციურ გადამუშავებაში.
ასევე არ ღირს იმის თქმა: „კიდევ გახსოვს?“, „ამდენი ხნის შემდეგ ამას რატომ იხსენებ?“ ან „დაივიწყე უკვე“. ასეთი პასუხით ბავშვის განცდა არ ქრება. უკეთესია მშობელმა აღიაროს მომხდარი: „მახსოვს ეს შემთხვევა, ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გატკინე გული და ვცდილობ, ეს აღარ განმეორდეს“.
ოჯახში ყოველდღიურად შექმნილი უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. ჩახუტება, ერთად გატარებული დრო, ყურადღება, მხარდაჭერა, მშვიდი საუბარი და ბავშვისთვის იმის ჩვენება, რომ მშობლის სიყვარული მხოლოდ მის კარგ ქცევაზე არ არის დამოკიდებული, დადებითი ემოციური მოგონებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
ბავშვის მეხსიერება მშობლის მტერი არ არის. თუ მას წლების შემდეგაც ახსოვს ერთი მტკივნეული ფრაზა, ეს შესაძლოა სწორედ იმიტომ ხდებოდეს, რომ იმ მომენტში მისთვის ნათქვამს ძალიან დიდი ემოციური მნიშვნელობა ჰქონდა.
ამიტომ მთავარი მიზანი ის კი არაა ბავშვს ცუდი მოგონებების „დავიწყება" მოვთხოვოთ, არამედ ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომელშიც მტკივნეულ გამოცდილებაზე გაცილებით მეტი სითბო, უსაფრთხოება და სიყვარულით სავსე მოგონება დაგროვდება.