თუ თქვენი შემოსავალი 2500 ლარამდეა, ბანკიდან იმდენ ხანხას ვეღარ ისესხებთ, რამდენიც ახლა შეგიძლიათ: "ახალი წესის შედეგს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობს, როდესაც დიდი თანხა დასჭირდება" - მშობლები

თუ თქვენი შემოსავალი 2500 ლარამდეა, ბანკიდან იმდენ თანხას ვეღარ ისესხებთ, რამდენიც ახლა შეგიძლიათ: "ახალი წესის შედეგს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობს, როდესაც დიდი თანხა დასჭირდება"

2026-10-07 11:44:54+04:00

თუ თვეში 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავალი გაქვთ, მომავალი წლიდან ბანკიდან იმაზე ნაკლები თანხის სესხებას შეძლებთ, ვიდრე დღეს შეგიძლიათ.“. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც თავისი შემოსავლით დღეს დაახლოებით 36 000 ლარის სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია, ახალი წესის პირობებში დაახლოებით 18 000 ლარის აღებას შეძლებს.

ეს ნიშნავს, რომ სესხის აღება არ იკრძალება, მაგრამ ბევრ ადამიანს ბანკი აღარ მისცემს იმდენ თანხას, რომლითაც შედარებით დიდი ხარჯის დაფინანსებას შეძლებს. მაგალითად, თუ ფული გჭირდებათ სახლის რემონტისთვის, ავტომობილისთვის, სწავლისთვის, მკურნალობისთვის ან სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის, შესაძლოა ბანკის მიერ დამტკიცებული თანხა საკმარისი აღარ აღმოჩნდეს.

რატომ შეიცვალა წესები

მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებაა. მარეგულირებელი ცვლის წესს, რომლის მიხედვითაც ბანკები ითვლიან, რამდენი სესხის აღება შეუძლია ადამიანს თავისი ხელფასის გათვალისწინებით.

დღეს, თუ ადამიანს 2 000 ლარი აქვს შემოსავალი, გარკვეულ შემთხვევაში ბანკს შეუძლია ჩათვალოს, რომ ის თვეში მაქსიმუმ 1 000 ლარის გადახდას შეძლებს სესხის დასაფარად. სწორედ ამ 1 000 ლარის მიხედვით ითვლება, დაახლოებით რა მოცულობის სესხის აღება შეუძლია მას.

ახალი წესით ბანკი ვეღარ ჩათვლის, რომ 2 000-ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია თვეში 1 000 ლარი სესხებში გადაიხადოს. დასაშვები თანხა 500 ლარამდე შემცირდება.

შესაბამისად, თუ ბანკის გათვლით თვეში მხოლოდ 500 ლარის გადახდა შეგიძლიათ, ის გაცილებით ნაკლებ თანხას გასესხებთ.

სწორედ ეს არის ახალი რეგულაციის მთავარი არსი — 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანი ბანკიდან დიდი თანხის სესხებას ვეღარ შეძლებს.

ცვლილება ერთბაშად არ ამოქმედდება. 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი, უფრო მკაცრი წესი გავრცელდება 2 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე, ხოლო 2027 წლის 1-ლი სექტემბრიდან — უკვე 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონეებზე.

ვისაც 2 500 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, მათთვის არაფერი შეიცვლება

რამდენით შეიძლება შემცირდეს სესხი?

ავიღოთ მარტივი მაგალითი.

ადამიანს ხელფასი აქვს 2 000 ლარი და სურს სამომხმარებლო სესხის აღება 4 წლით. პირობითად, თუ სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-ია, დღეს მას დაახლოებით 35 900 ლარის სესხის აღება შეუძლია.

ახალი წესით შესაძლო სესხიც დაახლოებით 18 000 ლარამდე ჩამოდის.ანუ სხვაობა თითქმის 18 000 ლარია.

ეს მხოლოდ პირობითი მაგალითია — კონკრეტულად რამდენ თანხას გასცემს ბანკი, დამოკიდებული იქნება საპროცენტო განაკვეთზე, სესხის ვადაზე, ადამიანის სხვა ვალდებულებებზე, საკრედიტო ისტორიასა და ბანკის შეფასებაზე.

თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელია: რაც ნაკლები შემოსავალი გაქვთ, ახალი წესის პირობებში მით უფრო შეზღუდული იქნება იმ თანხის მოცულობა, რომლის სესხებაც ბანკიდან შეგიძლიათ.

ეხება თუ არა ახალი წესი იპოთეკურ სესხს?

ახალი წესი იპოთეკურ სესხებსაც ეხება. შესაბამისად, 1 500-დან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის შემცირდება არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ ბინის შესაძენად ხელმისაწვდომი სესხის მაქსიმალური მოცულობაც. მაგალითად, 2 000-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში ბანკი ყოველთვიურ შენატანად უკვე მაქსიმუმ 500 ლარს გაითვალისწინებს და სწორედ ამის მიხედვით გამოთვლის, რამდენის სესხება შეუძლია ადამიანს. უძრავი ქონების დღევანდელი ფასების გათვალისწინებით, ეს ბევრ მოქალაქეს ბინის შესაძენად საჭირო იპოთეკური თანხის მიღებას კიდევ უფრო გაურთულებს.

"რაში აწყობს ბანკს სესხების შემცირება?"

ეს კითხვა ბევრ მომხმარებელს უჩნდება. ბანკებისთვის ეს ცვლილება მართლაც არასასიამოვნოა - მათ ნაკლები მოცულობის სესხების გაცემა მოუწევთ და შემოსავალიც შეიძლება შეუმცირდეთ. გადაწყვეტილება თავად ბანკებს კი არა, ეროვნულ ბანკს ეკუთვნის

ეროვნული ბანკის მიზანი ისაა, რომ ადამიანებმა შემოსავალთან შედარებით ზედმეტად დიდი ვალი არ აიღონ. თუ მოქალაქეების დიდი ნაწილი ისეთ სესხებს აიღებს, რომელთა გადახდაც მოგვიანებით გაუჭირდება, გაიზრდება ვადაგადაცილებული სესხები და პრობლემა უკვე მხოლოდ ცალკეულ ოჯახებს კი არა, მთლიან ფინანსურ სისტემას შეეხება. ამიტომ ეროვნული ბანკი წინასწარ ზღუდავს სესხის მაქსიმალურ მოცულობას — მისი ლოგიკით, სჯობს ბანკებმა დღეს ნაკლები გაასესხონ, ვიდრე მომავალში ბევრ ადამიანს სესხის გადახდის პრობლემა შეექმნას.

საბოლოოდ, რას იგრძნობს მოქალაქე?

ახალი წესის შედეგს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობს, როდესაც დიდი თანხა დასჭირდება.

მცირე სესხის აღება შესაძლოა კვლავ უპრობლემოდ შეძლოს, მაგრამ თუ, მაგალითად, რამდენიმე ათასი ან რამდენიმე ათეული ათასი ლარი სჭირდება მნიშვნელოვანი ხარჯისთვის, ბანკიდან მიღებული თანხა შესაძლოა აღარ ეყოს.

განსაკუთრებით რთული იქნება დიდი სესხების აღება იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალიც 2 500 ლარს არ აღემატება. უძრავი ქონების დღევანდელი ფასების პირობებში ასეთი შემოსავლით იპოთეკური სესხის აღება ისედაც რთულია, ახალი შეზღუდვა კი ხელმისაწვდომ თანხას კიდევ უფრო შეამცირებს.

ამიტომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მთავარი შედეგი უბრალო ენით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 2027 წლიდან 2 500 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანს ბანკმა შეიძლება სესხი მისცეს, მაგრამ გაცილებით ნაკლები — იმდენად ნაკლები, რომ ეს თანხა დიდი საჭიროების დასაფინანსებლად აღარ ეყოს.

ვის დაუფინანსებს თბილისის მერია უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს და რამდენით - განცხადებების მიღება უკვე დაიწყო
ვის უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო და თბილისის მერია - პირობები და ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფები
ქონების გადასახადს 100 000 ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან - 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება